კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში - ქვეყანაში დემოკრატია დაღმასვლას განიცდის და სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ვნახეთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინა, მანამდე საქართველო ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე ჩემპიონი იყო.
„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს 2023 წლის დეკემბერში იმიტომ, რომ ის დააკმაყოფილებდა, შეასრულებდა პირობებს და ნაბიჯებს გადადგამდა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რაც ნოემბერში გაიცა. ეს იყო ისტორიული შესაძლებლობა, მაგრამ მაინც საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე საპირისპირო შედეგის მომტანი კანონი მიიღო, რასაც უარყოფითი შედეგები მოაქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. ერთ-ერთი კანონია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამან გამოიწვია მასობრივი პროტესტი და მოწოდება ევროპიდან, პარტნიორების მხრიდან, რათა გაეწვიათ ეს კანონი, რომელიც რეალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, გაიყინა ამ კანონის მიღების შემდეგ. ეს არის უარყოფითი ზეგავლენის მქონე მოვლენა, რადგანაც მანამდე საქართველო ნამდვილად ჩემპიონი იყო ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე. საარჩევნო კამპანიაში მმართველმა პარტიამ გამოიყენა ანტიდასავლური და მტრული რიტორიკა, რომელიც თავს ესხმოდა დემოკრატიულ პარტნიორებს საქართველოში. ისინი უფრო მხარს უჭერდნენ კონსპირაციულ თეორიებსა და რუსეთის მანიპულაციებს. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ თითქოს ისინი კვლავ აგრძელებენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით.
არჩევნებამდე ერთ წლით უფრო ნაკლები დროით ადრე, მიიღეს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რამაც შეცვალა „საარჩევნო კოდექსი“, გაუქმდა ქალთა კვოტირება საპარლამენტო სიებში და ასევე, შეიცვალა ცესკო-ს კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტების წესი.
ჩვენ გვესმოდა ძალადობის, დაშინების, სიძულვილის ენის შემთხვევების შესახებ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. მმართველმა პარტიამ სცადა, რომ სამართლებრივი გზებით აეკრძალა ოპოზიციური პარტიები. ქართველი ხალხის წინაშე იყო მმართველი გუნდის მხრიდან არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ეს იყო არჩევანი საქართველოს გეოპოლიტიკასა და მის მომავალთან დაკავშირებით. იყო ნიშნები იმის, რომ თითქოს ეცდებოდნენ არჩევნებით მანიპულირებას, ასევე იყო ინფორმაცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, რომ მიეღოთ მონაწილეობა კამპანიის ღონისძიებებში. ჩვენ სხვადასხვა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მოხდა დოკუმენტების კონფისკაცია. უნდა აღინიშნოს ახლად ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც კამპანიის განმავლობაში პოლიტიკური მიზნებისთვის იყო ინსტრუმენტალიზებული. ყველა ეს ძალისხმევა და ნაბიჯი ქმნის მთლიან სურათს, რომ ეს ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი და მთლიანი ორკესტრირებული სქემა არსებობდა“, - განაცხადა ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა.
მისივე თქმით, დაკვირვებისას ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობდა.
„ჩვენთვის გასაოცარი იყო, რომ დავინახეთ კამერები უბნებზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამჟამინდელი კანონმდებლობით. ჩვენმა, ევროპარლამენტარების გუნდმა, ასევე დაინახა და შეამჩნია დაძაბულობა და ქაოსი. ერთ შემთხვევაში, ბიულეტენების ჩაყრა მოხდა ყუთში. ასევე, იყო დარღვევები, გაიყვანეს დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები. გადახიეს დამკვირვებლების საჩივრები. ხდებოდა ამომრჩევლების დაშინება როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე მის გარეთ. ასევე იყო ზეწოლა მოქალაქე დამკვირვებლებზე და ხმის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას დემოკრატიის მიმართ, ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ, რომ საქართველოში დემოკრატია დაღმა სვლას განიცდის და სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ვნახეთ. იყო ასევე მტრული დამოკიდებულება, დაშინება და კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში.
მნიშვნელოვანია ის, რომ შეტყობინებები დარღვევების შესახებ იქნას გამოძიებული და სათანადო რეაგირება მოხდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განახორციელოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რაც გამოხატა მისიამ. გუშინ ქართველებმა მისცეს ხმა პარტიებსა და კოალიციებს და ეს არის ფუნდამენტური უფლება. მიუღებელია დემოკრატიისთვის, რომ აკრძალული იქნას ოპოზიციური პარტიები. განვაგრძობთ ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა.