მადლობა მინდა გადავუხადო ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს, რომლებმაც, უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძე ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და განმარტა ის გარემოებები, რომელთა დაკავშირებითაც ანგარიშში კრიტიკული შეფასება გამოქვეყნდა.
“მადლობა მინდა გადავუხადო ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს, რომლებმაც, უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული. რა თქმა უნდა, შენიშვნებიც ჰქონდათ, მაგრამ მათ, საბოლოო ჯამში, თქვეს, რომ ხელისუფლება, რომელიც აირჩა გუშინ და შემდეგ გააგრძელეს მასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებსა და მოლოდინებზე საუბარი, ანუ მათ აღიარეს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და თქვეს, რომ დიახ, ეს იყო კონკურენტული არჩევნები. მადლობა ამისთვის, რომ ამ უპრეცედენტო ზეწოლის (და შემთხვევით არ ვამბობ ამას) მიუხედავად, მათ ასეთი პოზიტიური განცხადებები გააკეთეს.
კი, ხშირად გამოიყენეს ფრაზები: “როგორც ამბობდნენ;” “როგორც ცნობები მოდიოდა” და ა.შ. ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც რამდენიმე ბიულეტენი ერთად გადასცა კომისიის წევრმა ამომრჩეველს და მტკიცებულებები უკვე წარმოდგენილია. ეს ერთადერთი შემთხვევა შეეხებოდა გახარიას პარტიის წარმომადგენელს, სამი ბიულეტენი - სამივეში ფოტო მასალა არსებობს, სამივეში მიცემული იყო ხმა, იყო გახარიას პარტია და მეორე შემთხვევაში, ე.წ. ჩაყრა, რომელზეც საჩივარი დაიწერა და ეკუთვნოდა “ლელოს” წარმომადგენელს. ეს იყო სულ, ანუ თუ კი რაიმე მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, ორი სამიდან არიან გახარიას და “ლელოს” წარმომადგენლები.
თქვენ იცით, რომ დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისანი. ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული “ნაციონალური მოძრაობის” ზონდერები. ახლა გაგვცეს პასუხი ხაბეიშვილმა, “ნაცმოძრაობამ", გვარამიამ, რას აკეთებდნენ ახმეტის მაცხოვრებლები, ზონდერგჯუფები ისნის საარჩევნო უბანზე. “ტვ პირველის” მიერ გადაღებულ კადრებში დავაიდენტიფიცირეთ არა ერთი ასეთი პირი, მათ შორის, იქ იყო ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი, მათ შორის, მარჯანიშვილის ქუჩის ბარებში მომუშავე დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ურტყამდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ უბნის მაცხოვრებელს და ამომრჩეველს, რომელ უბანზეც ისინი ამას ახორციელებდნენ. იყო თუ არა ეს დადგმული პროვოკაცია იმისთვის, რომ ეუთოს წარმომადგენლებსა და სხვა დამკვირვებლებს ამაზე ესაუბრათ.
რამდენიმე დეტალი, რაც გახმოვანდა დამკვირვებლების შენიშვნებში, სატელევიზიო რეკლამის შესახებ კანონზე მიუთითებდნენ ისინი. კანონის მიხედვით, იცით რამდენი იყო სატელევიზიო რეკლამა? 20% - ჩვენი, 80% იყო ოპოზიციის, რაღა უნდა ვქნათ, უნდა ავიკრძალოთ? სრული სპეკულაციაა ამაზე მითითება, გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ერთი სიტყვა არ თქმულა ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომ ოპოზიციური პარტიის ტელევიზიებმა ჩვენს მიერ მიწოდებული რეკლამის განთავსებაზე თქვეს უარი და შემდეგ რამდენიმე ტელევიზიამ სცადა, რომ დისბალანსი აღმოეფხვრა, მაგრამ ვერ მოახერხა. 5 საათზე მეტი დავალიანება დარჩათ ოპოზიციურ ტელევიზიებს ჩვენი.
მეორე - ვიდეო გადაღება აკრძალეთო - მათი მოთხოვნით გავაკეთეთ ეს წლების წინ და მათთვის ხელშეწყობით, რომ სახელმწიფოს ხარჯი შემცირებულიყო, ჩვენ პარტიული რესურსით გავაკეთეთ. ისინი ითხოვდნენ, ვიდეო გადაღება მომხდარიყო, რომ რაიმე მანიპულაციას არ ჰქონოდა ადგილი, ახლა პირიქით დაგვიტრიალეს წელს.
მესამე - იურიდიულ პირებს მიეცით შემოწირულებების გაკეთების საშუალებაო. თქვენ იცით, რომ ბოლო ცვლილებით, ფიზიკურ პირებს აქვთ მარტო შემოწირულებების გაკეთების საშუალება. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ბიზნესმენს, ყველა იმ პირს, რომელმაც შემოწირულება გააკეთა, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ, რომ ჩვენი რესურსი მართლაც ძალიან კარგი იყო და საიმისოდ აბსოლუტურად საკმარისი, რომ ჩვენ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია გვეწარმოებინა, ასევე დიდი მადლობა თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელიც ამ არჩევნებში იყო ჩართული.
ასევე მათი (პარტნიორების) მოწოდებით ჩვენ გავაუქმეთ შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა დააფინანსონ პარტიები, არ უნდათ? კიდევ ერთხელ გაიმეორონ და დავაბრუნებთ ამ ნორმას, ანუ ჩვენ ჩვენი ტოტი მოვიჭერით და ახლა გვეუბნებიან, რატომ გააუქმეთ, არ ჰქონდათ საშუალება კომპანიებს, რომ დაეფინანსებინათ პარტიებიო. კიდევ ერთხელ გაიმეორონ და მივცემთ კომპანიებს საშუალებას, რომ დააფინანსონ პარტიები.
კიდევ კარგი, რომ ძალა ეყოთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, რომ არ დაქვემდებარებოდნენ მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლას და საბოლოო ჯამში თქვეს, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.