კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე - ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, ყველამ კარგად დაიმახსოვროს, კანონის ფარგლებში გაეცემა შესაბამისი, ძალიან მკაცრი პასუხი

ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, ყველამ კარგად დაიმახსოვროს, კანონის ფარგლებში გაეცემა შესაბამისი, ძალიან მკაცრი პასუხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიცია და რადიკალები დამარცხებულები არიან და მათ ის მიიღეს, რასაც რეალურად იმსახურებდნენ“.

„ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ცხადია, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ძალით, ხელების გადაგრეხით ვიღაცის დაუპირისპირდება. ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, ყველამ კარგად დაიმახსოვროს, კანონის ფარგლებში გაეცემა შესაბამისი, ძალიან მკაცრი პასუხი. ისე გამოვიდნენ, შეიკრიბონ. ეს ოპოზიცია, რადიკალები დამარცხებულები არიან. მათ მიიღეს ის, რასაც რეალურად იმსახურებდნენ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო 1 120 000 ადამიანს, ვინც გამოვიდა და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყნის ღირსეულ მომავალს. რადიკალიზმი, ბოროტება და ის სიბინძურე, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა. როგორ შეიძლება მოღალატეს და აგენტს საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის ბედი ანდოს. ქართველი ხალხი ბრძენია, ზურგის ტვინით გრძნობენ ყველაფერს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ამ ქვეყნის ღირსეულ მომავალს“, - განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, კალაძემ ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და აღნიშნა, რომ მისი მოწოდება და განცხადებები იყო მანიპულაციური.

სალომე ზურაბიშვილი არის წარმავალი. ამ ადამიანს რამდენიმე დღე დარჩენია. სამარცხვინო იყო მისი მანიპულაციური განცხადებები, რაც გუშინ მოვისმინეთ. ამ ქვეყანაში თუკი ვინმე გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ის ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებს კანონის ჩარჩოებში“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დღეს 19:00 საათზე რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

„გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება