ლევან ცუცქირიძე - მე ნამდვილად არ ვიქნები მანიპულაციით, სიცრუით გაყალბებულ პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცევა ყველა ჩემი ღირსეული კოლეგა

მე შემიძლია ჩემი სახელით გითხრათ, რომ ისეთ პარლამენტში, სადაც მოტყუებით, მანიპულაციით, სიცრუით, გაყალბებით „ქართული ოცნება“ ისევ უმრავლესობაში დარჩება, ნამდვილად ვერ მიხილავთ. მე ნამდვილად არ ვიქნები იქ და დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცევა ყველა ჩემი ღირსეული კოლეგა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთი ადამიანის უფლებაც რომ ირღვეოდეს, ის უფლებები უნდა იყოს დაცული.

„ეს არის პოლიტიკური რეალობა, ჩვენ გავიღვიძეთ ახალ საქართველოში. მართალია, ბიძინა ივანიშვილის პარტია მას არ აღიარებს ახლა, მაგრამ მალე მოუწევს. ეს არის ახალი საქართველოს დაბადება, საქართველოსი, რომელიც არამხოლოდ მასობრივი გაყალბების გამო შეიკრიბება რუსთაველებზე, არა მარტო ამისთვის არ ვიბრძოდით ჩვენ, არამედ იმიტომაც შეიკრიბება, თუკი ერთ ადამიანს მაინც გაუყალბებენ ხმას, თუკი ერთ ადამიანს მაინც დაჩაგრავენ. აი, ასე ავაშენებთ ნამდვილ, ევროპულ დემოკრატიას, რისთვისაც ჩვენ, ყველა ვიბრძვით.

ჩვენი ქვეყნის ძლიერება არის არა იმაში, როგორ იქცევა უმრავლესობა, არამედ იმაში, როგორ ვექცევით ერთმანეთს და თუნდაც ერთი ადამიანის უფლებები ირღვეოდეს, მაინც უნდა დავიცვათ ეს უფლებები“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მან მიმართა კოლეგა პოლიტიკოსებს ოპოზიციიდან, რომლებსაც მისივე თქმით, დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, საზოგადოებას უახლოესი მომავლის შესახებ საკუთარი ხედვა და გეგმა გაუზიარონ.

„ჩვენ ახლა ვართ ბრძოლის ახალ ეტაპზე და ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მივიყვანოთ სამართლიან და ღირსეულ დასასრულამდე“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს