ჩვენ დღეს ვართ ძალიან ბევრი, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ეს არის განგრძობადი ბრძოლა, რომელსაც აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ! - ჩვენ არ ვცნობთ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას, ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს, ჩვენ უარს ვაცხადებთ მანდატებზე, ვხსნით სიებს და ვითხოვთ ახალ არჩევნებს გამარჯვებამდე!, - ასე მიმართა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება „მუხანათურად მოჰპარა“.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური, ვიდრე საერთაშორისო აქტორების მიერ დაკომპლექტებული ადმინისტრაციის მიერ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, რომელსაც ექნება ნდობა და რომელიც კეთილსინდისიერად ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ევროპულ არჩევანს.
"ჩვენ დღეს ვართ აქ იმისთვის, რომ ივანიშვილმა გაიგოს თქვენი ხმა, ჩვენი ხმა, რომ ჩვენ 26 ოქტომბრის ევროპულ, ეროვნულ გამარჯვებას აუცილებლად დავიბრუნებთ. ჩვენ არ შევეგუებით მოპარულ არჩევნებს, არ შევეგუებით მიტაცებულ არჩევნებს, არ შევეგუებით რუსეთის სპეცოპერაციას, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის, მაშინ როდესაც არჩევნების უფლებას და არჩევნების ინსტიტუტს გვართმევს. არ შევეგუებით! 26 ოქტომბერს გაიმარჯვა არა რუსეთმა ამ ქვეყანაში, არამედ გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვეთ თქვენ, თავისუფლების მოყვარე თავისუფალმა ქართველმა ხალხმა!
მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც დაშინებების, შანტაჟის, მუქარის, მოსყიდვის, ძალადობის მიუხედავად მივიდა საარჩევნო უბანზე და გააკეთა ევროპული არჩევანი და საკუთარი არჩევანით გადაარჩინა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მადლობა თქვენ თქვენი ერთგულებისთვის და ბრძოლისთვის, სწორედ ჩვენი ერთიანობით აუცილებლად მოვიტანთ ჩვენ დიდ საბოლოო გამარჯვებას.
ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს ერთიანობის მნიშვნელობაზე, ბუნებრივია, ვერავინ ვერავის ასწავლის ჭკუას, ვერ წაუკითხავს მორალს, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ალბათ, ყველას გვესმის, რომ ახლა განსხვავებების ძიების დრო არ არის, რადგან ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და ქვეყნის გადარჩენა შეგვიძლია მხოლოდ ერთიანობით.
ეს პარლამენტი, სადაც ივანიშვილი აპირებს, რომ შეიყვანოს გაყალბებული მოპარული არჩევნებით მოპოვებული მანდატებით ხელში აწეული ხალხი, არ იქნება ლეგიტიმური, მანამ სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, საერთაშორისო აქტორების მიერ დაკომპლექტებული ადმინისტრაციის მიერ, რომელსაც ექნება ნდობა და რომელიც კეთილსინდისიერად ასახავს ქართველი ხალხის ნებას და იმ ევროპულ არჩევანს, რომელიც თქვენ გააკეთეთ, იმ ევროპულ არჩევანს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს! ერთიანობით ჩვენ გავიმარჯვებთ! მე მჯერა ამ გამარჯვების, რომელსაც აუცილებლად მოვიპოვებთ!, - განაცხადა ბოკუჩავამ.