პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტს შეეხო.
როგორც მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა უნგრეთთან თანამშრომლობის დღევანდელი მოცემულობით კმაყოფილია, თუმცა ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტი. ესაა პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება; უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივად ინვესტიციების განხორციელებას როგორც უნგრეთში, ასევე საქართველოში. ამ მიმართულებით, მომავალში გაგრძელდება მუშაობა. ასევე, ტურიზმის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა განსაკუთრებული პრიორიტეტია. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განვითარებას და მოხარული ვარ, რომ აქაც გვაქვს კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად მნიშვნელოვან პროექტებზე. აქ გამოსაყოფია შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი, სადაც ერთად ვმონაწილეობთ. რა თქმა უნდა ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა. გავიმეორებ, ჩვენ შეხვედრის დროს საუბარი გვქონდა ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე. კმაყოფილი ვართ თანამშრომლობის დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით. რა თქმა უნდა, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ. დასასრულს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულების ძალიან კარგი გამოხატულება და რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.