ერთადერთი, ვინც ამ არჩევნების შედეგებს მიესალმება, რუსეთი, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები, რუსი პროპაგანდისტები არიან, რომლებიც ქართველ ხალხს რუსეთის წიაღში დაბრუნებას ულოცავენ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ვიდრე საერთაშორისო გამოძიება არ დაიწყება და არ დასრულდება, ეს არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.
„33 წელიწადია, საქართველოში მრავალპარტიული არჩევნები ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად გვინახავს არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებები, რეკომენდაციები, მომავლისთვის რა უნდა გამოსწორდეს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არასდროს მოგვისმენია მსგავსი შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონეზე გაკეთებული განცხადება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩაითვალა, რომ აუცილებელია, პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება შექმნილ ვითარებაზე და ჩვენ არასდროს მოგვისმენია ის სიტყვები, რაც გამოყენებული იყო, როცა ხელისუფლებას რეაგირებას კი არ სთხოვენ დარღვევებზე, არამედ, მოითხოვენ გამოძიებას. გამოძიება იმ შემთხვევაში ტარდება, როცა დანაშაულია ჩადენილი. ამ შემთხვევაში, ჩვენ მართლაც გვაქვს საქმე დანაშაულთან, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იქნა ჩადენილი. დღევანდელი მდგომარეობით, სწორედ ამიტომაა, რომ არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს ეს არჩევნები არ უღიარებია. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს მიესალმებოდეს და გზას ხსნიდეს ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ვვარაუდობ, რომ დღეს, ევროკავშირისგან ძალიან მძიმე შეფასებებს ვნახავთ. სწორედ, ამიტომ ვამბობთ, რომ ამ არჩევნებმა ქართველ ხალხს მოპარა და წაართვა არამხოლოდ არჩევნები, არამედ ევროპული, ევროატლანტიკური მომავალი და ერთადერთი, ვინც ამ არჩევნების შედეგებს მიესალმება, რუსეთი, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები, რუსი პროპაგანდისტები არიან, რომლებიც ქართველ ხალხს რუსეთის წიაღში დაბრუნებას ულოცავენ. მინდა, ყველას ვუთხრა, ეს ამბავი არ შედგება, საქართველო არასდროს დაუბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს და ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ ამ არჩევნების შედეგებმა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არ შეაფერხოს. სწორედ, ამისთვის არის საჭირო საერთაშორისო გამოძიება, სანამ გამოძიება არ შედეგებს და არ დასრულდება, ეს არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა სამადაშვილმა.