პრეზიდენტი - მტკიცებულებებს თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება, მე ასე ვიცოდი, რომ საერთოდ პირიქით იყო - საგამოძიებო ორგანოს თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, ნებისმიერი ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება

ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა ბრიფინგის დაწყებამდე ის ვიდეო მასალა წარუდგინა ჟურნალისტებს, სადაც უბნებზე უშუალო დარღვევებია დაფიქსირებული.

ზურაბიშვილის თქმით, პროკურატურა მისგან ითხოვს მტკიცებულებებს, როდესაც ეს სწორედ საგამოძიებო უწყების მოვალეობაა.

“ეს არის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ვრცელდება ყველა მხრიდან. ეს არის ის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება და არც განმარტება, პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები.

მტკიცებულებებს თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება. მე ასე ვიცოდი, რომ საერთოდ პირიქით იყო - საგამოძიებო ორგანოს თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, ნებისმიერი ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და არ გამიგია სხვა მსგავსი პრეცედენტი.

პროკურატურა კიდევ უფრო უცნაურია. ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს, თურმე ცესკო შეურაცხყოფილია, თურმე მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. დისკრედიტაცია რატომ, არ ვიცი, ეს არის ფაქტები, რომელიც ყველგან გავრცელებულია და საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა და ყველამ შეამჩნია. ფაქტობრივად, ყველა მოქალაქე ჩართულია მტკიცებულებების მოგროვებაში, არასამთავრობო ორგანიზაციები, სადამკვირვებლო მისიები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემურ დარღვევისა და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ან პროკურატურას ევალება ან საერთაშორისო გამოძიებას.

ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა და ეს ჩამოთვალა სწორედ ჟოზეფ ბორელმა - ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობების ჩამორთმევა, კარუსელი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც საიამ გამოაჩინა - ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზედაც საიას წინასწარ ჰქონდა საჩივარი შეტანილი და ცესკოს უნდა შეეცვალა ისინი.

არის ძალიან სერიოზული დარღვევები - დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება, როცა ერთ მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნების გახსნაზე და ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მხოლოდ 34 ადამიანს მიეცა უფლება, არჩევანი გამოხატოს და ეს არის პირდაპირ მათი უფლებების შეზღუდვა და ჩვენი მოქალაქეების დისკრიმინაცია”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო