სენატორი როჯერ უიკერი - ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა, ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ ფარსი მიიღეს

ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) ავრცელებს.

მისი თქმით, იზიარებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც ხალხის ნებას ასახავდა.

“გასულ შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა, რათა საკუთარი დემოკრატიული უფლება გამოეყენებინათ შემდეგი მთავრობის ასარჩევად. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ ფარსი მიიღეს. ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა გაშმაგებული დარღვევებით, მათ შორის დაშინებით, ძალადობით, ხმების ყიდვით, და შედეგებით, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისგან და ეგზიტპოლებისგან, ისევე როგორც წინასაარჩევნო ტრენდებისგან.

ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა”, - აღნიშნა მან.

უიკერის თქმით, ამ არჩევნების მანიპულაცია არა მხოლოდ დარტყმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, თუ ეს იქნება „გატარებული“, დასასრულია ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის - „და შესაძლოა მისი სუვერენიტეტისთვისაც“.

„ ეს საარჩევნო თაღლითობაა, და მის არალეგიტიმურ შედეგებს უნდა დაუპირისპირდეს სიცხადე და ნება. ვიდრე “ქართული ოცნება” არადემოკრატიული ზომების მეშვეობით და მოძალადე ავტორიტარების მეთვალყურეობის ქვეშ ძალაუფლებას ებღაუჭება, ისინი მოიმკიან ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც სავსებით იმსახურებენ”, - ამბობს უიკერი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება