გიორგი კახიანი - არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო

26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა - ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, მას ამ მომენტში არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს, - ეს განმარტება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა.

კახიანის აზრით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, პირველ რიგში, ერთი ფაქტი მაინც უნდა დაედგინა, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაში იმყოფებოდა და რომელიმე პარტიას ხმას აძლევდა, მის გადაწყვეტილებას ვინმე აკვირდებოდა თუ არა.

კახიანის განცხადებით, მოსამართლეს ასეთი ფაქტების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია.

"რა თქმა უნდა, ხმის ფარულობა საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო. ამის თაობაზე არჩევნების დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მათ არჩევნები წააგეს, ბიულეტენების გადათვლის დროს აღმოაჩინეს, რომ თითქოს, ბიულეტენის მეორე მხარეს ფლომასტერი გამოჟონილი იყო. ხმის ფარულობის დარღვევაზე საუბარი სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა.

ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, ამ მომენტში მას არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს. მე არცერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ არ მსმენია. მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა იყო და როგორც გაირკვა, იქაც ამომრჩეველს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აკვირდებოდა.

ზოგადად, არ არსებობს არჩევნები, სადაც ხარვეზი არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ვნახოთ, ხმის ფარულობის თაობაზე როგორ მტკიცებულებას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო.

ამ მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია. დასაფიქრებელია და შესაბამისს მიკვლევას საჭიროებს თუ დადასტურდა, რომ ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. მძიმე დარღვევაა, თუ ვინმემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა.

როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს