“ქართული ოცნება“ ოპოზიციას კვლავ მათ მხარდამჭერთა ხმების მოპარვაში ადანაშაულებს. როგორც “ქართული ოცნება“ განმარტავს, 26 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მხარდამჭერები მათი ნების საწინააღმდეგოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში იყვნენ რეგისტრირებული, რითაც “ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემაში ხელი ეშლებოდათ.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ასეთი 102 შემთხვევაა იდენტიფიცირებული, რა ფაქტებითაც პროკურატირას მიმართავენ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს 420-მდე შემთხვევაზე მუშაობა, “სადაც რიგ შემთხვევებში სავარაუდო დამთავრებულ დანაშაულზე და რიგ შემთხვევაში სავარაუდო დანაშაულის მსვლელობებთან აქვთ საქმე“.
“იმ ფონზე, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა არათუ უპრეცედენტო მასშტაბის და თეორიულადაც კი დაუშვებელი მასშტაბის გაყალბების ფაქტები, ერთი ხმის მოპარვის რეალური მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინეს - ჩვენ დღეს პროკურატურას დამატებით წარვუდგენთ რამდენიმე ათეულ ფაქტს სავარაუდო დანაშაულების შესახებ, თუ როგორ ხდებოდა “ქართული ოცნების“ ხმების მოპარვა-განეიტრალება.მთლიანობაში ამ ეტაპზე საუბარია 102 იდენტიფიცირებულ ფაქტზე. საერთო ჯამში, ჩვენ ასეთ 402-მდე შემთხვევას ვიკვლევთ, საიდანაც ნაწილი სავარაუდო დანაშაულებს შეეხება, როდესაც მოქალაქე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სხვა საარჩევნო ოლქში კომისიის წევრად დაარეგისტრირეს და მან ამის გამო ხმის მიცემა ვერ მოახერხა. ნაწილმა კი, მიუხედავად ანალოგიური დანაშაულის ჩადენის მცდელობისა, ხმის მიცემა მოახერხა და სხვა საარჩევნო ოლქში მივიდა ხმის მისაცემად. სავარაუდო დანაშაულთან ორივე შემთხვევაში გვაქვს საქმე, ერთი განსხვავებით, რომ ნაწილი დამთავრებულ დანაშაულს, ნაწილი კი დანაშაულის მცდელობას ეხება. ერთი მაგალითი შემიძლია მოვიტანო, რაც სიახლე იქნება. მაგალითად, არის ასეთი პიროვნება - ზურაბ ძებისაშვილი, ჩვენი მომხრე, რომელიც რეგისტრირებული იყო გლდანის საარჩევნო ოლქის მე-6 საარჩევნო უბანზე და ის ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეების“ მიერ საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო დუშეთში, 38-ე საარჩევნო უბანზე. ზურაბ ძებისაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში დაუკავშირდნენ და საუბნო კომისიის წევრობა შესთავაზეს - უთხრეს, თუ სად უნდა ყოფილიყო ის საუბნო კომისიის წევრი. მან ამაზე უარი განაცხადა. თუ სხვა შემთხვევებში არც უკავშირდებოდნენ, კონკრეტული ადამიანის პირად მონაცემებს უკანონოდ მოიპოვებდნენ და შემდეგ “ნაცების“ რომელიღაცა პარტიის წარმომადგენლად ანუ კომისიის წევრად სხვაგან, სხვა საარჩევნო უბანში არეგისტრირებდნენ. ამ შემთხვევაში ზურაბ ძებისაშვილს წინასწარ დაუკავშირდნენ და მისი უარის მიუხედავად, სხვა საარჩევნო უბანში, “ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი პარტიის კომისიის წევრად დანიშნეს. როდესაც ის თავის საარჩევნო უბანზე მივიდა, სადაც რეგისტრირებული იყო, აღმოჩნდა, რომ მას არ შეეძლო ამ უბანზე ხმის მიცემა, რადგან ამ დანიშვნის გამო სპეცსიაში სხვაგან იყო შეყვანილი. ბატონ ზურაბს აქვს მათ შორის ტელეფონის ნომერი, საიდანაც დაუკავშირდნენ და ეს შეუძლია გამოძიებას მოახსენოს, როდესაც პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარებენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.