ჯაბა სამუშია NASA-ს ჰაკათონის საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024-ის გამარჯვებული თსუ გუნდის წევრები “ასტერისკი” მადლობის სიგელებით და საუნივერსიტეტო საჩუქრებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თსუ-ის ფიზიკის მიმართულების სტუდენტების პროექტი, რომელიც მოიცავს გეომაგნიტური შტორმის ანალიზს, საქართველოდან წარდგენილია Nasa Space Apps Challenge-ის საერთაშორისო შეჯიბრზე და მონაწილე გუნდებიდან მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო 10 პროცენტში შედის.

თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით NASA Space Apps Challenge ჰაკათონის მონაწილე სტუდენტებს თსუ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში - CERN-ში გაგზავნის, სადაც ისინი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში მსოფლიოს უდიდეს ლაბორატორიას დაათვალიერებენ.

„ეს არის პირველი ნაბიჯები დიდ მეცნიერებაში. მსგავს პროექტებში მონაწილეობა უნდა გააგრძელოთ, არ დაკარგოთ ენთუზიაზმი, უნივერსიტეტისგან მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ. ძალიან მიხარია, როდესაც ახალგაზრდები აქტიურობენ ასეთი მასშტაბის სამეცნიერო ფორუმებში, უნივერსიტეტის სტრატეგიაა, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა მეცნიერებს“, - მიმართა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024 ჰაკათონმა 70 -ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა საქართველოს მასშტაბით. ჰაკათონმა გააერთიანა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პროგრამირების, ინჟინერიის, დიზაინის, მონაცემთა ანალიტიკის, სთორითელინგის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. თსუ-ს გუნდის „ასტერისკი“ (ლათ. „პატარა ვარსკვლავი“) წევრები არიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტები: მარიამ ასლამაზიშვილი, ლუკა კეზუა, სალომე ძიგუა და სესილი ბერიშვილი (თსუ ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ოლეგ ხარშილაძე).

NASA Space Apps Challenge ჰაკათონზე თსუ-ის გუნდმა აირჩია გამოწვევა: “Show Us What the May 2024 Geomagnetic Storm Looked Like“. საქართველოს მასშტაბით გამართულ შეჯიბრში თსუ-ელებმა გაიმარჯვეს, მოიპოვეს პირველი ადგილი და გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე. კონკურსის მეორე ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით, შეირჩა საუკეთესო 10 პროცენტი, რომელშიც შევიდა „ასტერისკიც“. NASA Space Apps Challenge 2024 - ის გამარჯვებული საერთაშორისო მასშტაბით 16 იანვარს გამოვლინდება.

„ჩვენ ავირჩიეთ გამოწვევა, რომელიც ეხებოდა გეომაგნიტური ქარიშხლების ანალიზს, კერძოდ, 2024 წლის მაისში მომხდარ მოვლენას. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ პროცესის სწორის ანალიზი წარგვედგინა როგორც ფიზიკოსებს. შევქმენით ვებაპლიკაცია, რომელიც საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც საინტერესოა, ის მოიცავს ინფორმაციას თუ რა არის გეომაგნიტური ქარიშხალი, ასევე მოიცავს უშუალოდ გეომაგნიტური შტორმს ანალიზს - კომპიუტერული მეთოდებით გამოთვლილ მონაცემებს, რომელიც ახასიათებს გეომაგნიტურ შტორმს“, - განაცხადა „ასტერისკის“ წევრმა, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ ასლამაზიშვილმა.

NASA-ს (აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში) უდიდესი ჰაკათონი — NASA Space Apps Challenge, 2012 წლიდან დღემდე, ყოველი წლის ოქტომბრის პირველ კვირას ტარდება, რომელიც მსოფლიოს 300-მდე ქალაქში სხვადასხვა პროფესიის კოსმოსის ენთუზიასტებს უყრის თავს. ჰაკათონი ყოველწლიურად ათობით ათას მონაწილეს მასპინძლობს, რომლებიც გუნდებად ერთიანდებიან და ცდილობენ, დედამიწისა და კოსმოსის უდიდეს გამოწვევებს პრაქტიკული გადაჭრის გზა, სულ რაღაც 48 საათში მოუძებნონ. ჰაკათონის მთავარი მიზანი NASA-ს მიერ ათეულობით წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების გამოყენება და განათლების ხელშეწყობაა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით