ჯაბა სამუშია ინოვაციური კვლევის ავტორ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-ის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში თსუ-ის სტუდენტების მიერ შექმნილი პროდუქცია დაათვალიერა, FabLab-სა და დრონების ლაბორატორიაში მიმდინარე საქმიანობას გაეცნო და ინოვაციური კვლევის ავტორ სტუდენტებს შეხვდა.

თსუ-ის ინფორმაციით, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა საკუთარი კვლევის „ოპტიკური სპექტროსკოპიის სამედიცინო და ეკოლოგიური გამოყენება“ პრეზენტაცია წარადგინეს, რომელსაც ფიზიკური პროცესების მოდელირების სასწავლო ლაბორატორიის ბაზაზე აწარმოებენ.

„ჩვენი სტარტაპ იდეა მოიცავს კვლევას, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოპტიკური სპექტროსკოპიის გამოყენებით. ზოგადად, ოპტიკური სპექტროსკოპია აქტიურად გამოიყენება სამედიცინო სფეროში, თუმცა, ჩვენს მიერ შემუშავებულ ოპტიკური მხარ-გოჯის ინდექსს არ აქვს ანალოგი მსოფლიოში. მეთოდი არის სწრაფი და არაინვაზიური. ამ მეთოდის გამოყენება ასევე შესაძლებელია ეკოლოგიაში და სხვა მრავალ სფეროში“, -აღნიშნა თსუ-ის სტუდენტმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ლუკა წულუკიძემ.

თსუ-ის რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, ფიზიკური პროცესების მოდელირების სასწავლო ლაბორატორიას ახალი კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემა, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას.

„უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სამეცნიერო კვლევაში ჩართვა და მათი წახალისება. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ ინოვაციურ სამეცნიერო იდეებს და ხელი შევუწყოთ მათ მონაწილეობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს ინოვაციური იდეების ავტორები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში, თითოეულ მეცნიერს მისცეს შესაძლებლობა, განივითაროს საჭირო სამეწარმეო და სტარტაპ უნარები. ცენტრი ზრუნავს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და განვითარებაზე, როგორებიცაა: ცოდნის გადაცემა ტრენინგებისა და ლექცია-სემინარების საშუალებით, ინოვაციური იდეების მუდმივი სტიმულირება და მეცნიერების პოპულარიზაცია, კონსულტაციის გაწევა იდეის ავტორებისთვის, იდეების განხორციელების მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება, მეცნიერებისა, თუ მკვლევრებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კომერციალიზაციაში მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება და ამ კუთხით, იდეის ავტორებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის