პარტია „ევროპელი დემოკრატების“ განცხადებით, შექმნილ რთულ  პოლიტიკურ სიტუაციაში ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფციას იზიარებენ

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის განცხადებებს, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

„ევროპელი დემოკრატები” მოუწოდებს საზოგადოებას, მაქსიმალურად ჩაერთოს ამ პროცესში.

„პარტია „ევროპელი დემოკრატები“ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის განცხადებებს და კონცეფციას შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში შესაძლო გამოსავლებისა და ქვეყნის განვითარების გზების შესახებ და მოვუწოდებთ ფართო საზოგადოებას მათი განხილვისა და ჩართულობისკენ”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ამასთან, „ევროპელი დემოკრატები” ავრცელებენ „ჯეოქეისის” თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფციას, ის რამდენიმე პუნქტისგან შედგება, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ეს მოსაზრებები რამე აღმოჩენაზე პრეტენზიად არ ჩამეთვალოს. ეს მხოლოდ მცდელობაა, თავი მოვუყაროთ იმ რამდენიმე მეტად მნიშვნელოვან პრინციპს, განცხადებასა თუ თეზას, რომლებიც ისედაც ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში მტკიცედ დამკვიდრება ასე გვიჭირს. არადა, მათ გარეშე, ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე „წრეზე სიარულს“ კიდევ დიდ ენერგიას, მოლოდინს თუ ენთუზიაზმს შევწირავთ და ეს მაშინ, როდესაც ეს ენერგია, მოლოდინი თუ ენთუზიაზმი შედეგიან, მარგ ქმედებაშია გადასატანი. ამისათვის კი, ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობთ და წარმოგვიდგენია, რომ:

წარსულის დაფასება და ობიექტურად შეფასება: ყველა წინა თაობის პოლიტიკური ფორმაციის თუ ლიდერის დაუფასებლობა საზიანოა ქვეყნის რეპუტაციისა და მისი განვითარებისათვის. მიუღებელია, რომ ყოველი ახალი სახელისუფლო ძალა ქვეყნის წარსულის გადაწერას ცდილობს ან ისტორიის ათვლას სულაც ხელისუფლებაში თავისი მოსვლით (ე.წ. from scratch) იწყებს. ეს სხვაგვარად ვერ დახასიათდება, თუ არა პოლიტიკური კულტურის ნაკლი, სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი, მანკიერი პრაქტიკის საწინდარი. საერთო ქართული წარმატება და წინსვლა მხოლოდ წარსულში წარმატებისა და წინსვლის ნაერთად შეიძლება მოვიაზროთ. მხოლოდ ასე და ამგვარად მივუახლოვდებით ჯანსაღ პოლიტიკურ ტრადიციათა დამკვიდრებას, საქვეყნო საქმეში ერთმანეთის პატივისცემას, თანამონაწილეობას და, სადაც საჭიროა – სამართლიან კრიტიკას და გაკიცხვას.

ქვეყნის შიგნით და მის გარეთ პროცესების ერთობლიობა: კვლავ საკუთარ თავს შევახსენებთ კარგად ნაცნობ თეზას საშინაო და საგარეო პოლიტიკის განუყოფლობაზე, მით უფრო - თანამედროვე პირობებში. ძალზე რთულია და ალბათ შეუძლებელიც, ქვეყნის გარეთ გაიტანო ის, რაც შიდაპოლიტიკური პროცესის შედეგად ან არ შეგიქმნია, ან შეგიქმნია, მაგრამ იმგვარად, რომ „გასატანად“ ვერ ივარგებს. საგარეო ასპარეზზე ესა თუ ის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით წარმატებით, საკუთარი საზოგადოების თვალში დამსახურებული ავტორიტეტითა და სანდოობით თუ მოიწონებს თავს. სხვაგვარად ვერ „გაყიდი“, ვერ „იჯამბაზებ“, ფიქციას თავს ვერ მოახვევ ვერც შენიანს და ვერც უცხოს.

ქართული პოლიტიკის პრაგმატიზმი და რაციონალიზმი: ქართული სახელმწიფოს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების გათვალისწინებით, ნებისმიერი (ნებისმიერი!) სახელისუფლო ფორმაციის მოღვაწეობის მთავარი სახელმძღვანელო ხაზი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის პრაქტიკულობა, ხელშესახები ეკონომიკური სარგებელი და უსაფრთხოების გათვალისწინება რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. განსხვავებული იდეოლოგიური თუ პარტიული ხედვების მიუხედავად, ქვეყანაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უნდა აერთიანებდეს საშუალო სტატისტიკური მოქალაქისათვის ორი უმთავრესი შედეგის მოტანა: (ა) მეტი კეთილდღეობისა და (ბ) მეტი უსაფრთხოების. ყველა სხვა დანარჩენი მიზანი თუ ამოცანა მხოლოდ „წარმოებადია“ და ამ ორს ეფუძნება.

ვითარების სწორად „წაკითხვა“: ახალ დაპირისპირებათა ფაზაში შესული სამყაროს პირობებში ქართული სახელმწიფოს თავდაცვისა და სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელი უნარ-თვისება ვითარების პედანტური და უემოციო ანალიზია. ასეთ დროს ტრადიციული ქართული რომანტიზმით თუ იდეალიზმით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები თუ მოქმედებები საფრთხილო, სარისკო, ზოგჯერ კი შეუქცევადად დესტრუქციულია. „ვარდისფერ სათვალეზე“ საბოლოოდ უარის თქმით უნდა ვისწავლოთ საკუთარი ინტერესის მაქსიმალური სარგებლით გათვლა და მის მისაღწევად სამოქმედო ალგორითმის უემოციოდ განსაზღვრა. სახელმწიფო პოლიტიკაში ამგვარი მიდგომის „კულტის“ რანგში აყვანა დაგვეხმარება უკიდეგანო ეგოიზმითა და აღებმიცემობის „გეოკულტურით“ გაჯერებულ საერთაშორისო პოლიტიკაში გეგმაზომიერ და შედარებით უსაფრთხო მიმოსვლაში.

The Middle: პოლიტიკური სისტემისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის ერთ-ერთი საკვანძო პირობა თვითკმარი, თავისუფალი და კრიტიკული აზრის მქონე საშუალო ფენის არსებობაა. ჩვენს დროში ამ საზოგადოებრივი შრის დაკნინების არაერთგზის მცდელობათა მიუხედავად, უდავოა, რომ მყარი საკონსტიტუციო მექანიზმისა და ჯანსაღი პოლიტიკური ტრადიციის პარალელურად, ქვეყნის მედეგობისა და მდგრადი განვითარების გარანტორი სწორედ „შუაშისტების კლასი“ - საშუალო ფენაა. ასევე, მხოლოდ მისი მეშვეობითა და ხელშეწყობით არის შესაძლებელი პოლიტიკური რადიკალიზმის, სოციალური პოპულიზმისა და საზოგადოებრივი განწყობებით იაფფასიანი მანიპულირების ეფექტიანად მოთოკვა...

ინსტიტუტები, ინსტიტუტები, ინსტიტუტები: პოლიტიკის ქმნისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის ინსტიტუტებს გარეთ თუ მიღმა გატანა აზიანებს არა მარტო ქართული პოლიტიკის აწმყო ხარისხს, არამედ აგრეთვე ხელყოფს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ვინაიდან აკნინებს ინსტიტუციური პროცესისადმი ნდობას, აბათილებს სახელმწიფო სამსახურის ავტორიტეტს, საჯარო მოხელეებს უკარგავს საკუთარი თავის რწმენას. ამგვარი სახიფათო სპირალის შედეგია მოქალაქეთა გაუცხოება საკუთარი ქვეყნისაგან, ისე როგორც მათ მიერ პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების რადიკალურად, უმართავი სამოქალაქო პროტესტის ფორმით რეალიზების მცდელობა.

ხელისუფლება და (თუ) ძალაუფლება: ხელისუფლება ყოველთვის როდი უდრის ძალაუფლებას, ხოლო ძალაუფლება, სამწუხაროდ, ყოველთვის როდი უპყრია ფორმალურ ხელისუფლებას. ამასთანავე, ძალაუფლების ფენომენი ბევრად დიდი დატვირთვისაა და მისი ერთადერთი მისაღები ფორმა გამართულად და კანონისმიერად ფუნქციონირებად ინსტიტუტებში განსხეულებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მოდერნიზების საფუძველი სწორედ რომ ფუნქციონალური (და არა ნომინალური, მოჩვენებითი თუ პირობითი) ინსტიტუციონალიზმია. ამდენად, ძალაუფლების ინსტიტუციური გადანაწილება და ქვეყნის მოდერნიზება განუყოფელია და ერთიან ორგანულ მთლიანობას ქმნის. ამ თანაბარზომიერ ერთიანობაშია ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არსებობის კრიტიკული პირობა. შედეგად, ძალაუფლებისა და ფუნქციონალური ინსტიტუტების ურთიერთკავშირიდან ნებისმიერი გადახრა საქმის კეთებას მოჩვენებითს ხდის, ხოლო განვითარებისათვის რეალური შედეგების მიღწევას – ბუნდოვან პერსპექტივად.

რეფორმები ჩვენთვის და არა მათთვის: ნამდვილი რეფორმები ასევე ნამდვილ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს - გულწრფელად და არა თვალთმაქცურად, ამასთანავე, ნებისმიერი რეფორმა, უწინარესად, საკუთარი საზოგადოების საკეთილდღეოდ უნდა გატარდეს, მის მდგომარეობასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას რეალურად აუმჯობესებდეს. შედეგად, ისეთი რეფორმა, რომელიც მხოლოდ სხვათა გულის მოგებას ან „საოქმო ჩანაწერით“ თავის მოწონებას ისახავს მიზნად, არის რეფორმირების (მაშასადამე, აუცილებელი ცვლილებების) არსისა და მნიშვნელობის დისკრედიტირება. ამდენად, ცვლილებების საჭიროებას გულითა და გონებით უნდა ვიაზრებდეთ, ისინი საფუძვლიან და ღია მოთხოვნად უნდა იქცეს, ხოლო მათი დადგომა ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქისათვის – ნებისმიერი ჯანსაღი რეფორმის საბოლოო ბენეფიციარისათვის – უნდა გვინდოდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცვლილებების სასიკეთო შედეგებს საკუთარ თავზე არ ირგებდეს მხოლოდ „რჩეულთა“ ფენა, არამედ მას ფაქტობრივად და ყოველდღიურად გრძნობდეს საშუალო სტატისტიკური მოქალაქეც. მეტიც, დროსა და სივრცეში საჭირო ცვლილებები მცირერიცხოვანი ქვეყნის მობილურობისა და ქმედუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მისი საპირისპირო უმოძრაობა, შემგუებლობა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ამბიციის მინელება თანამედროვე რთულ სამყაროში საბედისწერო იქნება...

ანალიზი, მოსმენა, კოლეგიალურობა: ამ სამი კომპონენტის უკმარისობას აუცილებლად მივყავართ ინფორმირებული გადაწყვეტილებების სრულ არარსებობამდე ან მათ საგრძნობ დეფიციტამდე. არადა, მათ გარეშე, გააზრებულ პოლიტიკურ ქმედებებზე საუბარიც კი ზედმეტია. ამასთანავე, ინფორმირებული, ანუ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საჭიროდ მოიაზრებს სახელმწიფოს მართვის საქმეში ბიუროკრატიის მიერ აკადემიური აზრის პატივისცემას და სამეცნიერო შეფასებების გათვალისწინებას, მათთან სისტემურ პარიტეტს. სხვაგვარად, ასეთი თანამონაწილეობისა და ურთიერთკავშირის გარეშე ქართული სახელმწიფოებრივი საქმიანობა მნიშვნელოვნად ხარვეზიანი იქნება.

იყო სანდო, იყო სასარგებლო: მცირე ქვეყანა მეტად თავისებურია: ერთი მხრივ, მას არ აწევს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის განმსაზღვრელის ტვირთი, ხოლო მეორე მხრივ, სხვათა მიერ განსაზღვრული სისტემის შესაძლო შედეგები ისევ მცირე ქვეყანას შეიძლება შემოუბრუნდეს თავისივე ინტერესების საზიანოდ. გვახსოვდეს ისიც, რომ „გავლენათა ინტერესები“ და „ჰეგემონური მისწრაფებები“ ნებისმიერი საერთაშორისო სისტემის თანმდევია, განჭვრეტად მომავალში კი ამის შეცვლას ან ურთიერთობათა სხვაგვარი იერარქიის ჩამოყალიბებას პირი არ უჩანს. ამდენად, ჩვენი განწყობაც შესატყვისი და მუდამ რეალისტური უნდა იყოს. შესატყვისობაზე და რეალიზმზე საუბრისას აუცილებელია ვუპასუხებდეთ საბაზისო მონაცემებს: სანდოობასა და სარგებლიანობას. ამ ორის გარეშე საკუთარი უსაფრთხოების, ეკონომიკური მედეგობისა და განვითარებისათვის საჭირო თვითკმარობის უზრუნველყოფა - მხოლოდ სხვათა „მოწონების“, „თავზე ხელის გადასმის“, „სამისდღეშიო რჩენისა“ და „გეოპოლიტიკური ძიძის“ იმედად - ამაო და იმედის გამაცრუებელ ექსპერიმენტად გადაიქცევა. ამდენად, არსებითია, რომ ჩვენი ქვეყანაც არა მხოლოდ მომხმარებელი იყოს, არამედ, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში, კონტრიბუტორი გახდეს. მეტიც - კუთვნილი ადგილის მუდმივი და განუწყვეტელი დამკვიდრების პროცესში იგი ამ შესაძლებლობის ზღვარზე უნდა მოქმედებდეს კიდეც.

უსარგებლო სტერეოტიპებზე უარი და სიახლეების მიმღებლობის სითამამე: რაც, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე მმართველობის, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკის კომპონენტების არსებული მოდელების გადააზრებასა და კარდინალურ გადახალისებას ნიშნავს. წარსულში ამ საკითხის თაობაზე არაერთგზის გვითქვამს და დაგვიწერია. აქაც, მოკლე თეზის სახით გავიმეორებთ, რომ უსაფრთხოების ერთიანი სისტემა, რა თქმა უნდა, მის ტრადიციულ - სამხედრო, ეკონომიკურსა და დიპლომატიურ – საყრდენებს მოიაზრებს. თუმცა ქართული უსაფრთხოების უნიკალურობა, თვითმყოფადობა და ქმედუნარიანობა წარმოუდგენელია რამდენიმე უცილობელი საფუძვლის გარეშე და ესენია: ინკლუზიურობაზე მყარად მდგომი ღია საზოგადოება, თანაბარი სასტარტო შესაძლებლობებისა და „სექტური“ (იგივე „ჩახურული“, „რჩეულთა“ დაუმსახურებელ ინტერესებზე მორგებული) მოწყობისგან თავისუფალი ეკონომიკა; სამართლის (და არა კანონის, მისი ვიწრო და ფორმალისტური გაგებით) უზენაესობა; დემოკრატია (რომელზე უკეთესი წესწყობილება კაცობრიობას ჯერ ვერ მოუფიქრებია), როგორც ცივილიზებულ თანამეგობრობაში ჩვენი კუთვნილი კონკურენტუნარიანი ადგილის დამადასტურებელი მტკიცებულება; მერიტოკრატია, როგორც ინტელექტისა და კანონმორჩილების პოტენციალისათვის სივრცის უზრუნველმყოფი; ინსტიტუტების აღდგენა და მათი ქმედითობის შენარჩუნება, მათ შორის, დეპოლიტიზაცია-დეპარტიზაციის გზით“, - ნათქვამია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით