ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში კაცი და ქალი ამომრჩევლების საშუალო წილი 50-50 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ამავე უბნებზე ერთიანი სიიდან ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო დონე ქალების შემთხვევაში 48%, ხოლო კაცების შემთხვევაში 77%-ია.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“) კიდევ ერთხელ ეხმიანება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებში არსებულ არაბუნებრივ მახასიათებლებს. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო), ჩატარებული ორი ბრიფინგის მიუხედავად, ვერ უპასუხა იმ მთავარ კითხვებს, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ 7 ნოემბრის განცხადებაში დასვა. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, მის მიერვე წარმოებულ და გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არსებული შეცდომებისა და არაბუნებრივი მაჩვენებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და დეტალურად ახსნას აღნიშნულის მიზეზები.
ცესკომ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით 11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულზე მეტი კაცი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული არაზუსტი მონაცემებით ახსნა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა.
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მონაცემებში ცვლილება მხოლოდ 11 საარჩევნო უბნის 150 ამომრჩეველს შეეხო, წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას. ამას ადასტურებს ცესკოს ვებგვერდზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებში აუხსნელი ცვლილებები. მაგალითად, 73 საარჩევნო ოლქიდან 57-ში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების, ხოლო 2 საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლების რაოდენობის კლება, რაც შესაძლებელია, აიხსნას მხოლოდ მათში შეცდომის არსებობით ან მონაცემების მანიპულაციით. საერთო ჯამში, კენჭისყრის დღის შემდეგ, ცესკოს მონაცემებში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების რაოდენობის კლება 88 975-ით და ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით. საყურადღებოა, რომ 10 საარჩევნო ოლქში შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. მაგალითად, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, ბოლოს მიღებული მონაცემები კი აჩვენებს 43 858 ამომრჩევლის გამოცხადებას. საარჩევნო ადმინისტრაციას არ განუმარტავს, თუ რამ გამოიწვია მსგავსი არალოგიკური ცვლილებები მის მიერ გამოქვეყნებულ და საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, თუკი შეცდომა მხოლოდ 11-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაუშვა.
საარჩევნო ადმინისტრაცია საერთოდ არ გამოხმაურებია იმ საარჩევნო უბნებზე აქტივობის საეჭვო მახასიათებლებს, სადაც კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის განსხვავება არაბუნებრივად მაღალია. თუკი ცესკო გამორიცხავს ამგვარი საარჩევნო უბნებიდან მონაცემების შეგროვებისას შეცდომის დაშვებას, ნორმალური განაწილებიდან კაცი ან ქალი ამომრჩევლის აქტივობის გადახრა შესაძლოა, კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ მანიპულაციებზე მიუთითებდეს.
„სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება. მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში კაცი და ქალი ამომრჩევლების საშუალო წილი 50-50 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ამავე უბნებზე ერთიანი სიიდან ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო დონე ქალების შემთხვევაში 48%, ხოლო კაცების შემთხვევაში 77%-ია. 32 საარჩევნო უბანზე, სადაც ქალი ამომრჩევლის არაბუნებრივად მაღალი აქტივობაა გამოხატული, ერთიან სიაში კაცი ამომრჩევლები საშუალოდ 51%-ით, ხოლო ქალები 49%-ით არიან წარმოდგენილი, თუმცა კაცი ამომრჩევლების აქტივობის საშუალო დონე ამ უბნებზე 48%-ს, ქალების კი 80%-ს უტოლდება.
„სამართლიან არჩევნებს“ ცესკოსგან ჯერ კიდევ არ მიუღია გამოთხოვილი ინფორმაცია საარჩევნო უბნებში სპეციალურ სიებში გენდერული შემადგენლობის შესახებ. თუმცა, როგორც არ უნდა ნაწილდებოდეს სპეციალური სიიდან არჩევნებში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა, ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით, უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ამომრჩეველთა აქტივობის არაბუნებრივი ხასიათი უცვლელი რჩება.
„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს მოუწოდებს, სრულყოფილი პასუხები გასცეს მისი მისამართით არსებულ კითხვებს, წარმოადგინოს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ქვითრები და ანგარიშები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ და საზოგადოებას მიაწოდოს დადასტურებულად ზუსტი ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული შემადგენლობის შესახებ საარჩევნო უბნების მიხედვით, რაც მნიშვნელოვანია სტატისტიკური ანალიზის შედეგად გამოვლენილი არაბუნებრივი მაჩვენებლების ასახსნელად“,- აღნიშნულია განცხადებაში.