“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა “2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბური და სისტემური გაყალბების დეტალური ანალიზის” პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიებაზე იმ მტკიცებულებებზე ისაუბრეს, რაც, ოპოზიციონერების თქმით, ადასტურებს, რომ არჩევნები “მასშტაბურად გაყალბდა”.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრებმა პრეზენტაციაზე თვალსაჩინოებისთვის მიიტანეს არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრები.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ღია საჯარო წყაროებიდან ამობეჭდეს 1500-მდე სარჩელი, რომელიც მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულ სარჩელებს ასახავს. მისივე თქმით, დოკუმენტებში სხვადასხვა ტიპის დარღვევებზეა საუბარი.
“ეს არის სარჩელები, რაც საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა. აქ არ არის უბანზე დაწერილი, რაც დაახლოებით 3-ჯერ მეტია. ხედავთ, რა მასშტაბის დარღვევაზეა საუბარი”,- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების ანალიზის შედეგებს, კოალიციის მიერ შედგენილ დოკუმენტში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ “საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ ყოფილა კვალიფიცირებული როგორც „თავისუფალი და სამართლიანი" არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის მიერ.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის სქემები შემუშავდა და ორგანიზებული იყო ადმინისტრაციული რესურსების - ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური - გამოყენებით.
კოალიციის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია, თავი მოუყაროს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ყველა ხელმისაწვდომ ანალიტიკურ თუ შეფასებითი ხასიათის ინფორმაციას, "არსებული მონაცემების საფუძველზე წარმოადგინოს საპარლამენტო არჩევნების სისტემური შეფასება გაყალბებისა და ფალსიფიცირების თვალსაზრისით".
ამასთან, დაასაბუთოს და განმარტოს, გაყალბდა თუ არა, და რა მასშტაბით გაყალბდა არჩევნები და რა მეთოდები იქნა გამოყენებული ამ მიზნით, წარმოადგინოს ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისა და პოლიტიკური კრიზისის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი შემდეგი ნაბიჯები.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესისა და შედეგების ანალიზის მიზნით, დოკუმენტი ეყრდნობა შემდეგი წყაროების დეტალურ მიმოხილვას:
არჩევნების შეფასება სანდო რეპუტაციის მქონე ყველა საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების მიერ; არჩევნების შედეგების ანალიზი საერთაშორისოდ აღიარებული საარჩევნო მეთოდოლოგიის მიხედვით; ამომრჩეველთა სტატისტიკური მონაცემებისა და ხმის მიცემის შედეგების ანალიზი; საქართველოს სასამართლოებში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილი სარჩელებისა და საჩივრების დეტალური ანალიზი; ეგზიტპოლების და კვლევების დეტალური მიმოხილვა და მათი შეუსაბამობა არჩევნების შედეგებთან; საერთაშორისო პარტნიორების, პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების გამოხმაურებები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით; მედია ანგარიშები და ანალიტიკური სტატიები.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, “დეტალური განხილვისა და ანალიზის საფუძველზე დოკუმენტში გამოტანილია შემდეგი დასკვნები:
"საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ ყოფილა კვალიფიცირებული როგორც „თავისუფალი და სამართლიანი“. არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის მიერ. არსებობს მყარი და დასაბუთებული მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების შესახებ. არჩევნების გაყალბებას ჰქონდა სისტემური ხასიათი, რაც ამომრჩეველს ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალებას არ აძლევდა. საარჩევნო მანიპულაციები იმდენად ფართო მასშტაბით გამოიყენებოდა, რომ ამან არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. პარალელურად გამოიყენებოდა არჩევნების გაყალბების მრავალი მეთოდი. გონივრულია არჩევნების პროცესში რუსეთის ჩარევაზე ეჭვის არსებობა. გამოვლინდა მნიშვნელოვანი სტატისტიკური შეუსაბამობები, მათ შორის, ამომრჩეველთა აქტივობას, ხმის მიცემის არჩევანსა და არჩევნების შედეგებს შორის, რაც მმართველი პარტიის მიერ არჩევნებზე მანიპულირებაზე მიუთითებს. სიმართლის დასადგენად და არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად აუცილებელია არჩევნების გაყალბების გამოძიება. საქართველოში არჩევნების სავარაუდო გაყალბების მიუკერძოებელი გამოძიება შეუძლებელია, რადგან ყველა სამთავრობო ინსტიტუტი და სასამართლო სრულად კონტროლდება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ. არსებული მონაცემები და გაყალბების მტკიცებულებები მყარ საფუძველს ქმნის საერთაშორისო, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, რათა დადგინდეს - გაყალბდა თუ არა, როგორ და რა მასშტაბით გაყალბდა არჩევნები საქართველოში”, - ნათქვამია დოკუმენტში.
“კოალიცია ცვლილებისთვის” მიიჩნევს, რომ არჩევნების საერთაშორისო გამოძიება შეიძლება წარმართოს შემდეგმა ორგანიზაციებმა:
“ევროკავშირი: ვინაიდან „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა (9ძირითადი შეუსრულებელი პუნქტიდან მე-4*), ევროკავშირს შეუძლია გამოძიების დაწყება იმის დასადგენად, იყო თუ არა საარჩევნო პროცესი „თავისუფალი და სამართლიანი“, რათა დაადასტუროს ან უარყოს ხელისუფლების პრეტენზია ამასთან დაკავშირებით.
ერთობლივად აშშ-ევროკავშირი: გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა საქართველოს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, რათა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება საქართველოსთვის დონორული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგრამების აღდგენის ან შეჩერების შესახებ.
ერთობლივად აშშ-ევროკავშირი: საქართველოში არჩევნების გაყალბებისა და რუსული გავლენის გაზრდის მიზნით არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიება. შედეგმა შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების მომავალზე.
გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI): ამერიკული კომპანია Smartmatic-ის გამოძიება საზღვარგარეთ კორუფციასთან ბრძოლის აქტის საფუძველზე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უკანონოდ ხმის მიცემის მრავალი მტკიცებულება არსებობს, რაც მიუთითებს საარჩევნო პროცესის ხარვეზებზე და Smartmatic-ის მიერ წარმოებული ხმის მიცემის აპარატების შესაძლო არამართლზომიერი მიზნებით გამოყენებაზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუკვეთა ხმის მიცემის აპარატები ისეთი სპეციფიკაციებით, როგორიცაა USB მოდულების დამატება, სახის ან თითის ანაბეჭდების ამოცნობის მოდულების ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ ამ აპარატებს აქვთ ასეთი ფუნქციები. ცესკო-ს ეს სპეციფიკური მოთხოვნები მინიშნება უნდა ყოფილიყო აპარატების მწარმოებელი კომპანიისთვის, რომ მათი აპარატები შეიძლება არჩევნების გაყალბებისთვის ყოფილიყო გამოყენებული.
OSCE/ODIHR: ეუთო/ოდირმა მოითხოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან სიების გახსნა და რენდომად გადაამოწმოს 1-2%, რათა დაადგინოს ნამდვილად მისცეს თუ არა ამ მოქალაქეებმა არჩევნებზე ხმა”, - ნათქვამია “კოალიცია ცვლილებისთვის” მიერ მომზადებულ ანგარიშში.
დეტალური ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.