ქართული პრესის მიმოხილვა               06.05.2009

•;ნუ იქნება მხოლოდ ბუნტი?!

•;სხეფერი - “ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით ვაჭრობაზე საუბარიც არ შეიძლება”

•;სუბარს ყუბანეიშვილი და ბორდის წევრები არ შეხვდნენ

ნუ იქნება მხოლოდ ბუნტი?!

“მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხი დასრულებულია. ბაზიდან ჯარისკაცები მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს. სატანკო ნაწილის ტერიტორიიდან გაყვანილია რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა, თუმცა მუხროვანში რჩება შსს-ს სპეცტექნიკა და თანამშრომლები. პერიმეტრი ძალოვანების მიერ მკაცრად კონტროლდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა მოხდა მუხროვანში / “წინააღმდეგობა ორთაჭალაში დაიწყო და მას სოლიდარობა მუხროვანის ნაწილმაც გამოუცხადა”.

“ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას არ იზიარებენ სამხედრო ექსპერტები, რომელთა განცხადებით, იყო მცდელობა, რომ სამხედრო ნაწილი გამოეყენებინათ მომიტინგეების საწინააღმდეგოდ, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა პირადი შემადგენლობის მხრიდან და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს უკმაყოფილება ხელისუფლებამ გამოიყენა იმისთვის, რომ ამ ვითარებისთვის დაერქმია ამბოხი. უკვე დაკავებულია ამბოხის ორგანიზებაში ბრალდებული სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი მამუკა გორგიაშვილი. გუშინვე ჯაშუშობის ბრალდებით, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია დააკავა. მისი დაკავება უნივერსიტეტში მოხდა. დაახლოებით18 საათზე კი შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხუთი წარმომადგენელი მივიდა მაისაიების ოჯახში, საიდანაც კომპიუტერები და დისკები ამოიღეს. გარდა ამისა, სოფელ უჯარმაში დააკავეს სამხედრო პოლიციის 7 თანამშრომელი. როგორც შსს-ში აცხადებენ, ეს ადამიანები მიმალვას ცდილობდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამბოხის ბრალდებით ასევე დაპატიმრებული არიან ასმეთაურები და სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები. გარდა ამისა, ამბოხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილია ორთაჭალაში განლაგებული სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი ზაზა მუშკუდიანი. ასევე იძებნებიან გია წკრიალაშვილი და კობა ოთანაძე, რომლებიც შევარდნაძის პრეზიდენტობისას მუხროვანის ამბოხებაში მონაწილეობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ისინი შესულები იყვნენ მუხროვანის სამხედრო ნაწილში და სწორედ მათი ხელმძღვანელობით დაიწყო ამბოხი. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილის განცხადებით, “შსს-ს აქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ამბოხებულების ნაწილს რუსეთთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა და მათგან დავალებასა და ფულს იღებდა”. ამასთან სამინისტრომ ოპერატიული ვიდეომასალაც წარმოადგინა, რომელზეც 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური გია ღვალაძე, ასევე კობა ოთანაძე არიან ასახულები, რომლებიც, ოფიციალური ვერსიით, ამბოხს უწევდენ ორგანიზებას. უტიაშვილის განცხადებით, გია ღვალაძე ამ დროისთვის დაკავებულია”, - წერს სტატიის ავტორი.

“შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში სამხედრო ამბოხში ეჭვმიტანილი გია ღვალაძე რამდენიმე ცნობილ ყოფილ გენერალსა და ყოფილ პოლიტიკურ ფიგურას ასახელებს, რომლებიც, მისივე თქმით, ამბოხებულთა გვერდით დგანან. გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში იგი აცხადებს, რომ მათთან ერთად იქნებიან ყარყარაშვილი, დავით თევზაძე, კობა კობალაძე, ჯემალ გახოკიძე, გია წკრიალაშვილი, ფირცხალაიშვილი, უჩაძე. ღვალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდებიან აბაშიძე, ხალვაში, მამალაძე და ლევან პირველი. ჩანაწერში საუბარია რამდენიმე მაღალჩინოსნის განადგურებასა და რუსი სამხედროების დახმარებაზე. გუშინვე ამბოხის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს “გენერალთა კლუბის” წევრი კობა კობალაძე. გუშინვე ძალოვანები დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ატარებდნენ ჩხრეკას კობალაძის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოიღეს რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. ჩხრეკის პროცესს ოჯახის წევრები არ დაასწრეს. თავად კობალაძე ბრალს არ აღიარებს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ეს არის კიდევ ერთი შეთითხნილი პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან. არანაირ ამბოხზე საუბარი არ შეიძლება იყოს. იმას, რაც იქ ხდებოდა, არანაირი ამბოხის ნიშნები არ ჰქონდა. ხელისუფლებამ გამოიყენა ღვალაძის მიერ გაკეთებული ჩანაწერი, რაც აბსურდული იყო. ის საუბრობდა ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, საუბრობდა იმ ადამიანების ერთობაზე, რომელთა ერთად ყოფნა ერთ საქმეში, როგორც ყოფილ სამხედროს, ვერ წარმომიდგენია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური.

“მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ თბილისში შესასვლელების ჩაკეტვის გადაწყვეტილება გაახმაურა, სამხედრო ნაწილებში ხელისუფლებამ აქციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დავალება გასცა, რამაც მეთაურების წინააღმდეგობა გამოიწვია. ჩემი ვარაუდი კონკრეტულ წყაროებს ეყრდნობა, რომელსაც ვერ დავასახელებ. წინააღმდეგობა ორთაჭალაში სამხედრო დანაყოფში დაიწყო და მას სოლიდარობა მუხროვანის ნაწილმაც გამოუცხადა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

“ჩემი სუბიექტური ვერსიით, აქ რეალურად მოხდა ერთი მნიშვნელოვანი რამ: საზოგადოებრივი დაძაბულობა, ბუნებრივია, არმიაზე აისახება. ქართული არმია საზოგადოების ნაწილია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ისევე განიცდის, როგორც საზოგადოება. მაგრამ არმია სპეციფიკური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტია”, - აცხადებს ექსპერტი კახა კაციტაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კაციტაძე: “ბოლოს და ბოლოს სამხედრო სტრატეგია და ფსიქიატრია ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ”.

“ვიღაც ტიპი ზის და ლაპარაკობს. ასეთივე წარმატებით შეეძლო მაგ ადამიანს ეთქვა, რომ უცხოპლანეტელთა 5 ბატალიონი უჭერს მხარს. კადრები დამაჯერებელია თუ არა, ეს კი არ არის არსებითი, არამედ ქვეყანაში რაც ხდება - ესაა არსებითი და ამაშია პრობლემა. არ ვიცი, რამეს დაგეგმავდნენ თუ არა, რეალურად ძალიან ბევრი ავადმყოფია მსოფლიოში და გიჟების ნაბოდვარზე პასუხს ნუ მომთხოვთ. ეს ბოდვები იმის ნიშანია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარულ ხელისუფლებებს ემსგავსება. ცივილიზებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ავტორიტარული მმართველობის ქვეყნებში ხშირია ამბოხების ინსპირირების შემთხვევები და სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოებისგან განსხვავებით, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ავტორიტარულ რეჟიმებს ემსგავსება. ეს კადრები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ხელისუფლება არაადეკვატურად აფასებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კაციტაძე.

“მუხროვანის სამხედრო ნაწილში ბუნტი 5 მაისს დილით დაიწყო. მიზეზი კი 4 მაისს, დაახლოებით 23 საათზე დაპატიმრებული სპეცდანიშნულების რაზმ “დელტას” ყოფილი მეთაურის, გია ღვალაძის აღიარებითი ჩვენება გახდა და ის ჩანაწერები, რომელშიც იგი 6-7 მაისს განსახორციელებელი შეთქმულების დეტალებსა და მასში მონაწილე პირებს ასახელებს. “ვერსიის” ინფორმაციით, ბუნტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე რამდენიმე პირის დასაკავებლად სამართალდამცველები შევიდნენ”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით ბუნტი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!!!

“ამ ამბოხის უცნაურობა ის გახლავთ, რომ ღვალაძის მიერ დასახელებული სამხედრო ჩინოვნიკები და ოფიცრები ერთმანეთს თვალის დასანახად ვერ იტანენ, თუმცა ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია ისინი ერთ საერთო მიზანს - სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას გაეერთიანებინა. ამბობენ იმასაც, რომ დასახელებული გენერალი ჯონი ფირცხალაიშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი, ამ წრეში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს და მისი თანხმობის გარეშე, ოთანაძე და წკრიალაშვილი ნაბიჯსაც არ გადადგამდნენ. ვინ არის კობა ოთანაძე? - ასპინძის რაიონის სოფელ ნოქალაქევში დაიბადა, დაამთავრა რიაზანის უმაღლესი სამხედრო სადესანტო სასწავლებელი, მილიციის უმაღლესი სკოლა, ხელმძღვანელობდა გია გულუას სპეცდანიშნულების ბატალიონს. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, გია გულუას უახლოესი მეგობარი იყო და მანვე შექმნა გულუას სახელობის რაზმი, რომლის ფუნქცია იყო კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ ბრძოლა და იმ პერიოდის კომენტარიდან მკვეთრად გვახსოვს მისი ფრაზა: “აგვყავდა ის, ვინც ასაყვანი იყო, ვკლავდით იმას, ვინც მოსაკლავი იყო!” მოკლედ, ეს შოთა კვირაიას მინისტრობის პერიოდია. მისი შესრულებულია თითქმის ყველა დიდი სპეცოპერაცია. როცა კვირაია უშიშროებაში გადავიდა, რამდენიმე კაცი თან წაიყვანა და მათ შორის ოთანაძეც”, - წერს სტატიის ავტორი.

“კვირაიამ სწორედ ოთანაძის ხელით “გაწმინდა” მუხროვანის ბატალიონი და სხვათა შორის, საკუთარი შვილიც იქ გაუშვა სამხედრო სამსახურში. კვირაიას გადადგომის შემდეგ ოთანაძემ 1998 წლამდე იმსახურა მუხროვანში, შემდეგ შიდა ქართლის გარნიზონის მეთაურად დაინიშნა. სხვათა შორის, შევარდნაძესთან მოლაპარაკებაზე მისული ოთანაძე პრეზიდენტს მანქანაში ისე ჩაუჯდა, დაცვას არც კი განუიარაღებია - ესეც იმ პერიოდის მუხროვანის ამბოხის დიდი კითხვის ნიშანი და ოპოზიციისთვის ეჭვის საგანი იყო. რაც შეეხება წკრიალაშვილს, არქივმა შემოინახა ჯაბა იოსელიანის 2001 წლის კომენტარი, სადაც მუხროვანის ამბოხზე საუბრისას წკრიალაშვილს ასე ახასიათებს: “წკრიალაშვილი მხედრიონის წევრი იყო. განხეთქილება რომ მოხდა, ზვიადისკენ დააღერა თავი. 1989 წლის ჩვენს პირველ ექსპედიციაშიც მონაწილეობდა. თეთრი გიორგის აქტიური წევრია. ცოტა ნერვული სისტემა შერყული აქვს. ისე, ურიგო ბიჭი არ არის. რაც შეეხება ოთანაძეს, ჩემს დასაჭერად ყოფილა მოსული კვირაიასთან ერთად”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი აქვს ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ კონკრეტული მაგისტრალების გადაკეტვას 5 მაისს გავრცელებულ ინფორმაციასთან, სადაც მამუკა გორგიაშვილი აცხადებს, თბილისისკენ უნდა დავძრულიყავით და იქ დაგვხვდებოდა ოპოზიციაო. მაგრამ ფაქტია, ოპოზიციამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და ვითარება აღარ გაამწვავა. “ვერსიის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დილიდანვე ვარაუდობდნენ, რომ მუხროვანის ბუნტის გამო პრეზიდენტი სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა და ამით ჩაახშობდა აგორებულ საპროტესტო ტალღას. თუმცა, ეს არ გამართლდა. ვახტანგ მაისაიას დაკავებისა და შპიონაჟში ბრალდების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ბადრი ბიწაძის დაპატიმრება, რადგან ღვალაძის მიერ ჩამოთვლილ ჩინოვნიკებს; ერთი რამ აერთიანებს - ისინი ბიწაძის მეგობრები არიან და ხელისუფლებას ეს ორომტრიალი სწორედ ამისთვის დასჭირდა, რომ მისი აყვანა “გააპრავოს”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

სხეფერი - “ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით ვაჭრობაზე საუბარიც არ შეიძლება”

“მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს თბილისის ბრალდებებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან რუსეთის კავშირის შესახებ, თუმცა საქართველოში ნატო-ს წვრთნების ჩატარების წინააღმდეგ არგუმენტად სწორედ ქართულ შეიარაღებულ ძალებში ამბოხი მოჰყავს. ამ მოვლენების მიუხედავად, ალიანსი წვრთნების ჩატარებაზე უარს ამბობს. ალიანსის გენერალური მდივანი მოსკოვის მისამართით საგანგებოდ აცხადებს, რომ ნატო-ს გაფართოება გაგრძელდება”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით ამბოხის პასუხი - ნატო-ს გაფართოება გაგრძელდება.

“ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირება პირველად პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრაიან უიტმენტმა მოახდინა. მისი თქმით, საქართველოში მომხდარი ამბოხება “ცალკეულ შემთხვევას” ჰგავს” და პენტაგონი მოვლენებზე დაკვირვებას განაგრძობს.;საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ალიანსი საქართველოში დაგეგმილი სწავლებების გადადებას არ აპირებს. “ნატო არ გადახედავს თავის გეგმებს და დარწმუნებული ვართ, რომ წვრთნები ნორმალურად გაიმართება”, - განაცხადება გუშინ ალიანსის ოფიციალურმა; წარმომადგენელმა. ნატო-ს მანევრები საქართველოში დღეს დაიწყება და 1 ივნისს დასრულდება. გარდა ამისა, გუშინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ესტონურ გაზეთ “პოსტიმეესთან” ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ ნატო რუსეთს მისი გაფართოების შეჩერების საშუალებას არ მისცემს. მისი თქმით: “რუსეთის ვერ მივცემთ შესაძლებლობას, ნატო-ს გაფართოების გზიდან გადაახვევინოს. ეს პროცესი ევროპის, როგორც უსაფრთხოების ერთიანი დემოკრატიული სივრცის კონსოლიდაციის ბირთვს წარმოადგენს. აქ ვაჭრობაზე საუბარიც არ შეიძლება”, - აღნიშნავს გამოცემა.

სუბარს ყუბანეიშვილი და ბორდის წევრები არ შეხვდნენ

“გუშინ პირველი არხის წინ მორიგი ინციდენტი მოხდა, აქციის მონაწილეებმა პირველი არხის დილის გადაცემა “ალიონის”წამყვანი ნიკა ავალიანი ცემეს. ამას შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მემარჯვენე მამუკა კაციტაძესა და ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის. ამ ინციდენტებზე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა პერმანენტულად გრძელდება, გუშინ სახალხო დამცველსა და არხის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა, შეხვედრას არც პირველი არხის დირექტორი და არც ბორდის წევრები არ დასწრებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სუბარს ყუბანეიშვილი და ბორდის წევრები არ შეხვდნენ.

“არ მესმის პირველი არხის გენერალური დირექტორის პოზიცია, რომელიც მომიწოდებს, რომ რეაგირება მოვახდინო ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე. ამაზე, რა თქმა უნდა, რეაგირებას მოვახდენ, მაგრამ თავად ყუბანეიშვილმა უნდა მოუწოდოს შსს-ს, რომ დააკავონ ის ადამიანები, რომლებმაც ჟურნალისტები ცემეს. მეორეა ვითარება, რომელიც უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადადის. ოპოზიცია აპროტესტებს პირველი არხის მუშაობას და ამას ვერ დავუშლი. სწორედ ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მოგვეძებნა, მაგრამ რატომღაც არ მოვიდნენ არც პირველი არხის დირექტორი და არც ბორდის წევრები ამ შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ისინი ძალზე კომფორტულად გრძნობენ თავს ამ სიტუაციაში, რადგან ჟურნალისტებს შეურაცხყოფენ და არა უშუალოდ მათ. ჩემი აზრით, ყუბანეიშვილი და დანარჩენი ხელმძღვანელობა უნდა ამბობდეს, რომ თუ სირცხვილის დერეფანში გავლაა საჭირო, პირველი მე გავივლიო. ან თქვან, რომ ეს არ არის მათთვის სირცხვილის დერეფანი. ამის ნაცვლად ის იმალება, ამ დროს ჯოხი ტყდება ჟურნალისტებზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

“ჩვენ შევიმუშავეთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი და ზეგ ამ გამოსავალს შევთავაზებთ ლევან ყუბანეიშვილს. თუ ის მიიღებს ამას, ძალიან კარგი, თუ არადა, ვკითხავთ, თავად როგორ ხედავს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს? საინტერესოა, რომ არც ინგა გრიგოლიას გააგებინეს ამ შეხვედრის შესახებ. ყუბანეიშვილმა მოუსვლელობა იმით ახსნა, რომ დაკავებული იყო. ძალიან მაინტერესებს, როდესაც პირველი არხის ჟურნალისტებს სცემენ, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ატარებენ სირცხვილის დერეფნებში, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს ლევან ყუბანეიშვილს ან სამეურვეო საბჭოს წევრებს?” - დასძენს გამოცემის რესპონდენტი.

“ყუბანეიშვილის მიერ სუბარისთვის გუშინ გაგზავნილ წერილში დაუსწრებლობა ასეა ახსნილი: “სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრებას. თქვენმა სამსახურებმა გვიან მოგვაწოდეს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ. გამომდინარე საკმაოდ დაძაბული სამუშაო გრაფიკიდან, სასურველი იქნება, თუ ინფორმაცია შეხვედრის დროის, ადგილისა და მონაწილეების შესახებ ჩვენთვის ცნობილი იქნება მინიმუმ 3 დღით ადრე, რათა მსგავსი ტიპის გაუგებრობები თავიდან იქნას აცილებული. სასურველია, შეხვედრა დილის საათებში გაიმართოს, როდესაც მაუწყებლის თანამშრომლების მიმართ პოლიტიკური პარტიების აქტივისტების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები საჯაროდ ფიქსირდება... იმედს ვიტოვებთ, რომ სახალხო დამცველი თუნდაც დაგვიანებით, ობიექტურად და საჯაროდ შეაფასებს იმ ზეწოლას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისა და რიგით თანამშრომლებზე ხორციელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ