კახა კალაძე ბორელის განცხადებაზე - მერამდენედ შეწყვიტეს ეს დაფინანსება? უკვე მესამედ აცხადებენ ამას, გავიგეთ! მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს

უკვე მესამედ აცხადებენ, რომ საქართველოს დაფინანსებას შეუწყვეტენ - მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს, რომლის განცხადებით, ევროკავშირის ფინანსური დახმარება სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული განცხადება არის სპეკულაციური.

„მსგავსი განცხადება არაერთხელ მოვისმინეთ და მერამდენედ შეწყვიტეს ეს დაფინანსება? უკვე მესამედ აცხადებენ ამას. გავიგეთ! მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს.

გვერდით რომ გადავდოთ ეს პოლიტიკური სპეკულაციური განცხადებები, რომელიც სიცრუით არის გაჟღენთილი, ყველა პარამეტრით საქართველო წინ მიდის. ნახეთ, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები, სტატისტიკები. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ევროინტეგრაციის გზაზე აქვს წინგადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება, ასევე, სხდომამდე გაკეთებულ განცხადებებს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით ჩატარდეს, კალაძის შეფასებით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა, გაყალბების ფაქტები ამ დრომდე არავის წარმოუდგენია.

„ცესკო-მ მიმართა გენერალურ პროკურატურას სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით. არჩევნების დღიდან მოყოლებული, ოპოზიციამ რაც გაიგო, რომ პირწმინდად დამარცხდნენ, დაიწყეს საუბარი გაყალბებაზე. გვეუბნებოდნენ უამრავი ფაქტი არსებობსო. თუმცა, დღემდე არავის წარმოუდგენია მტკიცებულება. პროკურატურამ კონკრეტული ადამიანებიც დაიბარა და რეალურად ფაქტები არ წარმოუდგენიათ. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები და საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი, აირჩია მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი იმ წერილზე, რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ევროკავშირს გაუგზავნა. მისი თქმით, მათი მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაა.

„ოპოზიცია ჩვეულებრივ მავნებლობას აგრძელებს. წერილი ფარულად გაგზავნეს, თუმცა, ჩვენ მოგვაწოდეს შინაარსი, რომელსაც ოთხი რადიკალური პარტია აწერს ხელს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, როგორმე სახელმწიფო და ხალხი დააზიანონ. გვახსოვს მსგავსი არაერთი ქმედება მათი მხრიდან, თუნდაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას რომ ცდილობდნენ, ასევე, იმავეს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე. ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები. აგენტურას რა უნდა მოსთხოვო? ეს ადამიანები ემსახურებიან გარე ძალებს და მათ ინტერესებს. იმ განცხადებიდან გამომდინარე, მათი მთავარი მცდელობაა, მოაწყონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა. ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ გვექნება მშვიდობა“, - აღნიშნა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა