მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - დაველოდოთ, თუ მართლა უნდათ დატოვონ მანდატები და პარლამენტი, როცა მათი უფლებამოსილება იქნება ცნობილი, მაშინ უნდა დაწერონ განცხადებები - თუ არ იციან, ვასწავლით

დაველოდოთ, თუ მართლა უნდათ მათ დატოვონ საპარლამენტო მანდატები და პარლამენტი, როდესაც მათი უფლებამოსილება იქნება ცნობილი, მაშინ უნდა დაწერონ განცხადებები. თუ არ იციან, ვასწავლით, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახულ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციის მიერ დაწერილ განცხადებებს, რითაც ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, ამ ეტაპზე, იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„იმ ადამიანების განცხადებები, რომლებმაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს და ამ მანდატებზე ახლა, საკუთარი სურვილით ამბობენ, თითქოს უარს, ეს განცხადებები არის არალეგიტიმური და ამ ეტაპზე, ამ დაწერილ განცხადებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია. მათ ე.წ. ჩახსნა სიების დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლიათ. მათი მოთხოვნა, მათი განცხადებები იურიდიულ ძალას შეიძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ უფლებამოსილებას ცნობს ახლად არჩეული პარლამენტი და უკვე ამის შემდეგ მიმართავენ იმავე შინაარსის განცხადებებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლება, მიიჩნევა, რომ ისინი ნამდვილად უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

დარწმუნებული ვარ, ეს თავადაც კარგად იციან და ამიტომაც, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ბუნებრივია, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ჩვენი ოპონენტები ამ ეტაპზე, სწორედ იმიტომ წერენ განცხადებებს, რომ შემდეგ მათ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის და საპარლამენტო მანდატების დატოვება, მანდატებზე უარის თქმა და შემდეგ, ალბათ იტყვიან, რომ ჩვენ უკვე დაწერილი გვაქვს განცხადებები და ალბათ, ახალი განცხადების დაწერისგან თავს შეიკავებენ. დაველოდოთ, თუ მართლა უნდათ მათ დატოვონ საპარლამენტო მანდატები და საქართველოს პარლამენტი, როდესაც მათი უფლებამოსილება იქნება ცნობილი მაშინ უნდა დაწერონ განცხადებები. თუ არ იციან, ვასწავლით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის განცხადებით, თუკი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას კვლავ დაარღვევს, კონსტიტუციაში გაწერილ მოვალეობას არ შეასრულებს და პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა ჩატარდება.

„შესაბამისად, პარლამენტში შევიკრიბებით და საპარლამენტო საქმიანობას შევუდგებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს