გიორგი ტყემალაძე - „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად ივლის ეროვნული ამოცანების შესრულებისაკენ

მინდა, ჩვენს გუნდს მივულოცო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ქართველი ხალხის ნებითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად ივლის ეროვნული ამოცანების შესრულებისაკენ.

ტყემალაძემ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308, 6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებით 62 953,9 ათასი ლარითაა გაზრდილი.

მისივე თქმით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი მთლიანად ქალაქის და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული და შესაბამისად, მომავალ წელს დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება.

ტყემალაძის განცხადებით, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

„თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პირველადი ვერსიით, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 62-მილიონიანი ზრდა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ვერსიაში ბიუჯეტი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. წარმოდგენილი პროექტის პირველადი ვერსია კომისიებში უკვე განვიხილეთ და გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც დედაქალაქის მთავრობას გადაეგზავნება. გვექნება კონსულტაციებიც და საბოლოოდ მივიღებთ ისეთ ბიუჯეტს, რომელიც ქალაქის საჭიროებებზე იქნება მორგებული. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული პროექტები, კეთილმოწყობის სამუშაოები, სოციალური მიმართულებები, გამწვანებული არეალების შექმნა და სხვა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გამოსვლის ბოლოს გიორგი ტყემალაძემ კოლეგებს, რომლებმაც არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლეს, გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, ისინი პარლამენტშიც გააგრძელებენ ჩვენი ქალაქისა და ქალაქელების ინტერესების დაცვას“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომლის სიტყვასაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ