2024 წლის არჩევნების შემდეგ დამდგარ რეალობაზე, არჩევნების შემდეგ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. არჩევნების დასრულების შემდეგ თვალს ვადევნებთ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის აქტიურობას საჯარო სივრცეში. გასაკვირია არაა, რომ ახლა რაც ხდება, ბევრს 2020 წლის შემდეგ ოპოზიციის მიერ არჩევნების ცნობისა და პარლამენტში შესვლა-არშესვლის იწილო-ბიწილო გაახსენა და სავსებით სამართლიანადაც.
განსხვავება ისაა, რომ 2020 წელს „ქართულ ოცნების“ მიმართ აშშ-სა და ევროკავშირს ისეთი მკაფიოდ და კრიტიკული დამოკიდებულება არ ჰქონია, როგორც დღეს. სწორედ ამის გამო ჩამოვიდა მაშინ თბილისში შარლ მიშელიც და ოპოზიცია პარლამენტში, ზოგი ადრე, ზოგიც მოგვიანებით, შევიდა.
ახლა რაც არჩევნების შემდეგ ხდება, იოლადაც კი პროგნოზირებადი იყო. იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ მთელ პროდასავლურ ოპოზიციას „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ და დასავლეთის აგენტებად მოიხსენიებდა და ამომრჩეველს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ გასამართლებასაც კი ჰპირდებოდა.
საკმაოდ ბევრს, არჩევნებამდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვითარების განმუხტვის საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევდა ის, თუ არჩევნებში არც ერთ ძალას არ ექნებოდა იმგვარი უპირატესობა, რომ პარლამენტში შეძლებდა მთავრობის ერთპარტიულად დამტკიცებას.
არჩევნებმა ცხადად გვაჩვენა, რომ ამგვარი რამ „ქართული ოცნების“ ინტერესებში არანაირად არ შედიოდა. რის გამოც მმართველი პარტიამ არჩევნებში 51%-ზე მეტი, 53, 7% მიიღო. ოპოზიციის მტკიცებით, არჩევნები გაყალბებულია. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა?
- რეალობა, რომელიც არჩევნების შედეგად ქვეყანაში დგას მძიმეა და ეს სიმძიმე რამდენიმე მიმართულებით იკვეთება. პირველ რიგში დავიწყოთ არჩევნების შედეგების და მიმდინარეობის შეფასებით. ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, იმ დარღვევებიდან გამომდინარე რაც მასიურად ვნახეთ 26 ოქტომბერს, შედეგები არის არა ლეგიტიმური და არ აღიარებს მათ.
რეალობა, რომელიც არჩევნების შედეგად ქვეყანაში დგას მძიმეა და ეს სიმძიმე რამდენიმე მიმართულებით იკვეთება
შედეგებს არ აღიარებს ასევე ოპოზიციური პარტიებიც, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ არჩევნებს „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა. ამ დროისათვის საზოგადოების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია შედეგებით. არჩევნებამდე თვეების განმავლობაში მუდმივმა ძახილმა ოპოზიციის მხრიდან, რომ გაყალბება ვერ მოხდებოდა დიდი მასშტაბით, ახლა დათვური სამსახური გაუწია ყველას.
საზოგადოება აბსოლუტურად დაბნეული და ფრუსტრირებული იყო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე. პირადად, ჩემთვის ნათელია რომ ეს არჩევნები გაყალბდა და გაყალბდა მასიურად. ამის არა ერთი მტკიცებულება ვნახეთ და ისედაც ცნობილი გახდა სხვადასხვა წყაროებიდან, თუ სახელმწიფო აპარატის რამხელა მობილიზაცია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული სასურველი შედეგების მისაღებად. არ დარჩა ფაქტობრივად სამინისტრო რომლის მონაცემებიც არ გამოყენებულა. თუმცა, ოპოზიციამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისე როგორც წინა საარჩევნოდ, მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა კომუნიკაციის თვალსაზრისით. ასევე გამოჩნდა, რომ ის არ იყო კოლექტიურად მზად მოვლენების ამ სცენარით განვითარებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მას ბევრი ვაფრთხილებდით.
საზოგადოება აბსოლუტურად დაბნეული და ფრუსტრირებული იყო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე
ერთი თვე გადის არჩევნებიდან და მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ ვერ ვხედავ სათანადო ძალისხმევის კოორდინაციას ოპოზიციასა და იმ აქტივისტების ჯგუფებს შორის, რომელიც აპროტესტებენ წართმეულ არჩევნებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ოთხმა პარტიამ ერთად შეძლო „ქართული ოცნების“ დამარცხება და არა რომელიმე ორმა ან სამმა ერთად, მხოლოდ ოთხივემ და ეს ერთობა რომელიც მათ გამარჯვების მერე უნდა ეთარგმნათ კოალიციური მთავრობაში, რომელიც გათვალისწინებული იყო ქართული ქარტიით, სათანადოდ ვერ აჩვენეს არჩევნების შემდეგ ხმების დაცვის თვალსაზრისით.
ეს ფაქტია და ამის მომსწრეც ბევრჯერ გავხდით, მიუხედავად იმისა, რომ ძირეულ საკითხებზე შეთანხმება თითქოს არსებობს, მიტაცებული არჩევნების დაცვას ჭირდება ძალისხმევის ერთობა, რომელიც მიმართული უნდა იყოს როგორც ქართული საზოგადოებისკენ, ასევე საგარეო აქტიორების მიმართაც.
ეს პროცესი პირველ რიგში, სწორ კომუნიკაციას საჭიროებს, რათა ის მოთხოვნები რაც დღეს ისმის იგივე პრეზიდენტის მხრიდან, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით, მიღწევადი გახდეს. ალბათ პრეზიდენტის როლის კიდევ უფრო გაძლიერება შესაძლებელია ამ პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ დრო ცოტაა, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და ბრძოლა გრძელდება.
ალბათ პრეზიდენტის როლის კიდევ უფრო გაძლიერება შესაძლებელია ამ პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ დრო ცოტაა, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და ბრძოლა გრძელდება
ასევე, ყველაფერთან ერთად ვხედავთ, რომ ხელისუფლება უკიდურესად ავტორიტარული მიდგომებით გამოირჩევა. სამაგალითოდ ცდილობს დასაჯოს პროტესტის მონაწილეები და არც აქციების დაშლას ერიდება.
26 ოქტომბრის არჩევნებმა გვანახა, რომ დღეს საქართველო ერთპარტიული ავტორიტარული მმართველებისკენ განუხრელად მიილტვის და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პროცესი სამომავლოდ მხოლოდ გაძლიერდება. ანტი დასავლური პროპაგანდა არ ჩერდება და ნათელია, რომ უპირველესი მიზანი მმართველი გუნდისათვის, ძალაუფლების შენარჩუნებაა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ყოფნა არ ყოფნის საკითხი.
26 ოქტომბრის არჩევნებმა გვანახა, რომ დღეს საქართველო ერთპარტიული ავტორიტარული მმართველებისკენ განუხრელად მიილტვის და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პროცესი სამომავლოდ მხოლოდ გაძლიერდება. ანტი დასავლური პროპაგანდა არ ჩერდება და ნათელია, რომ უპირველესი მიზანი მმართველი გუნდისათვის, ძალაუფლების შენარჩუნებაა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ყოფნა არ ყოფნის საკითხი
ასევე, დღეს საზოგადოებაში არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის მარცხმა, შეიძლება უმძიმესი დარტყმა მიაყენოს მთლიანად მთელს პოლიტიკურ სპექტრს. ოპოზიცია დღევანდელი ფორმით ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე იმყოფება და იმედია ამას ყველა მათგანი ხვდება.
ამიტომ, გარკვეული განცხადებები, შეუთანხმებელი მოქმედებები ჩემთვის გაკვირვებას იწვევს. ასევე არ მესმის გაუგებარი და ბუნდოვანი განცხადებები პარლამენტში შესვლის თაობაზე. მაშინ როცა მთელი საზოგადოება ერთად უნდა ვიდგეთ, ერთიანი მიზნისკენ მიმავალნი, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებს, დავიბრუნოთ თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლება, მთავარი აქტორები ერთობლივი მოქმედების სტრატეგიულ საკითხებზე აშკარად ვერ თანხმდებიან და ხშირად სხვადასხვა ენაზე ესაუბრებიან მოსახლეობას. დროა ერთმანეთის მიმართ კრიტიკაზე უარი თქვან და თავი შეიკავონ მაქსიმალურად.
დღეს საზოგადოებაში არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის მარცხმა, შეიძლება უმძიმესი დარტყმა მიაყენოს მთლიანად მთელს პოლიტიკურ სპექტრს. ოპოზიცია დღევანდელი ფორმით ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე იმყოფება და იმედია ამას ყველა მათგანი ხვდება
ჩვენს წინა ინტერვიუებში, მე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ოპოზიციას საზოგადოებრივი მოჭიდება აკლია და ეს ამ არჩევნებზე ძალიან მწვავედ გამოჩნდა. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა პირველ რიგში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა ხმა და მერე ვინმეს სასარგებლოდ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მათთანაც აუცილებელი იყო საუბარი.
წინა საარჩევნო გარემო ამ პოლარიზებულ რეჟიმში დარჩა, რასაც ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობდა. ამ წინააღმდეგობის გადალახვა კი ოპოზიციამ ვერ შეძლო. დამდგარი შედეგების ფონზე კი, ახლა სათანადო საზოგადოებრივი პროტესტის გაღვივება და მისთვის სწორი კალაპოტის მიცემა ჭირს და ამას ყველა ვხედავთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ოპოზიციის თაოსნობით, აუცილებელია საზოგადოებრივი და საპროტესტო აქტივიზმის „გადაჯგუფება“, უკეთ კოორდინაცია და საზოგადოების ერთ ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდობასა და სტუდენტებს შორის წარმოქმნილი დემორალიზაციის გადალახვა.
ოპოზიციის თაოსნობით, აუცილებელია საზოგადოებრივი და საპროტესტო აქტივიზმის „გადაჯგუფება“, უკეთ კოორდინაცია და საზოგადოების ერთ ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდობასა და სტუდენტებს შორის წარმოქმნილი დემორალიზაციის გადალახვა
ეს ადამიანები გაზაფხულის აქციების დროს პროტესტის ავანგარდში იყვნენ, დღეს კი პასიურობენ, რატომ დადგა ეს შედეგი? ამ ყველაფრის შემოტრიალება მხოლოდ ერთიანი მოქმედებებით მიიღწევა. ამისთვის თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ჩვენი ადამიანური ძალისხმევით მნიშვნელოვანია, თუმცა მარტო ეს არ კმარა.
- თუ არჩევნების წინ საკმაოდ დაბალი იყო „ქართული ოცნების“ ერთპარტიულად გამარჯვების ალბათობა, ახლა ვხედავთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ივანიშვილის პარტიამ ოპოზიციაზე გამარჯვება უკვე იზეიმა.
მას არჩევნებში გამარჯვება მეზობელი ქვეყნების და ისეთი ქვეყნების ლიდერებმაც კი მოულოცეს გამარჯვება, სადაც დემოკრატიას აშკარად აქვს პრობლემები. აღარაფერს ვამბობ, იმაზე, რომ მათ მოლოცვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამღიარებელი ქვეყნის, ვენესუელის პრეზიდენტისგანაც მიიღეს. ოპოზიცია, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, არჩევნებზე მასიური დარღვევების ფაქტებზე საუბრობენ, ასევე იმაზე, რომ ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო, ემიგრაციას არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ოპოზიციამ ევროკავშირისაგან საქართველოში 2024 წლის არჩევნების შედეგების შესწავლა და გამოძიება საერთაშორისო ეგიდით მოითხოვა, მაგრამ დღეისათვის რაც ვიცით ისაა, რომ ჩვენთან არჩევნების შედეგების საქმეს ეუთო-ოდერის ჯგუფი შეისწავლის. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების შესასწავლად ევროკავშირის ეგიდით არ შექმნილა საგამოძიებო კომისია, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებს ეუთო/ოდერის ჯგუფი შეისწავლის?
- ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც „ქართულ ოცნებას“ აღელვებს ეს არის ლეგიტიმაციის საკითხი. როგორც საშინაო, ისე საგარეო. ვფიქრობ, თუ ოპოზიცია არც ერთ ვარიანტში არ შევა პარლამენტში, ეს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას და ქმედუნარიანობას ფუნდამენტურად შეარყევს. ეს ნებისმიერ სცენარში ასე იქნება.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც „ქართულ ოცნებას“ აღელვებს ეს არის ლეგიტიმაციის საკითხი. როგორც საშინაო, ისე საგარეო. ვფიქრობ, თუ ოპოზიცია არც ერთ ვარიანტში არ შევა პარლამენტში, ეს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას და ქმედუნარიანობას ფუნდამენტურად შეარყევს. ეს ნებისმიერ სცენარში ასე იქნება
მაგრამ, ცალკე საუბრის თემაა საგარეო მიმართულება. ევროკავშირი ბუნებრივია არ ჩქარობს არჩევნების შედეგების პირდაპირ ლეგიტიმაციას და ვფიქრობ დაელოდება ტექნიკური მისიის მუშაობის დასრულებას. არ გამოვრიცხავ, თუმცა, ნაკლებ სავარაუდო მგონია საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, ვინაიდან, გაყალბების მასშტაბების გამოძიების თვალსაზრისით, უმთავრესი როლი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას აქვს. მას დაეყრდნობა ტექნიკური მისიაც, ვინაიდან ნაკლებ სავარაუდოა სახელმწიფო უწყებებმა ამ გამოძიებასთან ითანამშრომლონ.
ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ევროკავშირი და დასავლეთი დიდ სურათს უყურებს პირველ რიგში. თუ გარკვეული დროის მანძილზე ვერ მოხერხდება არჩევნების მასიური გაყალბების სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შედეგად ევროკავშირის დარწმუნება, მაშინ ვფიქრობ, „ოცნებას“ გარკვეულწილად საგარეო ლეგიტიმაციის პრობლემები მოეხსნება, თუმცა ეს არ ნიშნავს მისი იზოლაციის დასრულებას.
თუ გარკვეული დროის მანძილზე ვერ მოხერხდება არჩევნების მასიური გაყალბების სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შედეგად ევროკავშირის დარწმუნება, მაშინ ვფიქრობ, „ოცნებას“ გარკვეულწილად საგარეო ლეგიტიმაციის პრობლემები მოეხსნება, თუმცა ეს არ ნიშნავს მისი იზოლაციის დასრულებას
ხოლო, ევროკავშირის ძალისხმევა პირველ რიგში ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ცალკე საუბრის თემაა აშშ-ს რეაგირება ამ ყველაფერზე, მაშინ როდესაც იქ ახლა გარდამავალი პერიოდია ორ ადმინისტრაციას შორის. ოპოზიციას ვურჩევდი აქტიურად იმუშაონ უკვე ახლა ტრამპის გუნდთან.
ზოგადად, აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ საგარეო დამოკიდებულებებზე არჩევნების მიმართ, უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით საზოგადოების რეაქცია და პროტესტი, ამიტომ, აუცილებელია ამ მხრივ საპროტესტო მუხტის შენარჩუნება და ხელისუფლების იძულება დათანხმდეს ახალ არჩევნებს. თუ ეს ვერ მოხერხდება, პირადად ჩემი მოლოდინია, რომ ოპოზიციის მარგინალიზაცია მოხდება და პროდასავლურად განწყობილ მოსახლეობაში სერიოზული ნიჰილიზმი დაისადგურებს.
აუცილებელია ამ მხრივ საპროტესტო მუხტის შენარჩუნება და ხელისუფლების იძულება დათანხმდეს ახალ არჩევნებს. თუ ეს ვერ მოხერხდება, პირადად ჩემი მოლოდინია, რომ ოპოზიციის მარგინალიზაცია მოხდება და პროდასავლურად განწყობილ მოსახლეობაში სერიოზული ნიჰილიზმი დაისადგურებს
ამ ფონზე, დასავლეთიც რთულ მდგომარეობაშია, მისი ქმედებები ერთის მხრივ მიმართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენისკენ და მეორეს მხრივ, უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი ივანიშვილის ღიად ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ. არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში დასავლეთს სერიოზული და კარგად გათვლილი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის გარკვეული სანქციების დაწესების კუთხითაც. უკრაინის ომი და მისი გავლენა რეგიონზე ხომ არსად წასულა.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნები არასდროს ყოფილა ერთმნიშვნელოვნად რადიკალური არჩევნების შეფასების კუთხით. თუ ეს ახლა მოხდება, რაც ნაკლებ სავარაუდოა, ეს იქნება საბაბი და სიგნალი ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი ხისტი პოლიტიკური ნაბიჯების თაობაზე. მაგრამ ეს დასკვნა არაა ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანცია, ყველაფერი პირველ რიგში მაინც ჩვენზეა დამოკიდებული.
ეუთო/ოდირის დასკვნები არასდროს ყოფილა ერთმნიშვნელოვნად რადიკალური არჩევნების შეფასების კუთხით. თუ ეს ახლა მოხდება, რაც ნაკლებ სავარაუდოა, ეს იქნება საბაბი და სიგნალი ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი ხისტი პოლიტიკური ნაბიჯების თაობაზე. მაგრამ ეს დასკვნა არაა ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანცია, ყველაფერი პირველ რიგში მაინც ჩვენზეა დამოკიდებული
- ახლა ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტში არა თუ არ შევა, ახლავე ითხოვს ცესკოსაგან მათი პარტიული სიების ჩახსნას.
ოპოზიციის მიერ ნაწილი კი ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა, არც სიებს არ ჩახსნის, და ამისთვის „მანდატების ჩახსნისთვის ადეკვატური მომენტი მაშინ იქნება, როცა დასავლეთი იტყვის თავის პოზიციას, ახლა განცხადების დაწერა აზრს მოკლებულია“. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს უკანასკნელი სხდომის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ან თუნდაც იმით რომ ოპოზიციამ უარი თქვა საერთაშორისო ეგიდით საგამოძიებო ჯგუფის შექმნაზე, იქმნება შთაბეჭდილება, მსოფლიოში შექმნილი საკმაოდ გართულებულ ვითარებაზე, ევროკავშირი უარს არ იტყვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.
თუ ბრიუსელიდან ამგვარი პასუხი საბოლოო იქნა, საინტერესოა ასეთ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად თვლის და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბრიუსელიდან შარლ მიშელი, ან ვინმე ისევ ჩამოვიდეს?
- არ მაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირიდან საგანგებო მისიით ვინმე ჩამოვა და კიდევ ერთხელ შეეცდება შარლ მიშელივით განსაკუთრებული როლი ითამაშოს. ახლა აბსოლუტურად სხვა რეალობაა და უკვე არსებული გამოცდილებაც არსებობს ამ მხრივ, თუ როგორ დასრულდა წინა ძალისხმევა. მითუმეტეს ოთხი წლის წინ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ ყოფილა სასწორზე. ამიტომ, პირადად მე, მეეჭვება ევროკავშირმა საგანგებო მისიით ვინმე გამოგზავნოს. ამ ოთხ წელიწადში ბევრი რამე შეიცვალა. პირველ რიგში დაიწყო ომი უკრაინაში და საქართველოს მმართველმა გუნდმა დასავლეთთან უკიდურესი კონფრონტაციის გზა აირჩია. მე ის მაშინებს, რომ ეს მხოლოდ საარჩევნოდ არ მომხდარა და საქმე უფრო შორს მიმავალ საგარეო პოლიტიკურ შედეგებთან შეიძლება გვქონდეს, რაც გარიყავს საქართველოს დასავლეთისგან. ის, რომ ახლა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი არ განახლდება, ეს უდავოა.
პირადად მე, მეეჭვება ევროკავშირმა საგანგებო მისიით ვინმე გამოგზავნოს. ამ ოთხ წელიწადში ბევრი რამე შეიცვალა. პირველ რიგში დაიწყო ომი უკრაინაში და საქართველოს მმართველმა გუნდმა დასავლეთთან უკიდურესი კონფრონტაციის გზა აირჩია. მე ის მაშინებს, რომ ეს მხოლოდ საარჩევნოდ არ მომხდარა და საქმე უფრო შორს მიმავალ საგარეო პოლიტიკურ შედეგებთან შეიძლება გვქონდეს, რაც გარიყავს საქართველოს დასავლეთისგან. ის, რომ ახლა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი არ განახლდება, ეს უდავოა
ასევე ვფიქრობ, რომ დასავლეთის მხრიდან „ოცნებასთან“ ვაჭრობაში შესვლა ძალიან დათვურ სამსახურს გაუწევს მას, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმა შეიძლება ყველაფერი იკადრონ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, წავიდნენ ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებაზე და მერე ეს ყველაფერი შერჩეთ. არ მგონია ეს იგივე ევროკავშირის ინტერესში იყოს. ამიტომ, ევროკავშირის მხრიდან არ ველოდები წარსულის მცდელობების გამეორებას. თუ ეს მოხდა, ჩემი შეფასებით, ევროკავშირისათვის ეს ფატალური შეცდომა იქნებოდა.
- კვალიფიციური იურისტების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კონსტიტუციაში არ არსებობს ნორმა, რომლითაც პრეზიდენტის განკარგულების გარეშეა შესაძლებელი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარება, „ქართული ოცნების“ გუნდის მტკიცებით, პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტმაც სალომე ზურაბიშვილმაც შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ როგორც ამ სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განმატა, ამ საკითხზე სასამართლოს შეუძლია ერთი თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება. ბევრი არ გამორიცხავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილებას მანამდე არ მიიღებს, ვიდრე მას საპრეზიდენტო ვადა არ ამოეწურება.
თუ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტის განკარგულების გარეშე გაიმართა, სამართლებრივად ეს რამდენად სწორი იქნება?
სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილებას, როდის გამოიტანს?
- მე ამ იურიდიულ და კონსტიტუციურ კაზუისტიკაში ვერ შევალ, ამის სათანადო კვალიფიკაცია არ გამაჩნია, თუმცა, პირადად ნათლად ვხედავ, რომ „ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, 25 ნოემბერს ახალი პარლამენტი შეიკრიბოს და ცნონ დეპუტატების უფლებამოსილება.
კარგად გვესმის რომ სასამართლო მიტაცებულია, ამიტომ გადამწყვეტ მომენტში საკონსტიტუციო სასამართლოსგან რაიმე დამოუკიდებლობის დემონსტრაციას ნაკლებად ველოდები, თუმცა მისასალმებელი იქნებოდა. იქ მყოფ ადამიანებს აქვთ შანსი ისტორიაში შევიდნენ და გადაარჩინონ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი.
კარგად გვესმის რომ სასამართლო მიტაცებულია, ამიტომ გადამწყვეტ მომენტში საკონსტიტუციო სასამართლოსგან რაიმე დამოუკიდებლობის დემონსტრაციას ნაკლებად ველოდები, თუმცა მისასალმებელი იქნებოდა. იქ მყოფ ადამიანებს აქვთ შანსი ისტორიაში შევიდნენ და გადაარჩინონ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი
- უკვე ცნობილია, რომ 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება - მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. როგორც ჩანს, „ქართული ოცნებას“ 25 ნოემბერს საზეიმო განწყობა ექნება.მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 25 ნოემბერს პარლამენტთან აქციის გამართვისთვის ემზადებიან.
გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მოუწოდა არ დაესწრონ პარლამენტის პირველს სხდომას. ამაზე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პირველ სხდომაზე დიპკორპუსის წარმომადგენლები არ იქნებიან, რადგან ისინი თავად არ მოუწვევია. ისეთი პირი უჩანს, 25 ნოემბერი უხმაუროდ არ ჩაივლის. იმედია, 25 ნოემბერი მშვიდობიანად ჩაივლის, მაგრამ, ფაქტია, თუ პარლამენტი შემდეგაც ერთპარტიული იქნება, ეს ქვეყანას ხელს შეუშლის იმოძრაოს ევროკავშირის მიმართულებით. ბრიუსელი საქართველოსგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონისა“ და ასევე რიგი სხვა კანონების გაუქმებისკენ მოგვიწოდებს, ამ მოწოდებაზე „ქართული ოცნების“ პასუხიც ცნობილია.
წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ახლაც წარდგენილია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, განაცხადა - „როდესაც რადიკალიზმი წახალისებულია უცხოეთიდან დაფინანსებით, აქ დგას პასუხისმგებლობა იმ უცხოელი აქტორების, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში“
მას შემდეგ, რაც პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, როგორც ამბობენ, ორ კვირაში პრემიერი ირაკლი კობახიძე პარლამენტს სამომავლო გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს, სავარაუდოდ, რა ტიპის საშინაო და საგარეო პრობლემები ექნება „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას?
ამ თემებზე საუბარი, მოდით საშინაო პრობლემებით დავიწყოთ...
- „ქართული ოცნება“ პოლიტიკის შეცვლას, რომ არ აპირებს ეს ყველაფერში ჩანს და იგრძნობა. საშინაო თვალსაზრისით, დადგება რეალობა, როდესაც ქვეყნის შიგნით გვეყოლება ხელისუფლება რომელსაც მისივე შედეგებით წაგებული აქვს ყველა დიდი ქალაქი და მიტაცებული არჩევნებით იქნება ძალაუფლებაში. თუ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, ეს იქნება არსებული პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება. გვექნება ერთპარტიული, კომუნისტური ყაიდის მმართველობა, რისი სტილისტიკაც ზოგადად ასე უხვად უკვე აქვს „ქართულ ოცნებას“ აღებული სხვადასხვა ფორმით.
თუ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, ეს იქნება არსებული პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება. გვექნება ერთპარტიული, კომუნისტური ყაიდის მმართველობა, რისი სტილისტიკაც ზოგადად ასე უხვად უკვე აქვს „ქართულ ოცნებას“ აღებული სხვადასხვა ფორმით
თუ არსობრივად არაფერი შეიცვალა და არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი დარჩა, მოსახლეობის დიდი ნაწილი იმედგაცრუებული და ფრუსტრირებული იქნება არსებული რეალობით. ვფიქრობ ქვეყნიდან წამსვლელთა რიცხვიც გაიზრდება. თუ ამ ყველაფერს დასავლეთის მხრიდან სანქციებიც დაემატა, მაშინ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური პრობლემებიც დაემატოს, რაც ამჟამინდელ ვითარებაშიც არაა გამორიცხული. ასეთი არჩევნებით ქვეყანამ უკვე მიიღო დიდი რეპუტაციული ზიანი და ეს მყისიერად ასახა საფონდო ბირჟებმაც.
ვერც არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები შენარჩუნდება, როგორც ამას ეკონომისტები ამბობენ. ჯამში მივიღებთ პარტიულ და საბიუჯეტო ერთგულებაზე ჩამოკიდებულ ეკონომიკას და საზოგადოებას, რომელიც იქნება სტრუქტურულ კრიზისში. თუ „ოცნებამ“ გააგრძელა რეპრესიული მანქანის ამუშავება, პირველი დარტყმის ობიექტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გახდებიან, რომლებიც ხელისუფლებისთვის არიან მიუღებელნი. ასევე სამიზნე იქნება დამოუკიდებელი უნივერსიტეტებიც.
საგარეო ჭრილში, უპირველესად ის არის აღსანიშნავი, რომ ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იქნება შეჩერებული. ქვეყანა ამდაგვარი განვითარების გზით გადაინაცვლებს ავტორიტარული რეჟიმების მეგობართა კლუბში, საუკეთესო შემთხვევაში იქნება უნგრულ-სერბული მოდელის ნაზავი ადგილობრივი სპეციფიკით. ასეთ ვითარებაში ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო ცხოვრების ნორმალურ ვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელი იქნება. საგარეო კონიუნქტურის საბოლოო კონტურებს და ასევე ჩვენს ადგილს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში უკრაინის ომის დასასრული განსაზღვრავს.
ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იქნება შეჩერებული. ქვეყანა ამდაგვარი განვითარების გზით გადაინაცვლებს ავტორიტარული რეჟიმების მეგობართა კლუბში, საუკეთესო შემთხვევაში იქნება უნგრულ-სერბული მოდელის ნაზავი ადგილობრივი სპეციფიკით. ასეთ ვითარებაში ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო ცხოვრების ნორმალურ ვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელი იქნება. საგარეო კონიუნქტურის საბოლოო კონტურებს და ასევე ჩვენს ადგილს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში უკრაინის ომის დასასრული განსაზღვრავს
ასეთ რეალობაში, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ისეთი ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსი, რომ ქვეყნის განვითარების რაიმე ალტერნატიული, ეფექტური კონცეფცია მოიფიქროს და განახორციელოს. დღეს იგი მხოლოდ პარტიული და ერთპიროვნული ერთგულების ნიშნით არის დაკომპლექტებული. რა იმედებსაც არ უნდა ამყარებდნენ ეწ. ანტი ლიბერალური, კონსერვატიული ძალები „ქართულ ოცნებაზე“, ეს იმედები მათ გაუცრუვდებათ.
ხელში ყველას ავტორიტარული, საუკეთესო შემთხვევაში, ჰიბრიდული რეჟიმი შეგვრჩება თანამედროვე „ფეოდალიზმის“ ნიშნებით. ამას გვკადრულობს პოლიტიკური მეცნიერებების ლოგიკა.
- მას შემდეგ რაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა, ბევრი ვარაუდობს, რომ მისი გამარჯვების შემდეგ სერიოზული ცვლილებები მოხდება უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, ასევე ახლო აღმოსავლეთში, აშშ-სა ევროპის ურთიერთობებშიც ელოდებიან ცვლილებებს.
მიუხედავად, იმისა, დასახელებულ ურთულეს საკითხებში რა და როგორ იქნება, ასეთ ვითარებაში სავარაუდოდ, რა ტიპის საგარეო პრობლემები და გამოწვევები ექნება „ქართულ ოცნებას?
- ეს დამოკიდებულია პირველ რიგში დასავლეთის მხრიდან განხორციელებულ და არჩეულ პოლიტიკაზე ჩვენს მიმართ და თუ არაფერი შეიცვალა არჩევნების შედეგების თვალსაზრისით და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება მომდევნო ოთხი წელი. ასევე მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა სანქციები, მიიღებს თუ არა ევროკავშირის ქვეყნები გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე მაგალითად და აშ.
გარდა ამისა, დასავლეთისგან იზოლირებულ საქართველოზე გაიზრდება ზეწოლა მოსკოვისგან, რომ ჩაერთოს რეგიონულ ფორმატებში, ისეთში როგორიც არის 3+3 და აშ. არსებობს რისკები, როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების შექმნისა ქვეყანაში და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება სწორედ „ქართული ოცნება“. ასე, რომ რისკები ბევრნაირია და ნამდვილად არსებობს.
დასავლეთისგან იზოლირებულ საქართველოზე გაიზრდება ზეწოლა მოსკოვისგან, რომ ჩაერთოს რეგიონულ ფორმატებში, ისეთში როგორიც არის 3+3 და აშ. არსებობს რისკები, როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების შექმნისა ქვეყანაში და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება სწორედ „ქართული ოცნება“. ასე, რომ რისკები ბევრნაირია და ნამდვილად არსებობს
თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე ბუნდოვანი ცვლადია, რაც გადამწყვეტ გავლენას იქონიებს ამ პროცესზე. ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა საქართველოსადმი და ფართოდ რეგიონისადმი, უკრაინის ომის მიმდინარეობა, ან მისი შესაძლო დასრულების შედეგები.
ასევე ევროკავშირის პოზიცია არჩევნების შედეგების მიმართ, რაც მკვეთრ კონტურებს ალბათ დეკემბრიდან მიიღებს. „ქართული ოცნების“ ადგილას კარგად დავფიქრდებოდი სტრატეგიულ მარტოობაში მყოფებს, უკრაინის ომისგან განთავისუფლებული მოსკოვის მხრიდან რამხელა საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას. - მალე სამი წელი იქნება რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და უკრაინა აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების დახმარებით წინააღმდეგობას უწევს აგრესორ რუსეთს. მშვიდობა, ალბათ ყველაზე მეტად უკრაინელ ხალხს უნდა, მაგრამ, არა რუსებისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინაში რუსეთმა საერთაშორისო სამართლის 10-ვე პრინციპი დაარღვია და თუ ასე დარჩა, წესით, ეს ჩვენ არ უნდა გვაწყობდეს, რადგან რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არა მხოლოდ ოკუპირებული აქვს, ახლა ამ ტერიტორიების ანექსიას აქტიურად ახორციელებს.
უცნაური ისაა, რომ ეს პროცესი ჩვენი ხელისუფლების დუმილის ფონზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობს, და თუ რატომაა ასე, ეს კიდევ სხვა საკითხია.
თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ისეთივე იქნება, როგორც წინა ოთხი წელი იყო, არაა გამორიცხული საქართველომ აშშ-სა და ევროკავშირის პარტნიორისა და მოკავშირის სტატუსი დაკარგოს. იმ რიტორიკის ფონზე, თუ როგორი რიტორიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ არჩევნებამდე, კიდევ საკითხავია, აშშ და ევროკავშირი გვთლიან ჩვენ თუ არა მათ პარტნიორებად.
იმ შემთხვევაში, თუ საგარეო პოლიტიკაში ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ისეთივე დარჩა, როგორც 2024 წლის არჩევნებამდე, რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა?
- საგარეო მიმართულებით გამოწვევებს რაც შეეხება. საქართველოს წინაშე არსებული ფუნდამენტური საფრთხეები ძალაშია. ოკუპირებული ტერიტორიები, რუსული გავლენების ზრდა და ამ ყველაფრის ფონზე რეგიონში ყველაზე სუსტი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, ქვეყანაში არ არსებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკით საქართველო იქნება ფაქტობრივად მარტო, ტრადიციული მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე, ყველანაირი არსებული გამოწვევების წინაშე.
ამ მხრივ, განსაკუთრებით გავლენას, რა თქმა უნდა, უკრაინის ომის შედეგები იქონიებს, რომელიც ფაქტობრივად ახალი უსაფრთხოების არქიტექტურას შექმნის ფართოდ რეგიონში. სად იქნება ამ პროცესებში საქართველო? დღეს არსებული საგარეო პოლიტიკით, საუკეთესო შემთხვევაში “status quo” შენარჩუნდება, უარეს შემთხვევაში კი ავტორიტარული ქვეყნების მეგობართა კლუბში აღმოვჩნდებით.
დღეს არსებული საგარეო პოლიტიკით, საუკეთესო შემთხვევაში “status quo” შენარჩუნდება, უარეს შემთხვევაში კი ავტორიტარული ქვეყნების მეგობართა კლუბში აღმოვჩნდებით
მე ვერ ვხდები ასეთ ვითარებაში როგორ უნდა გააგრძელოს სახელმწიფო აპარატმა ფუნქციონირება, როდესაც ის რასაც ამდენი წელი ემსახურებოდი უცებ ჩერდება, პაუზდება და რადიკალურად იცვლის კურსს. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მდუმარებას.
კონსტიტუციური ჩანაწერის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილების პროცესს ვუყურებთ და მათგან ამის მიმართ კონფორმისტული შემგუებლობა იკითხება. ჯამში შეიძლება იმხელა ფრუსტრაცია მივიღოთ საზოგადოების და საჯარო სექტორის ფართო მასებში, რომ ამან ქვეყნის სისტემური და შინაარსობრივი უკუსვლა გამოიწვევს არა ერთ სფეროში. ქვეყანას დატოვებს მისი საუკეთესო ნაწილი, რომელიც ვერ შეეგუება თავისუფლების ხარისხის ფუნდამენტურ გაუარესებას. ის ყველაფერი რისთვისაც ვიბრძოდით ბოლო 30 წელი საფრთხის ქვეშ დადგება.
უკრაინაში ომის შედეგად შეგვექმნა ისტორიული შანსი, ფანჯარა საბოლოოდ დაგვეღწია თავი პოსტ საბჭოთა სივრციდან და გავმხდარიყავით ევროპის ნაწილი. რეალობაში კი „ქართული ოცნება“ მოგონილი შიშებითა და ვითომ ტრადიციული ღირებულებების დაცვის ეგიდით, უკან გვექაჩება წარსულში საბჭოთა ნომენკლატურის საუკეთესო მენტალური ტრადიციების გამოყენებით.
უკრაინაში ომის შედეგად შეგვექმნა ისტორიული შანსი, ფანჯარა საბოლოოდ დაგვეღწია თავი პოსტ საბჭოთა სივრციდან და გავმხდარიყავით ევროპის ნაწილი. რეალობაში კი „ქართული ოცნება“ მოგონილი შიშებითა და ვითომ ტრადიციული ღირებულებების დაცვის ეგიდით, უკან გვექაჩება წარსულში საბჭოთა ნომენკლატურის საუკეთესო მენტალური ტრადიციების გამოყენებით
ამის და მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ვიპოვოთ ძალები საკუთარ თავში, რომ ამ პროცესებს წინ აღვუდგეთ.
„ინტერპრესნიუსი” კობა ბენდელიანი