2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველ დღეს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ოლიმპიადაზე რეგისტრირებულებს საშუალება აქვთ გაიარონ ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის) და გერმანულ ენაში.
„პირველი ტური მხოლოდ ელექტრონულად ტარდება შემდეგი ბმულის - https://ol-test.naec.ge საშუალებით. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge.
ოლიმპიადის დეტალური განრიგი, ტესტირების ინსტრუქცია და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ასევე ჩატარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და უცხოური ენა.
მეორე ტურში გადავა ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტს და ამასთან ერთად მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. ოლიმპიადის მომდევნო ტურები სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გაიმართება (მისამართები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება).
გასული წლის მსგავსად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში გაევლოთ საცდელი ტესტირება. მოსწავლეს საშუალება ჰქონდა ყოველგვარი შეფასების გარეშე ევარჯიშა და წინასწარ გაცნობოდა იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ტარდება ტესტირება.
ოლიმპიადა ყოველ წელს 3 ტურად ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.