უკვე გვყავს ათასობით წარმატებული ორენოვანი ახალგაზრდა, რომლებსაც, სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობებმა პიროვნული რეალიზების, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართვისა და დასაქმების პერსპექტივები გაუფართოვა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უწყების პოლიტიკის ძირითად მექანიზმს საქართველოს მთავრობის 2021-30 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგენს, რომელიც მეოთხე წელია, პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს.
„ახლა კი, თქვენი ნებართვით, მოკლედ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც მიზნად საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის თანაბარუფლებიანი გარემოსა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს.
აღნიშნული პოლიტიკის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2021-30 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია, რომლის განხორციელებაც უკვე მეოთხე წელია, პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს.
ხაზგასასმელია, რომ ჩვენი პოლიტიკის გრძელვადიან ორიენტირებად გაცხადებულ ურთიერთდაკავშირებულ პრიორიტეტებს შორის, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ქართული ენის ცოდნა ჩვენი არაქართულენოვანი მოსახლეობის სრულფასოვანი ინტეგრაციის, პიროვნული და პროფესიული განვითარების, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის, ასევე, სხვადასხვა ეთნოსებს შორის კომუნიკაციისა და კულტურის გაზიარების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.
ამ მიმართულებით დღემდე არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაინერგა რიგი მნიშვნელოვანი მექანიზმები და ინიციატივები, რომელთა შედეგად ეტაპობრივად უმჯობესდება ქართული ენის სწავლება განათლების ყველა საფეხურზე, ასევე ზრდასრულთა განათლების დონეზე, როგორც მეთოდოლოგიურად, ისე გეოგრაფიული დაფარვის თვალსაზრისით.
შედეგად, უკვე გვყავს ათასობით წარმატებული ორენოვანი ახალგაზრდა, რომლებსაც, სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობებმა პიროვნული რეალიზების, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართვისა და დასაქმების პერსპექტივები გაუფართოვა.
ჩვენი სამომავლო გეგმები აღნიშნული პროცესების თანმიმდევრულ და მდგრად გაუმჯობესებას, სტრატეგიული ამოცანების ეფექტურად რეალიზებასა და კიდევ უფრო მასშტაბური შედეგების მიღწევას ითვალისწინებს. ამასთან, გაუმჯობესდება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და აქტუალურ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობით, რითაც ინტეგრაციის პროცესში მათი რესურსის ეფექტურობის ამაღლებას შევუწყობთ ხელს.
ჩვენი ხედვა პრიორიტეტულად განიხილავს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს. ამ მიზნით ძალისხმევა მიემართება სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, სამეწარმეო უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე.
გაგრძელდება კულტურათაშორისი დიალოგის სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რომელიც ეთნო-კულტურული იდენტობის და თვითმყოფადობის დაცვას, შენარჩუნებასა და გაზიარებას, მთლიანობაში კი კულტურულად მრავალფეროვანი, თანასწორი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა.