მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს მთელი თავისი გამოცდილებით ჯიბეში ჩაისვამს - პრეზიდენტი არ არის ბიოგრაფია, პრეზიდენტად ბიოგრაფიას არ ვირჩევთ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ხალხის სურვილია, რომ ქვეყნის წარმომადგენელი იცავდეს საქართველოს ინტერესებს. ის დასძენს, რომ მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში ჩადგება.
„მიხეილ ყაველაშვილი გამოირჩევა იმით, რომ ის არის პრინციპული ადამიანი, სამშობლოზე შეყვარებული. მას რომ ბეგრაუდი და პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია, მათ შორის, უცხოელებთან ურთიერთობის, ასევე, უცხოელებთან სამშობლოს დაცვის, სალომე ზურაბიშვილს და მარგველაშვილს მთელი თავისი გამოცდილებით ჯიბეში ჩაისვამს. პრეზიდენტი არ არის ბიოგრაფია. პრეზიდენტად ბიოგრაფიას არ ვირჩევთ. ხალხს უნდა, რომ მისი ქვეყნის წარმომადგენელი იცავდეს საქართველოს ინტერესებს.
რატომ მიხეილ ყაველაშვილი? - იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში უნდა ჩადგეს. გარდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევდა, გამოდიოდა მოქალაქეებს ლანძღავდა, საზღვარგარეთ საქართველოს „აშავებდა", რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და ა.შ.. ამის გარდა, ადამიანი არავის ხვდებოდა, ქართულ მედიაშიც კი არ მიდიოდა, უცხოურ მედიას აძლევდა ინტერვიუს და მეტსაც გეტყვით, პირდაპირ ამბობდა, რომ ის ისმენს უცხოელების რეკომენდაციას და არა ქართველი ხალხის რეკომენდაციებს.
რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწუნა 70 მილიონი ამერიკელის მიერ არჩეული დონალდ ტრამპი და რა გიკვირთ ახლა, რომ ქართული იდენტობის დამცველი მიხელი ყაველაშვილი დაიწუნონ? ასევე, ამბობდნენ ორბანზე, რომელიც ახლა წამყვანი ფიგურა ხდება ევროკავშირში“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც გუნდთან ერთად დაუპირისპირდა უცხოურ ძალას, რომელსაც „სურდა საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმება“.
„ოპოზიციას შოკი დიდხანს ექნება, ისედაც დაშოკილები იყვნენ მარცხის გამო...მიხეილ ყაველაშვილის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატად, რა თქმა უნდა, შოკი იყო ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც არის საქართველოს ინტერესების გამტარებელი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად დაუპირისპირდა იმ უცხოურ ძალას, რომელსაც სურდა საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმება. რეალურად, მიხეილ ყაველაშვილის მოუწევს პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, რომელსაც ღირსება ჰქონდა დაკარგული, რომელიც იყო არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად გადაქცეული, საქართველოს ინტერესების დამცველ ინსტიტუტად აღდგენა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეტყობინებები მოგვდის. ოპოზიცია და ჩვენი ამომრჩევლების ნაწილი არ მოელოდა, რომ ასეთი კარგი კანდიდატი დასახელდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ამ პრეზიდენტების რიგში იქნება ისეთი ადამიანი, ვის მიმართაც კითხვის ნიშანი, საერთოდ არ იქნება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.