ბადრი ჯაფარიძე - გვექნება ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატი, წინააღმდეგობას გავუწევთ რუსულ რეჟიმს

ქართველი ხალხი იღებს ხელში ინიციატივას, ჩვენ ვალდებული ვართ, ვიყოთ ჩვენი ხალხის გვერდით, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატზე შეთანხმდა.

“ქართველი ხალხი იღებს ხელში ინიციატივას, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიყოთ ჩვენი ხალხის გვერდით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატი, წინააღმდეგობას გავუწევთ რუსულ რეჟიმს, რომელიც ცდილობს ქვეყნის ოკუპაციას. დღეს “ქართულმა ოცნებამ” დაუფარავად თქვა, რომ პირდაპირ კრემლის ინსტრუქციებით მოქმედებს და დღეს გამოაცხადა, რომ აპირებს ქვეყნის საბოლოოდ რუსეთისთვის დაქვემდებარებას. ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება, ჩვენ ვიქნებით ჩვენ ხალხთან ერთად”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის