ახლა გაჩერება აღარ შეიძლება, უნდა მივაწვეთ და უნდა გადავტეხოთ ეს სისტემა, ეს თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც უცებ გამოგვიცხადა, ევროპა დაივიწყეთ, რუსეთი არის უკვე აქო, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძემ საზოგადოებას ერთიანობისა და ბრძოლისკენ მოუწოდა.
„მთავარი ის არის, რომ ძალა ერთობაშია და როცა ერთად ვდგავართ, ვერაფერსაც ვერ იზამენ. დღეს გავეშებულები იყვნენ, იქცეოდნენ სადისტებივით… როგორ ექცეოდნენ ქალებს, ჟურნალისტებს, ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი.
ახლა მთავარია, რომ ხვალ უნდა ვიყოთ კიდევ მეტნი, ახლა გაჩერება აღარ შეიძლება, უნდა მივაწვეთ და უნდა გადავტეხოთ ეს სისტემა, ეს თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც უცებ გამოგვიცხადა, ევროპა დაივიწყეთ, რუსეთი არის უკვე აქო. ამათ პუტინი უკრავს ტაშს - მგონი ყველაფერი ცალსახა და ნათელია. ბევრნი ვიქნებით? - გავიმარჯვებთ! სამი-ოთხი დღე მიწოლა ამათზე და ჩამოიშლება ყველაფერი.
საჯარო მოხელეებს, ექიმებს, პედაგოგებს - ყველას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავდგეთ ერთად. ივანიშვილი როდემდე უნდა იყოს ამ ქვეყნის უბედურება? ვდგავართ ქუჩაში და ვიბრძვით იმისთვის, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. დღეს უკვე ყველაფერი გასულია, აღარ არსებობს საკონსტიტუციო ნორმა. დღეს ხელისუფლება არის ქუჩაში”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლსა და სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, და ე.წ. წიწაკის სპრეის მომიტინგეთა წინააღმდეგ, თუმცა დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ და რუსთაველის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე რჩებიან. ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.