საია - შსს კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას - წყლის ჭავლში სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერებებია გარეული - წესების დარღვევითა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია

წესების დარღვევითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლის, საბა ბრაჭველის, წინააღმდეგ და აღნიშნული საშუალებით დამიზნებით, სახის არეში, თვალთან ახლოს დაზიანება მიაყენეს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს განცხადებას, რითაც რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

განცხადებაში საია აღნიშნავს, რომ საპოლიცო ძალები დღესაც ძალის დემონსტრაციისთვის მიზანმიმართულად უსწორდებიან სამოქალაქო პოზიციებით აქტიურ ადამიანებს, მათ შორის აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რაც, სავარაუდოდ, გარდა ამ ადამიანების დასჯისა, საზოგადოებაში კრიტიკული ხმების ჩახშობასა და შიშის დანერგვას ემსახურება.

საიას განცხადების თანახმად, “შსს თბილისსა და ბათუმში კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას“.

„ამ დროისთვის (00:57) რუსთაველის გამზირზეც პოლიცია ძალადობრივად, წყლის ჭავლის და გაზის გამოყენებით შლის მშვიდობიან აქციას. პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევს, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება მათ, იყენებს სპეციალურ საშუალებებს მათ წინააღმდეგ უსაფუძვლოდ და გამოყენების წესის დარღვევით.

23:03 საათიდან ჩიტაძის ქუჩაზე გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, რის შემდეგაც აღნიშნულ საშუალებას პერიოდულად იყენებენ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. წყლის ჭავლს იყენებენ ჭიჭინაძის ქუჩაზეც. აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცალსახად არასათანადო მოპყრობას წარმოადგენს.

წესების დარღვევითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლის, საბა ბრაჭველის, წინააღმდეგ და აღნიშნული საშუალებით დამიზნებით, სახის არეში, თვალთან ახლოს დაზიანება მიაყენეს.

23:44 საათიდან სპეცრაზმმა ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე დაიწყო აქციის მონაწილეთა დევნა და ძალადობრივი დაკავება. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაკავებულ პირებზე სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა.

ჩიტაძის ქუჩაზე ძალადობრივი დაკავებების პროცესში დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან პირდაპირი ჩართვისას დააკავეს ადვოკატი ბექა ბასილაია.

პოლიცია ძალადობრივად აკავებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ასევე ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს თანამშრომლები ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს.

აშკარაა, რომ შსს-ს მიერ მიღებული ზომები კვლავ პროტესტის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორებას ისახავს მიზნად და ლეგიტიმური, მშვიდობიანი პროტესტის რეპრესიული მექანიზმებით ჩახშობას ემსახურება.

საპოლიციო ძალები დღესაც ძალის დემონსტრაციისთვის მიზანმიმართულად უსწორდებიან სამოქალაქო პოზიციებით აქტიურ ადამიანებს, მათ შორის აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რაც, სავარაუდოდ, გარდა ამ ადამიანების დასჯისა, საზოგადოებაში კრიტიკული ხმების ჩახშობასა და შიშის დანერგვას ემსახურება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის