ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო - მოვუწოდებთ საქართველოს დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს

საქართველო თავისი ევროპული ღირებულებების ერთგული უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივი კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

„საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, სადაც მთავრობამ, საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ასამბლეა, რომლის მუდმივი კომიტეტიც გუშინ ლუქსემბურგში შეიკრიბა, მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს მკაცრად გმობს, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა უმეტესობა დააკავეს და მათ ბრალი საბჭოთა პერიოდის საკამათო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით წაუყენეს. ამასთან, ასამბლეა აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონის ახალი კანონით შეცვლა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, არაერთხელ მოითხოვა.

„ეს შემაშფოთებელი მოვლენები კიდევ უფრო შემაშფოთებელია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, რომელიც ჩატარდა ისეთ გარემოში, რომელიც ამომრჩევლებისთვის საჭირო პირობებს არ ქმნიდა, რათა მათ ინფორმირებული, ზეწოლისგან და დაშინებისგან თავისუფალი არჩევანი გაეკეთებინათ, როგორც ეს ასამბლეის არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშს იანვარში დაგეგმილ სესიაზე განიხილავს.

„ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ. ასამბლეა მზადაა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და მინისტრთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, მუშაობა კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გააგრძელოს. საქართველოში ასამბლეის სადამკვირვებლო თანამომხსენებელთა მომავალი ვიზიტი ამ დიალოგისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა