პირველ არხთან აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და არხის თანამშრომლებს შორის კამათი იყო

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებს შორის არის ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ტყუილებს ავრცელებს“. თავის მხრივ, ტელევიზიის ჟურნალისტმა, საპასუხოდ აღნიშნა, რომ აღნიშნული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

„მე, როგორც ჟურნალისტს, დღეს მიწევს, რომ მოვიდე და დავიცვა საზოგადოებრივი არხი. გუშინ, ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი, თქვენი კოლეგა, თანამშრომელი, საინფორმაციოს წამყვანი არ დაჯდა პირდაპირ ეთერში იმის გამო, რომ შეუტანეს მას დაწერილი ტექსტი და არ წაიკითხა. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში იყო. მას ლაშა ბუღაძემ გადასცა თავისი მიკროფონი, რომ ეს ყველაფერი ეთქვა. ეს არის სრული სიმართლე. ჩვენ არ გაბულინგებთ, მით უმეტეს, კოლეგა ხარ, როგორ უნდა დაგაბულინგო. აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, მაგრამ ის, რომ შალვა პაპუაშვილი ლაპარაკობს და პარალელურად, ხმა ჩაწყვეტილი, პატარა ფანჯარაში კადრი გადის, იქ რა ხდება და ისიც სხვა რაკურსით დაყენებული, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი“, - განაცხადა ჟურნალისტმა სოფო ხუნწარიამ, რომელიც ასევე აქციაზე იმყოფება.

სოფო ხუნწარიას, მოგვიანებით, ტელევიზიის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, მაია ჭუჭულაშვილმა უპასუხა.

„მე ვარ, ის ადამიანი, რომელიც ვასკას პროდიუსერია. ჯერ ერთი, გუშინ, ვასკა არ უნდა დამჯდარიყო [ეთერში] და მეორე, მაინტერესებს, რა ტექსტი შევუტანე? კი, ვასკამ მოიტყუა. არცერთი სიტყვა არ ჩამისწორებია მის ტექსტში. მოვიდეს, [ვასილ ჩიქოვანი] და მე მითხრას, რომ ტექსტი შევუტანე“, - განაცხადა საპასუხოდ მაია ჭუჭულაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტი თავად, ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმაც გამოაქვეყნა.

„შაბათი და კვირა არის ჩემი დასვენების დღე. გუშინ მე ეთერი არ მქონდა. არც გუშინ და არც არასდროს ჩემთვის დაწერილი ტექსტის შემოტანა არავის უცდია და უკადრებია. გუშინ ჩემი სიტყვა იყო ჩემი ინიციატივა და ნურავინ მისცემს მას სხვა ინტერპრეტაციას“, - წერს ჟურნალისტის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის დათმობას და ტელევიზიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის გამო, გადაკეტილია კოსტავას ქუჩა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს