ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა და უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

„გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გასული 24 საათის განმავლობაში ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული სიტუაციისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა გამოხატა ევროპის საბჭოს შეშფოთება გაზრდილი პოლარიზაციისა და პოლიტიკური ჩიხის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალენ ბერსეტმა მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან და ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევების გამოძიების მნიშვნელობას.

„ვინაიდან, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი, გენერალურმა მდივანმა გაიმეორა ორგანიზაციის როლი ყველა დაინტერესებულ მხარესთან აზრების გაცვლის საქმეში და გაიხსენა ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების პატივისცემის ვალდებულება, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ჩათვლით. ეს არის ქართველი ხალხის, მთლიანად ქვეყნის და მისი სტაბილურობის ინტერესებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ცნობით, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა მის გადაწყვეტილებას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს მისი დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით.

„ევროპის საბჭო მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ევროპულ გზაზე ქვეყნის თანმხლები იქნება. ამ კონტექსტში, გენერალური მდივანი უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია