ომბუდსმენი - გუშინ,  მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ - მოვუწოდებ შსს-ს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით

გუშინ მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ - მოვუწოდებ შსს-ს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით - ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა, სხვადასხვა სკოლაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ დაუშვებელია სკოლების პოლიტიზება, ისევე როგორც მესამე პირის სასწავლო პროცესში ჩარევა.

„გუშინ, ყველამ ვიხილეთ მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით“ გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო, სკოლებში მიმდინარე პროცესებს. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით, გარანტირებულია როგორც შეკრების, ისე მოსწავლეთათვის აზრის გამოხატვის თავისუფლება. თუმცა ამავე დროს, აკრძალულია სკოლების პოლიტიზება, ისე როგორც მესამე პირების სასწავლო პროცესში ჩარევა. დაუშვებელია, მშობლის ინფორმირების გარეშე მოსწავლის სკოლიდან გაშვება ან მოწოდება სკოლის დატოვების შესახებ. სკოლაში მიმდინარე მოვლენებს როგორც სახალხო დამცველი და როგორც მშობელი განსაკუთრებულად ვაკვირდები. ამის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას გავუზიარებ“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს