ადვოკატი - ნიკა გვარამია კარგად არის, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - რა ბრალდებით დააკავეს, არ ვიცით - არ გამოვრიცხავთ, გამოძიება სისხლის სამართლის საქმით წავიდეს

ნიკა გვარამია კარგად არის, გუშინ მისი დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, დაკავების პროცესი კი ყველამ პირდაპირ ეთერებში ვნახეთ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის იზოლატორში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური ინფორმაცია ნიკა გვარამიას არ ჩაჰბარებია თუ რომელი მუხლით არის ის დაკავებული.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვიცით ოფიციალური ინფორმაცია, ჭორაობისა და საუბრების დონეზე ვიცით, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი არ ჩაჰბარებია.

როცა აკავებდნენ უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავთ, არც იმას, რომ სისხლის სამართლის საქმით წავიდეს გამოძიება, მაგრამ არსებული ინფორმაციით ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ხვალ გადის 48 საათი, ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების დროიდან და წესით ან უნდა დატოვოს დროებითი მოთავსების იზოლატორი, ან უნდა გადაიყვანონ სასამართლოში, სადაც სასამართლო შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს“,- განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა