გიორგი გახარია - თუ „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას - სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებულები და გამოცხადდეს ახალი არჩევნების თარიღი!

თუ „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა ბოლო ორი თვის განმავლობაში, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას - ჩვენი მიზანი, ლოზუნგი და მოთხოვნა უნდა იყოს, რომ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული და სასწრაფოდ გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მიზნების მისაღწევად უნდა იყვნენ ყველგან - აქციაზე თბილისში, დიდ თუ პატარა ქალაქებში და ასევე, უნდა იმუშაონ საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ოცნება“ მშვიდობას დაგვპირდა და თბილისში, შუა რუსთაველზე ომი მოგვიწყო. დაგვპირდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და ერთი განცხადებით მოკლა საქართველოს ევროპული იმედები.

დღეს თითოეული ჩვენგანი, რომელიც ვდგავართ რუსთაველის გამზირზე, ვიბრძვით არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, არამედ ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი უფლებისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ავირჩიოთ ისეთი, როგორიც გვინდა; ჩვენი უფლებისთვის, არჩევნებით ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ვთვლით, რომ ჩვენს სამშობლოს წინ წაიყვანს. დღეს ჩვენ თუ ვერ მივაღწიეთ წარმატებას და „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც დამართა საქართველოს ბოლო ორი თვის განმავლობაში, იცოდეთ, რომ ჩვენ მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას, რომელიც არავინ იცის, სად მიიყვანს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი ყველგან, პირველ რიგში, თბილისში, მაგრამ, ყველა დიდ და პატარა ქალაქში. ჩვენი მიზანი, ლოზუნგი და მოთხოვნა უნდა იყოს ორი და ძალიან პირდაპირი და მარტივი: პირველი - სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული; მეორე- სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი.

ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან - აქციაზე თბილისში, აქციებზე დიდ თუ პატარა ქალაქებში, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი გამარჯვება იყოს კიდევ უფრო დიადი და კიდევ უფრო მომხიბვლელი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. ეს არის უკანონოდ დაპატიმრებულები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და მათ ჯანმრთელობას დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ასევე, ის საჯარო მოხელეები, რომელთაც გაბედეს და ხმა ამოიღეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამ მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ“,- განაცხადა გახარიამ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა