დავით კეზერაშვილი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება - სტრასბურგის სასამართლო არ არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე წარმოდგენილ ბრალდებაზე მსჯელობს და განაჩენს გადასინჯავს, ამიტომ ჩემი ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის არსობრივ მხარეზე,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დადასტურდა რომ კეზერაშვილმა ჯარისთვის განკუთვნილი თანხები გაფლანგა.

დავით კეზერაშვილის თქმით, მისთვის მთავარი იყო სასამართლოს ემსჯელა ინსტრუმენტალიზებული მართლმსაჯულების პროცესში გამოკვეთილ აშკარა პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც პროცესის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებდა, „რაც დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა კიდეც“.

„დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რაც წარმოადგენდა კიდეც ჩემი სარჩელის მთავარ მიზანს. მიუკერძოებლობის დარღვევა ნიშნავს, რომ საქმის განხილვა მოხდა ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევით, რაც ადასტურებს, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი მოტივირებულია არა ობიექტური სამართლებრივი საფუძვლებით, არამედ სხვა არალეგიტიმური ინტერესებით.

საზოგადოებისთვის მინდა დავაზუსტო, რომ სტრასბურგის სასამართლო არ არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე წარმოდგენილ ბრალდებაზე მსჯელობს და განაჩენს გადასინჯავს. ამიტომ ჩემი ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის არსობრივ მხარეზე. ამ ნაწილში ყველას შევახსენებ, რომ ამ საქმეზე საქართველოს სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის ორივე სასამართლომ გამამართლა და მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე და თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მიზნით სრულიად დაუსაბუთებლად სამწლიანი ინტერვალით განაახლეს საქმე უზენაესი სასამართლოს მეშვეობით.

ამავე საქმეზე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში აწარმოებდა პოლიტიკურ დევნას ჩემ წინააღმდეგ.

სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების ნებისმიერი მანიპულაციური და პროპაგანდისტული ინტერპრეტაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მართლმსაჯულების პოლიტიკურ ხასიათს. როგორც 2021 წელს, უზენაესი სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის შემდეგ განვაცხადე, ჩემთვის მთავარი იყო სასამართლოს ემსჯელა ინსტრუმენტალიზებული მართლმსაჯულების პროცესში გამოკვეთილ აშკარა პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც პროცესის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებდა, რაც დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა კიდეც.

მინდა მადლობა გადავუხადო იურისტების ჯგუფს, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში მუშაობდა ამ საქმეზე“,- აცხადებს დავით კეზერაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე