პროკურატურა -  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და  აფეთქების მომზადების ფაქტებზე ცხრა პირს ბრალდება წარედგინა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე პროკურატურამ ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა.

“საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18,229-ე მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!