კულტურის სფეროს წარმომადგენლები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და თუმანიშვილის თეატრებშიც იმყოფებოდნენ. პროტესტის მონაწილეები ასევე მივიდნენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან.
პროტესტის მონაწილეებმა თეატრის მთავარ დარბაზში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმიტრი ხვთისიაშვილს მოუსმინეს.
ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ ის გმობს ყველა სახის ძალადობას.
„მე გეტყვით, რომ თეატრმა გააჩერა პროცესი 27 ნოემბრიდან. ცოტა რთული თეატრია იმიტომ, რომ რასაც უფროს ადამიანს აუხსნი, იმის ახსნა ძალიან ძნელია ბავშვისთვის. სპეციფიკიდან გამომდინარე, როცა სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში პრაქტიკულად ჩვენი მთელი წლის რეპერტუარი იყიდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ წავედით ამაზე. აქ ძალიან ბევრი ატირებული ბავშვი იყო, რომელსაც ვერაფრით ვერ ვუხსნიდით რა ხდებოდა ქვეყანაში.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ ყველაფერზე წავედით და ეს პრინციპული პოზიცია იყო. მაშინვე ჩვენ მოვხსენით სპექტაკლები.
რაც შეეხება პოზიციას, ჩვენმა თეატრმა პოზიცია დააფიქსირა. შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი სიტყვით არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენმა თეატრმა ყველა მიმართულებით ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა. თუნდაც იმით, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში, თუნდაც იმით, რომ თუ ჩვენ გავიხსნებით ამ დღეების განმავლობაში, გავიხსნებით: „მგზავრის წერილებით", “ჯაყოს ხიზნებით”, “მეფე ერეკლეთი” და ა.შ. ეს იყო ჩვენი როგორც მოქალაქეობრივი, ასევე შემოქმედებითი პოზიცია.
თქვენ ვერ იპოვით ვერათუ სამხატვრო ხელმძღვანელს ან დირექტორს, ოდნავ მოაზროვნე ადამიანს, რომელსაც აი, ამ ყველაფრის მიმართ არ ჰქონდეს რაღაც პროტესტი. ასეთი არ არსებობს.
ყველა ტიპის ძალადობა, მათ შორის ფსიქოლოგიურ ძალადობას [ვგმობ]. აქ უკვე ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას”, - განაცხადა დიმიტრი ხვთისიაშვილმა.
გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან გადაინაცვლეს, სადაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. შეკრებილებს თეატრის ეზოში მიმართა რეჟისორმა, ახალი თეატრის ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა.
„დავიცავთ ყველა არტისტს. ჩემი იქნება თუ სხვისი. ასევე, ყველა მაყურებელს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ახალი თეატრის ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა.
ამ დროისთვის, პროტესტის მონაწილეები თუმანიშვილის თეატრში იმყოფებიან, სადაც თეატრის ხელმძღვანელს უსმენენ.
შეგახსენებთ, რომ თეატრისა და კინოს წარმომადგენლები თეატრალური უნივერსიტეტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებდნენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებულებს შორისაა უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი სტუდენტები, რაზეც ისინი მოითხოვენ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საჯარო პოზიცია დააფიქსიროს.
შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედმა და ყოფილმა სტუდენტებმა მარჯანიშვილს თეატრთან გადმოინაცვლეს, სადაც თეატრის ხელმძღვანელს, გოგი მარგველაშვილს მოუსმინეს.