გიგა სოფრომაძე - მივმართავ სახალხო დამცველს, მოკვლევა დაიწყოს განცხადებების, თითქოს ჩვენი პოზიციის დაფიქსირებით მოვახდინეთ თვითლუსტრაცია - განცხადება, საჯარო სექტორში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ, არის საჯარო მოხელეების დამორჩილების მცდელობა

განცხადება საჯარო სექტორში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ არის საჯარო მოსამსახურეების დამორჩილების მცდელობა, - ამის შესახებ თბილისის მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

სოფრომაძე ის ერთ-ერთი საჯარო მოხელეა, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას გაემიჯნა და ხელი მოაწერა განცხადებას.

მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები და ასევე სუს-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება არის მუქარა და დაშინების მცდელობა.

“არა მარტო თბილისის მერის განცხადება იყო ჩვენთვის მუქარად აღქმული, არამედ პრემიერ-მინისტრის განცხადება, შემდეგ იყო მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები.

ერთ შემთხვევაში იყო მოწოდება, რომ ჩვენს განცხადებას გამიჯვნოდნენ ადამიანები, მეორე შემთხვევაში იყო საუბარი, რომ უკვე აზრი აღარ აქვს, გაემიჯნებიან თუ არა განცხადების ხელმომწერნი და ჯობია, რომ დარჩნენ საკუთარ პოზიციაზე, რათა ამით ღირსება კიდევ უფრო მეტად არ შეელახოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, ვაგრძელებთ მუშაობას, ვრჩებით საზოგადოების ერთგული, კონსტიტუციის ერთგული, ჩვენი ქვეყნისა და მისი გაცხადებული კურსის ერთგული.

მინდა, საჯარო მოხელეების სახელით მივმართო სახალხო დამცველს, დაიწყონ მოკვლევა იმ საპასუხო განცხადებების, რომელიც ჩვენს მიმართ იქნა გაჟღერებული, თითქოს ჩვენ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებით მოვახდინეთ თვითლუსტრაცია და ამის გამო მოხდებოდა რეორგანიზაცია და ჩვენი გათავისუფლება სამსახურიდან, ამასთან, მკაფიოდ იქნა მინიშნებული, რომ ჩვენი განცხადება იყო ნაწილი სახელმწიფო გადატრიალებაზე აღძრული საქმის, რომელსაც დღესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიუძღვნა ტექსტი. ეს, რა თქმა უნდა, არის მუქარა და დაშინების მცდელობა, ჩვენთვის ასე აღიქმება. ამას ისიც მოწმობს, რომ ჩვენს განცხადებაზე ხელმომწერმა რამდენიმე პირმა უკან წაიღო თავისი პოზიცია და თავიდან თუ 240 ადამიანი ვიყავით ხელმომწერი, ახლა 218 ადამიანი დავრჩით.

განცხადება დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ არის საჯარო მოსამსახურეების დამორჩილების მცდელობა. მათ თქვეს, რომ კანონში ეს ცვლილება არის პროცესების გამარტივება. მიანიშნებენ იმას, რომ უფრო მარტივად შეძლებენ თანამშრომლების გათავისუფლებას. სურთ, გავლენა მოახდინონ ჩვენს თავისუფალ აზრსა და ნებაზე. საზოგადოების ნაწილიც თვლის, რომ თუ საჯარო სამსახურში მუშაობ, უნდა იყო პარტიული ნიშნით დასაქმებული”, - განაცხადა სოფრომაძემ.

როგორც გიგა სოფრომაძემ აღნიშნა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმას უკვე მოჰყვა კონკრეტული რეაქციები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა დიდ და გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს.

“ეს ორმხრივი და მრავალმხრივი პროცესია, მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გავხდებით თუ არა ჩვენ ევროკავშირის წევრი ან მოლაპარაკებები როდის გაიხსნება და დაიხურება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ უარი ვთქვათ ჩვენს ნაწილზე, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება საპირისპირო რეაქცია და მოჰყვა უკვე ეს რეაქცია - სხვადასხვა თანამდებობის პირი ევროპის ქვეყნებიდან უკვე საუბრობენ იმაზე, რომ პროცესი შეჩერებულია, აშშ-მა შეგვიჩერა სტრატეგიული პარტნიორობა - ეს მიუთითებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა უშვებს დიდ და გამოუსწორებელ შეცდომას, რომელსაც 2028-30 წლებამდე ნამდვილად ვერ გამოვასწორებთ”, - აღნიშნა სოფრომაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში