არასამთავრობო ორგანიზაციები - ხელისუფლება აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს - მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა კონსტიტუციის დარღვევაა

ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს - მათ მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა და ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ.

როგორც ისინი განმარტავენ, მათ მოქალაქეები ცხელ ხაზზე მუდმივად „ატყობინებენ, რომ პოლიცია საპროცესო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა უფლებებს ხელყოფს“.

„ბოლო დღეებში ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე მუდმივად გვატყობინებენ, რომ პოლიცია საპროცესო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა უფლებებს ხელყოფს.

კერძოდ, პოლიციელები აქციაში მონაწილე მოქალაქეების მისამართზე მიდიან, მათ ან მათი ოჯახის წევრებს ეუბნებიან, თითქოს უწყების ჩაბარება სურთ და ითხოვენ ბინაში შეშვებას, შემდგომ კი იძულებით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ და საფუძვლის განმარტების გარეშე, გადაჰყავთ ისინი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. მათი გამოკითხვაც იძულებით მიმდინარეობს. ადვოკატებს არ ეძლევათ მოქალაქეებთან შეხვედრისა და წარმომადგენლობის გაწევის შესაძლებლობა. ადვოკატებმა გასული დღეების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს იძულებით გადაყვანილ პირებთან შესვლა, თუმცა, უშედეგოდ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად უთითებს, რომ გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია, გამოსაკითხ პირს თავიდანვე განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია და რომ მას ასევე უფლება აქვს, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. ჩვენების მიცემა სავალდებულო მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან დაბარების დროსაა, რაც პოლიციის ზემოაღნიშნულ ქმედებებს უკანონოს ხდის.

ამრიგად, პოლიციის მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა, იძულებით გამოკითხვა და ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“; „უფლებები საქართველო“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი