„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში რჩება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

პროცესზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ, თუმცა, ის 10 იანვრამდე გადაიდო, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილმა პროკურორმა დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო მოითხოვა.

ბრალდებულის ადვოკატის კობა ბარამიას განმარტებით, სხდომის გადადება დროის გაჭიანურებას ემსახურება, რათა სალომე ზურაბიშვილმა მის საპრეზიდენტო ვადაში შეწყალება ვერ მოასწროს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიორგი ოკმელაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. პარალელურად, სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია