განცდა, თითქოს, 20 იანვრისა და [აშშ-ის პრეზიდენტის] ახალი ადმინისტრაციის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგება, ძალიან დიდი ტყუილია - ზოგადად, ხედვა შეიძლება შეიცვალოს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაწესებული სანქციები ან გაუქმდება ან შერბილდება, ან ის სანქციები, რომლებიც დაგეგმილია მომავალშიც, გამოირიცხოს, ეს ასე არ იქნება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ „არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება“.
„განცდა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ შექმნას, ტყუილია, ვინაიდან ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ ფაქტებით, რაც დღეს გვაქვს. გვაქვს ორპარტიული განცხადებები, როგორც „რესპუბლიკური“ და ისე „დემოკრატიული პარტიის“ წევრთა განცხადებები ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ის განცდა, თითქოს, 20 იანვრისა და ახალი ადმინისტრაციის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგება, ძალიან დიდი ტყუილია. იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისადმი არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება. ვგულისხმობ, ზოგადად ამერიკის დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. არა მგონია, რომ საქართველოსთან მიმართებით ისეთი კარდინალური ცვლილება მოხდეს, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს რომ დაგვაჯეროს. ზოგადად, ხედვა შეიძლება შეიცვალოს და არ ნიშნავს იმას, რომ დაწესებული სანქციები ან გაუქმდება ან შერბილდება, ან ის სანქციები, რომლებიც დაგეგმილია მომავალშიც, გამოირიცხოს. ეს ასე არ იქნება“,- განაცხადა გიგიაძემ.
ამასთან, გიგიაძე გამოეხმაურა აშშ-ს მიერ ახალი სანქციების პაკეტს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ ეუბნება, რომ მათთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ვითარდება“.
„ვაშინგტონი „ქართულ ოცნებას“ ძალიან მკაფიოდ ეუბნება, რომ მათთვის სრულად მიუღებელია ის პროცესები, რაც ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ვითარდება. ეს არის ადამიანების მაქსიმალური ფიზიკური შეურაცხყოფა, დევნა, დაკავებები, ძალადობა, რასაც ჩვენს ქალაქში ვუყურებთ. ეს მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ბევრი განცხადება გვაქვს მოსმენილი, როგორ ხედავენ პარტნიორები ყველაფერს და პირდაპირ ეუბნებიან, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამერიკა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სანქციებს უწესებს. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება. ეს არის 20 ადამიანის სია, რომელიც დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება თუ არ შეწყდება ის პროცესი, რომელიც საქართველოში ვითარდება - ეს ძალადობრივი აქცია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სანქციების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა გიგი გიგიაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რა მოხდება თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოხვდებიან „მაგნიტსკის აქტში“, გიგიაძემ აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის „სავალალო შედეგებს გამოიწვევს“.
„ეს ჩვენი ქვეყნისთვის სავალალო შედეგებს გამოიწვევს. ჯერ არ ვიცით, ამ 20 ადამიანში მოხვედრილი ვინ არის. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ივანიშვილი არაა ამ სიაში. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება გათანაბრება „მაგნიტსკის აქტთან“, უმძიმესი რეალობა ქვეყნისთვის იქნება და რასაკვირველია, ხალხის იმ ჯგუფისთვის, ვინც თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებს. თავისთავად გამოირიცხება ნებისმიერი სახის კონტაქტი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან ამ ადამიანების ჯგუფთან. სანქციები ხელისუფლებას, ზოგადად, ძალიან რთულ მდგომარეობაში ამყოფებს. ლეგიტიმაციაზე საუბარი აღარ არის, მათთან ურთიერთობის მსურველთა რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. დასავლეთიდან ინვესტიციების განხორციელებაზე საუბარი აღარ იქნება. რომელ ინვესტორს, რომელ დასავლელ პარტნიორს მოუნდება ურთიერთობების დაწყება ან გაგრძელება სანქცირებულ ადამიანებთან? სანქცირებულ ხელისუფლებასთან? თან იმის განცდით, რომ შეიძლება ეს გაიზარდოს და სანქციები კიდევ უფრო დამძიმდეს. ეკონომიკას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ ეს ასე გაგრძელდა, ძალიან სავალალო მდგომარეობა გვექნება წინასაახალწლოდ, შეიძლება ლარის ძალიან დიდი გაუფასურება ვიხილოთ“,- განაცხადა გიგიაძემ.