კახა კალაძე - ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე არც ამერიკაში მოგზაურობის სურვილი მაქვს

აშშ-ს მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე კომენტირებისას განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს და ჩიხში შეიყვანოს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ურთიერთობებს გადატვირთავს.

„არ ვიცი, უკვე მერამდენედ ხდება ამ ტიპის სანქციების გამოცხადება. ფაქტი ერთია, რომ არსებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუარესოს ურთიერთობები და ჩიხში შეიყვანოს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, გაჯანსაღდეს. ასეთი განცხადებები, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, დიდ ზიანს აყენებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. იგივე ხდება ევროპარლამენტარების მხრიდანაც. ხალხი რეალობას ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რა პროცესები მიდის. როდესაც თუნდაც ევროპიდან თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია, ეს მოცემულობად უნდა მიიღო, რაც აზიანებს და ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს, ევროპას და იმ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ.

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი. ჩვენ ვიცით მეგობრობაც, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ იმსახურებს აშშ-ის მხრიდან მსგავს განცხადებებს და დამოკიდებულებას.

„რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მათი განცხადებები გაჯერებულია სიცრუით, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობით. ჩვენ ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას პირადად არის თუ არა აშშ-ის მხრიდან სანქცირებულთა სიაში, კახა კალაძის თქმით: „ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით. მე პირადად ამ ეტაპზე არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის.“

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა