პრეზიდენტი - უაზრო პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც 14 დეკემბერს, 19:00 საათზე, დაგეგმა ვითომდა ნაძვის ხის ანთება - თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება!

დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა მიმართა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა.

მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება.

“დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა უკვე, იმ ადგილას, იმ დროს უწყვეტად არის გამოხატული პროტესტი და რადგანაც ხვალ პარლამენტში იმართება პაროდია, იმ დღეს უთუოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების, სწორედ ხვალ, სწორედ 19:00 საათზე, სწორედ პარლამენტის წინ - ყველას კარგად გვესმის, ეს რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება. იმ ადგილას, სხვათა შორის, სადაც თავად ექიმები ამბობენ, რომ გაზით არის გაჟღენთილი ხეებიც და ალბათ, სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა. მე მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი პროვოკაცია ალბათ არაფერს გამოიწვევს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი, რომელიც გაშლილი არის ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც, არის ძალიან მშვიდობიანი და თავად მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას, მაგრამ, მე მინდა მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, რომ თუ ეს პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ, მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია, გადაიტანოს და მე ვთავაზობ ორბელიანის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარაკები და ბავშვებისთვის ვითომ სათამაშოები, აქ მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება”, - განმაცხადა ზურაბიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა