აჭარაში მოქმედი ოპოზიციური პარტიები - არალეგიტიმური პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ე.წ. ხმოსნების მიერ 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევა, არის ძალაუფლების სრული უზურპაციის მცდელობა

აჭარაში მოქმედი ოპოზიციური პარტიები ერთობლივად ვაცხადებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ე.წ. ხმოსნების მიერ 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევა, არის ძალაუფლების სრული უზურპაციის მცდელობა, - ამის შესახებ ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ოპოზიციონერი ხმოსნები არიან, რომლებიც ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ.

“26 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ტოტალურად გაყალბებით, ივანიშვილმა ძალაუფლება მიიტაცა, რასაც მოჰყვა ე.წ. ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტზე იერიში, რაც თავის მხრივ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გახმოვანებით გამოიხატა.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ცხადია არ შევეგუეთ ე.წ. მთავრობის ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც დაიწყო მშვიდობიან მოქალაქეებზე არნახული სისასტიკით ძალადობისა და რეპრესიების უწყვეტი სერია.

ე.წ. ხელისუფლება გასულია სამართლებრივი სივრციდან და მოქმედებს კრიმინალური წესებით.

მათი არალეგიტიმურობის შესახებ ქვეყნის შიგნით და გარეთ ერთნაირი შეფასებები კეთდება.

შესაბამისად, ჩვენ აჭარაში მოქმედი ოპოზიციური პარტიები ერთობლივად ვაცხადებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ე.წ. ხმოსნების მიერ 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევა არის ძალაუფლების სრული უზურპაციის მცდელობა, რადგან დღეს ერთადერთი ლეგიტიმური უმაღლესი ხელისუფალი მოქმედი პრეზიდენტია!

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ვაცხადებთ: შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებია და არა ე.წ. პრეზიდენტის არჩევის ფარსი!

ასევე ვითხოვთ ყველა დაკავებული პროტესტანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ძალადობდა ან არ ასრულებდა სამსახურებრივ ვალდებულებას ძალადობის აღკვეთის მიზნით!

ჩვენ, ქართველი ხალხი ამ ბრძოლას მოვიგებთ და გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები!

ძალა ერთობაშია”, - აღნიშნეს მათ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა