ირაკლი კობახიძე - მოვახერხეთ ძალადობრივი რესურსის განეიტრალება და დღეს ასეთი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას აღარ აქვს, თავს ვერ უყრიან 2 000 კაცსაც კი, საქართველოში „მაიდანი“ ჩავარდა და არც არასდროს შედგება

ჩვენ მოვახერხეთ ძალადობრივი რესურსის მთლიანად განეიტრალება და დღეს ასეთი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას აღარ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „საქართველოში მაიდანი ჩავარდა და არც არასდროს შედგება“

„მეორე მხარეს არის 1 120 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას". 4 პარტია, პლუს ყველაზე მდიდარი NGO-ები ერთად თავს ვერ უყრიან 2000 კაცსაც კი. ეს არის მათი რეალური, მძიმე მდგომარეობა, რაც არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში მაიდანი ჩავარდა და არც არასდროს შედგება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, პრემიერმა შეფასებით, საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის მთავარი გამავრცელებლები მდიდარი „ენჯეოები"და 4 ცნობილი პარტიაა.

„თავის დროზე ზუსტად იგივე მეთოდებით მოქმედებდნენ ბოლშევიკები, ეს ხდებოდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ და დღეს ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებს ლიბერალური ფაშიზმი, მათთვის არ არსებობს არც დედა, არც შვილი, არც უფროსი, არც ბავშვი, არც სამშობლო, არც ღმერთი და არც არაფერი. ეს არის ზუსტად იგივე ხელწერა, რაც ჰქონდათ ბოლშევიკებს. თავის დროზე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს ჩვენს ქვეყანაში, ახლა ლიბერალურ ფაშიზმს არ აქვს არავითარი გამარჯვების შანსი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მისია, რომ არამხოლოდ არ გავამარჯვებინოთ ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში, არამედ საბოლოოდ დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი. ამისათვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის იმ პოლიტიკური პარტიების დასრულება, რომლებიც არიან საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის მთავარი გამავრცელებლები, ეს არის ცნობილი 4 პარტია, ესენი არიან მდიდარი „ენჯეოები", ისინი ახორციელებენ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის პროპაგანდას, იმ უმსგავსობის პროპაგანდას, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს