ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ლიდერები ოფისებში არიან შემალულები - გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია, მათ წააგეს არჩევნები, ქუჩა, ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას

ოპოზიციის ლიდერები ოფისებში არიან შემალულები, გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს არჩევნები, ქუჩა, ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას, ვერ ბედავენ ზოგადად გამოჩენას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში „მაიდანი“ არ გამეორებულიყო.

„რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, მარტივად შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ „მაიდანი“, 2013-2014 წლები. ზუსტად იგივე სცენარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ ეს კონკრეტული ადამიანები ამ სცენარებს და უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ოფისებში არიან შემალულები, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს არჩევნები, ქუჩა, ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას, ვერ ბედავენ ზოგადად გამოჩენას. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი, საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ დასტაბილურდეს და გაჯანსაღდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო ის სცენარი, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინაში განხორციელდა. ყველაფერი დაიწყო „მაიდნით“, 2013 წელს, ამას „მაიდნის“ დასრულებისთანავე მოჰყვა პირველი ომი, მოჰყვა მეორე ომი და დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა არის განადგურებული, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ¼ ქვეყნიდანაა გასული, დაღუპულია ასი ათასობით უკრაინელი. ეს ყველაფერი მოუტანა სწორედ იმან, რომ სათანადო სიფრთხილე ვერ გამოიჩინა მაშინ საზოგადოებამ. ქართველი საზოგადოება არის ბევრად უფრო გამოცდილი და შესაბამისად, სწორედ საზოგადოების თანადგომით შევძელით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება და შევძელით ამ ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, მათ შორის ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კითხვას, პრემიერის განცხადებით, „ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, ეს არის იდეოლოგია, რომელიც არამარტო საქართველოში ვრცელდება, ძალიან წააგავს ეს იდეოლოგია თავისი შინაარსით ბოლშევიზმს, რომელიც საქართველოში ერთი საუკუნის წინ იყო გავრცელებული“.

„ბრძოლის მეთოდებიც ზუსტად იმეორებს იმას, რასაც ბოლშევიკები საქართველოში ერთი საუკუნის წინ აკეთებდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არამხოლოდ კონკრეტული ბრძოლა მოვიგოთ ასეთი ადამიანების წინააღმდეგ, არამედ მთლიანად დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!