რუსთაველის გამზირის მიმართულებით მარში - „დასავლური განათლებით ევროპისკენ!“ მიმდინარეობს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას სახელწოდებით - „დასავლური განათლებით ევროპისკენ!“ მართავენ.

მსვლელობაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებმაც განათლება დასავლურ ქვეყნებში მიიღეს ან სურთ, რომ დასავლეთში განაგრძონ სწავლა.

გარდა ამისა, მსვლელობის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირზე შეუერთდნენ „საუნივერსიტეტო საზოგადოების მარშის“ წევრები. მარშში გაერთიანებულები არიან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები, ასევე ისტორიკოსები.

მანიფესტანტებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „განათლება, თავისუფლება, უმეცრება - მონობა“, „მე არ ვისწავლი რუსეთში“, „განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო“.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ღირებულებებისთვის, ეროვნული ფასეულობებისთვის.

„ჩვენ სიმბოლურად შევიკრიბეთ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, რათა ხმა მივაწვდინოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რადგან მათი დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ მოცემულობაში. ჩვენი მსვლელობის სახელწოდებაა - „დასავლური განათლებით ევროპისკენ!“. ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია დასავლური განათლება და არ აქვს ალტერნატივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ, ეს ინტელექტუალური რესურსი, ნაცვლად იმისა, რომ უპერსპექტივობის, უუნარობის, უტიფრობის, უსამართლობის, მონგრეული სახელმწიფო ინსტიტუტების გამო მიედინებოდეს ფარგლებს გარეთ, წესრიგის პირობებში ეს ინტელექტუალური რესურსი ქვეყანას უნდა ხმარდებოდეს. დღევანდელი აქცია აერთიანებს ადამიანებს, რომლებმაც აშშ-ში და ევროპაში მიიღეს განათლება და ასევე, იმ პირებს ვისთვისაც დასავლური ღირებულებები მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ