ბიზნესი არის ქვეყნის მდგრადობის ხერხემალი და თუ კი ამ ბიზნესს არ უსმენ, ეს ძალიან ცუდია. მთავრობას სირაქლემას პოზიცია აქვს - მე თქვენ ვერ გხედავთ, ე.ი. არ არსებობთ, მე თავი ჩავყავი და პრობლემაც აღარ არის, - ამის შესახებ “რესტორატორთა ასოციაციის” პრეზიდენტმა კოტე გაბრიჭიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
გაბრიჭიძის თქმით, მთავრობის ქმედებებში ლოგიკას ვერ ხედავს, რადგან ამ ქმედებებმა ძალით გადარია და ქუჩაში გამოიყვანა ხალხი.
“ჩვენ პირველივე დღეს არაერთხელ დავაფიქსირეთ სხვადასხვა საშუალებით, რომ ვუერთდებით მოთხოვნას ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ოფიციალური მიმართვა ჯერ არ გაგვიკეთებია და არ დავფიქსირებულვართ, თუმცა, შიდა „ჩატი“ გვაქვს და იქ დუღილი არის. არიან კომპანიები, რომლებიც არ ეთანხმებიან, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან და არიან ისეთები, რომლებსაც ეშინიათ. ისინი ფარულად ეთანხმებიან, მაგრამ გამოჩენა და თავის წამოწევა არ სურთ.
სამწუხაროდ, ბიზნესს განყენებულად აღიქვამს ფართო სპექტრი. ჩვენ ვართ დოვლათის შემქმნელები, გადასახადების გადამხდელები. არაფერი არ არსებობდა და ამ ადგილას რაღაც გაჩნდა - ორგანიზმი, რომელიც ასაქმებს ხალხს, იხდის გადასახადებს და ასეთი რაც უფრო მეტი იქნება, ეს არის, ფაქტობრივად, ქვეყნის მდგრადობის ხერხემალი და თუ კი ამ ბიზნესს არ უსმენ, ეს ძალიან ცუდია. მთავრობას სირაქლემას პოზიცია აქვს - მე თქვენ ვერ გხედავთ, ესე იგი, არ არსებობთ, მე თავი ჩავყავი და პრობლემაც აღარ არის.
მე, სამწუხაროდ, ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ იმ ქმედებებში, რაც ხდება. არა ერთხელ უთქვამთ, არჩევნებამდე რად უნდოდათ ამ “რუსული კანონის” შემოტანა და ხალხის გადარევა. მერე რად უნდოდათ, 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის გადადების გამოცხადება. ხალხს რომ არ უპირისპირებს გაზსა და წყალს, ეს ხალხი წყნარად არის პროტესტში. მთავრობამ ხალხი ძალით გადარია და მერე უკვირთ, ვაიმე, გადაირიაო.
რამდენიმე დღეში შეწყვიტეს ხალხის გადარევა და ეს ხალხი წყნარად რომ დადგა გასაპროტესტებლად, გამოვიდნენ და მორჩა, გავიმარჯვეთო. ანუ, თვითონ გადარიეს, მერე თვითონ დაამთავრეს და თვითონ იზეიმეს გამარჯვება. ამაში რაღაც ლოგიკა ხომ უნდა ჩანდეს?
მიშასაც ეგონა, რომ გადაგორდებოდა და არ გადაგორდა, შევარდნაძესაც ეგონა, რომ გადაგორდებოდა და არ გადაგორდა, წარსულის შეცდომებზე, რატომღაც, ვერავინ სწავლობს, მაინც და მაინც თვითონ უნდა მოხვდეს ცხვირში ორჯერ, სამჯერ და მეხუთეჯერ უკვე ისწავლის”, - განაცხადა გაბრიჭიძემ.