პარლამენტს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია სახელწოდებით - „გახსენით ვაწერთ“ წარუდგინა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დოკუმენტს მსვლელობა არ მიეცა, რაზეც გადაწყვეტილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში, რომლის მთავარი ადრესატი ევროკავშირია, ვკითხულობთ, რომ „ევროპული გზიდან არანაირი გადახვევა არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის ხელი მოაწეროს ევროპასთან მოლაპარაკებების გახსნას“. პეტიციის ავტორები ევროკავშირს მიმართავენ, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნან.
ამასთან, პეტიციაზე ხელმომწერები „გმობენ ყველანაირ ძალადობას, ყველა მხრიდან“.
„გვინდა საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ჩვენთვის - საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის წარმოუდგენელია ის ყველაფერი, რაც ბოლო დღეებია ჩვენს ქვეყანაში ხდება. ასეთი ზიზღი, ბულინგი, თავდასხმა და ერთმანეთის ვერ ატანა არ ახსოვს საქართველოს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა ერთმანეთისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას ყველა მხრიდან როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს - დაუშვებელია ქართველი ქართველს ასე ექცეოდეს, დაუშვებელია ევროპული მომავლის შენება ამ გზით გვინდოდეს!
ჩვენ უნდა გავხდეთ მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, რომ ზიზღით და ურთიერთდაპირისპირებით მომავალი ვერ აშენდება. ამით მხოლოდ მტერს ვახარებთ.
ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ერთად ვდგავართ ჩვენი შვილების, შვილიშვილების ევროპული მომავლისთვის, ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე.
პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ არანაირი გადახვევა ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის ხელი მოაწეროს და გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, რასაც მათი განცხადებები და ქმედებები ცხადყოფს.
ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, რომელსაც სურს, საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის ურყევი, მშვიდობიანი განვითარება.
შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელმაც ჩვენი არჩევანი 26 ოქტომბერს მკაფიოდ დავაფიქსირეთ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის უზრუნველსაყოფად, მივმართავთ ევროკავშირს - გახსენით მოლაპარაკებები. გახსენით ვაწერთ!“, - ვკითხულობთ პეტიციაში.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, რომელიც დღეს პეტიციაზე ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების მიზნით შეიკრიბა, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა დაადასტურა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რეგლამენტით გათვალისწინებული წესი დარღვეული იყო 13 900-ზე მეტი ხელმომწერის შემთხვევაში - კერძოდ, არც ერთი მათგანის შემთხვევაში მითითებული არ იყო ტელეფონის ნომერი, არც ერთის შემთხვევაში განხორციელებული არ იყო თავად ხელმოწერა, ხოლო პირადი ნომრები მითითებული იყო მხოლოდ ერთი ხელმომწერის შემთხვევაში. შესაბამისად, იმის გამო, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა 300 პირის ხელმოწერას არ აღემატებოდა, პეტიციის ავტორებს მის განხილვაზე უარი ეთქვა.
როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებების გახსნაზე შეთავაზებას ევროკავშირისგან ელის და ახლა ბურთი მათ მხარესაა.
„საკითხს გააჩნია პოლიტიკური მდგენელი. მთავრობის მეთაურის მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ ჩვენ ვართ სრულიად მზად პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც მალე მოხდება ეს ევროკავშირის მხრიდან - წერილობითი თუ გადაწყვეტილების ფორმით - მზად ვართ მყისიერად დავეთანხმოთ. ეს მხოლოდ ჩვენი ინტერესია! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს და ჩვენ ნაბიჯს ევროკავშირისგან ველოდებით - ჩვენ მყისიერად დავეთანხმებით, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც მალე მით უკეთესი! ეს სრულიად არის ევროკავშირის მხარეს. ჩვენ ვართ არა მხოლოდ პეტიციის ავტორების, არამედ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სულისკვეთების თანაზიარი, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად აქვს უდიდესი სურვილი, რომ ეს დროულად მოხდეს.
უბრალოდ, ეს არ უნდა იყოს შანტაჟისა და პედალირების ინსტრუმენტი. ამიტომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება - ახლა თავიდან ბოლომდე შემოთავაზებას ევროკავშირის მხრიდან ველოდებით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.