რა ელის საქართველოს 2025 წელს?!
რა წერია სინამდვილეში ეუთო/ოდირის ანგარიშში და ვინ როგორ კითხულობს მას საქართველოში
ლევან იოსელიანი - “რა ვქნა, არავის მოსწონს ჩემი პოზიცია...”
რას უპირებენ რუსები აფხაზებს?!
“ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება...” - ორივე მხარე იფიცება, რომ “შარლ მიშელი 2” გამორიცხულია
* * *
რა ელის საქართველოს 2025 წელს?!
“როგორი იქნება ქვეყნისთვის 2025 წელი, გავალთ სამშვიდობოს თუ მოვლენები მძიმე სცენარით განვითარდება, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ამ საკითხებზე ქართველი ექსპერტები დავით ზურაბიშვილი, ირაკლი მელაშვილი, ვახტანგ ძაბირაძე და რამაზ საყვარელიძე გვესაუბრებიან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რა ელის საქართველოს 2025 წელს?! / “არავის უხარია, რომ თავის ხელისუფლებას ამერიკა სანქციებს უწესებს, მაგრამ ამის წაყრუება ქვეყანას მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. პირველ სანქციებს შესაძლოა უფრო მწვავე ნაბიჯები მოჰყვეს“
“ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ჟურნალისტებზე სასტიკი ანგარიშსწორება და არავინ დასჯილა”
“ველოდები, რომ პარლამენტის ახალი არჩევნები გაიმართება და დავუბრუნდებით ევროინტეგრაციის გზას. ჩემი აზრით, გაისად ეს სამი ამბავი აუცილებლად მოხდება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ძალიან ბევრ რამეს თავად ქვეყანაში და, ალბათ, მერე პრეზიდენტიც თავისით გადადგება. ეს ყველაფერი თუ მოხდება, ამით ძალიან მკვეთრ ნახტომს გავაკეთებთ. ანუ, კი არ დავდგებით ისევ ევროინტეგრაციის რელსებზე, არამედ თვისებრივად წინ გადავხტებით. საქართველოში ჩვენ თვალწინ იბადება ძალიან სერიოზული სამოქალაქო საზოგადოება, ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა. ამისთვის ივანიშვილსა და კობახიძეს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ხალხი ასე გაააქტიურა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ იქნება ახალი არჩევნები და ამას მოჰყვება პროცესები, რითიც დავუბრუნდებით ევროინტეგრაციას. ტექნიკური მახასიათებლებით ჩვენ ისედაც წინ ვიყავით უკრაინასა და მოლდოვაზე და ახლა გადავასწრებთ კიდეც, თუ არჩევნები გაიმართა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ევროსაბჭოს გენმდივანი აშკარად არ იყო მომზადებული და მოინდომა ცოტა ხელისუფლებისთვის დაეთმო, ცოტაც მონაწილეებისთვის და საბოლოოდ, ორივე მხარის არცთუ დიდი კმაყოფილება გამოიწვია. იმის თქმა, რომ ახლა აგენტების რუსულ კანონს გადააკეთებინებ და ამით მოგვარდება პრობლემა, სასაცილოც აღარაა. ჯერ ერთი, რა უნდა გადააკეთებინო, როცა მთლიანად გასაუქმებელია, თან ეს იმ დროს ხდება, როდესაც ასობით ადამიანი ნაწამები, დაპატიმრებულია, ის კი არის ევროსაბჭოს გენმდივანი, რომლის უმთავრესი მოვალეობა სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვაა და თავისი მანდატიდან გამომდინარე, ის პოლიტიკურ დარეგულირებაზე კი არ უნდა ყოფილიყო მომართული, არამედ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაზე, და თან ეს ისეთ დროს ხდება, როდესაც ხალხი დაჭერილი, ნაწამები, გასამართლებულია და ვინც ეს გააკეთა, იმათ მედლებს ურიგებენ. ამიტომაც ძალიან არაადეკვატურია ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც დიალოგი მიდის და კანონში ცვლილებები მოხდება. თუმცა ყველაზე სასაცილო ის არის, რომ კობახიძემ ესეც არ დაუფასა და თქვა, დისკუსიას გავმართავთო. ზოგადად, რომელ დიალოგზე ლაპარაკი, როდესაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება და არავინ დასჯილა! ასეთი რამე არ ხდება იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
საზოგადოება არ შეეგუება ხელისუფლების თვითნებობას"
“ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ყველა ვხედავთ ამას, მაგრამ, ჩემი აზრით, იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან ახლა ვუსმინე ყაველაშვილს და კაცს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რა არის სახელმწიფო, მით უმეტეს, დემოკრატიული. მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ევროპა ეს არის კანონმორჩილება, მაგრამ კანონმორჩილება ის ჰგონია, რომ, რადგან უმრავლესობაში არიან, რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ - აგენტებად გამოგაცხადებენ, აგიკრძალავენ ქუჩაში ისე გამოსვლას, როგორც მათ არ მოსწონთ, გამოხვალ და თავს გაგიტეხს პოლიცია, გაიტაცებენ ადამიანებს და აწამებენ. მისთვის კანონმორჩილება ეს არის, მე უმრავლესობაში ვარ, აი, ახლა პრეზიდენტი გავხდი და რასაც ვიტყვი, იმას როგორ არ ემორჩილებითო. ეს მიაჩნია მას ევროპულ სახელმწიფოდ და ვერ ხვდება, რომ ევროპა აქამდე თავისი ისტორიის განმავლობაში არა კანონმორჩილებამ, არამედ სამართლიანობისთვის ბრძოლამ მოიყვანა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“რადგან ჩვენი ხელისუფლება ასე უყურებს მოვლენებს და ჩვენგან ითხოვს იმ ყველაფრის მორჩილებას, ველოდები, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება უფრო მძაფრ სახეს მიიღებს. მეორე - იქნება სანქციები და ჩვენი იზოლაცია ევროპული და დემოკრატიული სამყაროსგან. არავის უხარია, რომ თავის ხელისუფლებას ამერიკა სანქციებს უწესებს, მაგრამ ამის წაყრუება ქვეყანას მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. პირველ სანქციებს შესაძლოა უფრო მწვავე ნაბიჯები მოჰყვეს. რაც შეეხება ევროპულ სანქციებს, ის შეზღუდავს ჩვენი თანამდებობის პირების შეხვედრებს, შეიძლება გამონაკლისი იყოს უნგრეთი და სლოვაკეთი, და ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩვენზე, როგორც სახელმწიფოზე. ეს იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ძალიან ბევრი რამ კეთდებოდა ევროპული დაფინანსებით ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეებზე და ვფიქრობ, ეს ყველაფერი გაჩერდება, რაც პრობლემებს შექმნის. მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას მოუწევს რეპრესიების დაწყება, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება არ აპირებს შეეგუოს მის თვითნებობას”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.
“სალომე ზურაბიშვილი “მესამე ძალა” კი არა, მეორე პოლიტიკური ცენტრი გახდა”
“ოპტიმისტი ვერ ვიქნები და ვერ ვიტყვი, რომ მშვიდი წელი გვექნება. პირიქით, იქნება ძალიან მძიმე და რთული წელი, თუმცა, თუ არ ვიჩქარებთ და შევძლებთ, რომ მივყვეთ პოლიტიკურ პროცესებს და რადიკალიზმიდან გამოვიდეთ, მგონი მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და შემდეგ პროცესი უკვე პოლიტიკურ პარტიებზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე უკეთესი პერსპექტივა იმისთვის, რომ დაძაბული ვითარება რამენაირად განიმუხტოს, არ არსებობს. მგონი, ეს არის ყველაზე უკეთესი გზა - არ ვიჩქაროთ, პროტესტს მივყვეთ, მაქსიმალურად შევამციროთ რადიკალიზმი და ამ ტემპით მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს. ამასობაში, სალომე ზურაბიშვილი “მესამე ძალა” კი არა, მეორე პოლიტიკური ცენტრი გახდა. სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან მთავარი მომლაპარაკებელი ის იქნება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე” - “თუ მოვახერხეთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ამის შემდეგ რა შეიძლება რომ მოხდეს ისეთი, რაც წლის მოვლენად ჩაითვლება?” - პასუხობს:
“მნიშვნელოვანი ის იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება მართლაც თავისუფალ ან თუნდაც თავისუფლებასთან მიახლოებულ გარემოში, ქვეყანაში დავასრულებთ ერთპარტიულ მმართველობას. ეს იქნება მიღწევა და ვიქცევით მრავალპარტიულ ქვეყნად. რომ გითხრათ, დღევანდელი ვითარება იძლევა საშუალებას, მრავალპარტიულმა პარლამენტმა ქვეყანა მომენტალურად ამოიყვანოს ჭაობიდან, ამის იმედი არა მაქვს, მაგრამ მაქვს იმის, რომ შევძლებთ დავამკვიდროთ რეალური მრავალპარტიულობა და არა ფიქციური, როგორც დღეს არის ან თუნდაც გასულ წლებში იყო. როგორც კი დაინიშნება არჩევნები და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც არც ერთ პარტიას არ ექნება 50%-იანი მხარდაჭერა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა, მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირთან აღვადგენთ სრულმასშტაბიან ურთიერთობას”.
"ევროპაში უნდა გაიგონ - პროტესტი არ ნიშნავს იმას, რომ აქ ხალხს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა"
“იმ საკითხებიდან, რა მოხდება მომავალ წელს, პირველი ის არის, რომ ხელისუფლება არ ჩამოიშლება. ოპოზიცია ბევრ შეცდომას უშვებს და ხელისუფლების პოზიცია მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის უფრო მისაღებია. საგარეო სივრცეში ტრამპის ინაუგურაციის მერე კარდინალური პროცესები დაიწყება. საინტერესო რამ მოხდა - ასე ვთქვათ, ტრამპმა გადაიპატიჟა ჩინეთის ხელმძღვანელი ინაუგურაციაზე. ეს ძალიან საინტერესო ჟესტია, რადგან შეიძლება ამოიზარდოს სამშვიდობო პოლიტიკა, თუკი პოლიტიკაში მშვიდობა შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში, რადიკალური დაპირისპირების გარეშე თუ მოხერხდება ერთმანეთთან შეჯიბრება, ეს ყველას აწყობს. ჩვენთვის ეს ხელსაყრელი იქნება, რადგან გაიზრდება საქართველოს ინტერკონტინენტური ფუნქცია. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია ჩვენ პირველად ბაქო-ჯეიჰანის პროექტით გაგვიჩნდა და ამ პროექტის გაჩენისთანავე გაგვიჩნდა უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი დასავლეთში”, - ამბობს კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ქართულ პოლიტიკაში აშკარა ტენდენციაა, რომ ოპოზიცია იმ პარტიაში ჩნდება, რომელიც მართავს ქვეყანას. ასე იყო “მრგვალი მაგიდის” დროს, ასე მოხდა “მოქალაქეთა კავშირში”. დაიშალოს ახლაც “ქართული ოცნება”, ამხელა მახინა რა საჭიროა? თუ 2025 წელს დიალოგი არ დაიწყო, ძალიან მძიმე გაზაფხული გველოდება. ამისთვის თუნდაც ევროსაბჭოს პლატფორმის გამოყენება კარგი იქნება. კომპრომისი ორივე მხრიდან საჭიროა - პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან. მან უნდა გადადგას ნაბიჯები და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ევროინტეგრაციის მომხრედ რჩება, გამოუშვას დაკავებულები და ბოლოს და ბოლოს, გააუქმოს ის კანონები, რომლებიც ვნებათაღელვას იწვევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ძალიან ცუდი სცენარი ელოდება, რომლის წარმოდგენაც კი არ მინდა. რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებს _ ზოგჯერ მგონია, რომ მათ მთლად ნათლად არ ესმით ქვეყანაში არსებული განწყობები. მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ჩაწერა, აღიზიანებს ქართველ საზოგადოებას, მათ შორის მათ, ვინც რუსთაველზე დგას. პროტესტი იმას არ ნიშნავს, რომ აქ ხალხს სააკაშვილის დაბრუნება უნდა - ეს უნდა გაიგონ ევროპაში”, - ამტკიცებს რამაზ საყვარელიძე.
რა წერია სინამდვილეში ეუთო/ოდირის ანგარიშში და ვინ როგორ კითხულობს მას საქართველოში
“26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში მის წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში სხვადასხვანაირად იქნა აღქმული. “მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან”, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით კი, ეუთო/ოდირის მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს: “მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნის ნიშნავს. ეს იმ კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზაა, რომლამდეც ამ არჩევნებმა საქართველო მიიყვანა”. ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ კანონიერი ჩარჩო შესაბამის საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროის ხშირი შესწორებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა, რამაც პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაზე შეშფოთება გაზარდა და იმეორებს “ოდირის” დიდი ხნის რეკომენდაციას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვისთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა წერია სინამდვილეში ეუთო/ოდირის ანგარიშში და ვინ როგორ კითხულობს მას საქართველოში.
“მანდატის თანახმად, ეუთო/ოდირი არც სცნობს და არც ადასტურებს არჩევნებს, ნაცვლად ამისა, “ოდირი” უნივერსალურ პრინციპებზე, საერთაშორისო ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ყველა წევრი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებაზე დაყრდნობით საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას იძლევა. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება არჩევნების ხარისხზე”, - ნათქვამია განცხადებაში. ანგარიში რიგ რეკომენდაციებს იძლევა, “რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში არჩევნების ეუთოს ვალდებულებებთან და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და სტანდარტებთან დასაახლოებლად, რომლებიც დემოკრატიული არჩევნებისთვისაა საჭირო. ბევრ შემთხვევაში, დაკვირვებების 24%-ში, ხმის საიდუმლოება პოტენციურად შელახული იყო საარჩევნო უბნების შეუსაბამო შიდა განლაგებისა და ნიშნების გამო, რომლებიც ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა. დამატებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად ახდენდნენ საარჩევნო პროცესის ვიდეო-გადაღებას, რასაც შესაძლოა, დამაშინებელი ეფექტი ჰქონოდა ამომრჩევლებზე. დათვლის პროცესმა გამოავლინა პროცედურული ხარვეზები, მათ შორის გამოუყენებელი ბიულეტენების შეუსაბამო მოპყრობა, ხმების ხმამაღლა ვერგამოცხადება და ბიულეტენების ვალიდურობის დადგენაში არათანმიმდევრულობის შემთხვევები. საუბნო საარჩევნო კომისიებში შედეგების პროტოკოლების მოპყრობა არათანმიმდევრული იყო”, - ნათქვამია ანგარიშში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მაშინ როდესაც წინასწარი შედეგები სწრაფად გამოქვეყნდა ონლაინ ცესკოს მიერ, საკვანძო მონაცემები, საარჩევნო უბნების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა და არავალიდური ხმების რაოდენობა, მომხმარებლისთვის კომფორტულ ფორმატში არ გახდა ხელმისაწვდომი. პრიორიტეტული რეკომენდაციები მოიცავენ ამომრჩეველთა დაშინების, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლის, ხმების ყიდვისა და საარჩევნო ძალადობის პრევენციას; ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვის განხორციელებას საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად; საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის პროცესის გადახედვას, რათა მოხდეს ერთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის დომინაციის პრევენცია და სრულიად უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანობა; პოლიტიკური დაფინანსების ზედამხედველობისთვის მკაფიო რეგულაციების განვითარებას; მედიის სარეგულაციო ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნვესაყოფად ზომების შემოღებას; საარჩევნო დავების მოგვარებაში ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; მოქალაქე დამკვირვებლებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ზეწოლის ან დაშინების გარეშე იმუშაონ; და პროცედურული დამზღვევებით ხმის საიდუმლოების გარანტირებას. “ოდირი” მზად არის არჩევნების შემდგომი შეშფოთებების მოგვარებაში დახმარების გასაწევად და სამომავლო არჩევნების გასაუმჯობესებლად მუშაობისთვის, რაც არ უნდა მოხდეს ამ და წინა ანგარიშებში რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი გადახედვით”, - ვკითხულობთ ანგარიშში” - განაგრძობს გამოცემა.
“ამასთან, დოკუმენტის თანახმად, მთლიანობაში საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა, ის ზედმეტად რთულია და ინარჩუნებს ხარვეზებსა და შეუსაბამობებს. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტურად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს, ცესკო ატარებდა რეგულარულ სესიებს პირდაპირ ეთერში, ოპერატიულად აქვეყნებდა ყველა შესაბამის მასალას ინტერნეტში და მოაწყო ვრცელი ტრენინგი და ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიები. უფრო მეტიც, 2020 წლიდან, ჩარჩომ განიცადა 20-ზე მეტი გადახედვა, რამდენიმე მათგანი უკან გადადგმული ნაბიჯით აღინიშნებოდა, მათ შორის ისინი, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ფართო პარტიული მხარდაჭერის გარეშე მიიღეს. ასეთმა ხშირმა და ბოლო წუთებში მიღებულმა ცვლილებებმა ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო სტაბილურობას და წარმოიშვა შეშფოთება პოლიტიკური მიზნებისთვის შესაძლო ბოროტად გამოყენების შესახებ, რაც უეთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. მაშინ, როცა ადრე შესწორებები ეხებოდა “ოდირისა” და ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას და მიღებულ იქნა საჯარო კონსულტაციების შემდეგ, უახლესი, 2024 წლის შესწორებები, მათ შორის ის ცვლილებები, რომელმაც გააუქმა გენდერული კვოტა დეპუტატობის კანდიდატთა სიებზე, შეცვალა ცესკოს შემადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი მესამედის უმრავლესობის მოთხოვნის გვერდის ავლით, შემოიღეს ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის ან ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე”, - დასძენს გამოცემა.
“ოდირისა” და ვენეციის კომისიის რამდენიმე გრძელვადიანი რეკომენდაცია დარჩა გაუთვალისწინებელი, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობასთან, ადმინისტრაციის რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად ყოვლისმომცველ რეგულაციასთან, კამპანიისა და მისი დაფინანსების ზედამხედველობასთან, მედიასთან და საარჩევნო დავების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. “27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარი დასკვნების განცხადებაში, არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, არჩევნებმა „ამომრჩეველს შესთავაზა ფართო არჩევანი 18-კანდიდატიანი სიით, ის ჩატარდა ფესვგადგმული პოლარიზაციის ფონზე, გარემოში, რომელიც დაზიანებული იყო ახლახან მიღებული კანონმდებლობითა და მისი გავლენით, ძირითადი თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი გავლენით. კონკურენტებს როგორც წესი, შეეძლოთ კომპანიის თავისუფლად წარმოება, მაშინ როდესაც კამპანიის რიტორიკა და სურათი იყო განხეთქილების შემომტანი. ცნობები ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ, კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული კამპანიის დროს. ამან, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან თვალყურის დევნებასთან ერთად, გააჩინა შეშფოთება იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა ზოგიერთი ამომრჩეველი ანგარიშისწორების შიშის გარეშე ხმის მიცემას”, - წერს სტატიის ავტორი.
“საკანონმდებლო ბაზა იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაგრამ ბოლოდროინდელმა ხშირმა ცვლილებებმა უკუსვლა გამოიწვია, რამაც შეშფოთება გამოიწვია პოლიტიკური მიზნებისთვის მისი პოტენციური გამოყენების შესახებ. არჩევნებისთვის მზადება იყო კარგად ადმინისტრირებული, მათ შორის ამომრჩეველთა ფართო განათლება ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანმა დისბალანსმა და თანამდებობრივმა უპირატესობამ განაპირობა ისედაც არათანაბარი საარჩევნო გარემო. პოლარიზებულმა მედია გარემომ და კერძო საშუალებების პოლიტიკური პროპაგანდისთვის ინსტრუმენტალიზაციამ გავლენა მოახდინა ახალი ამბების მიუკერძოებელ გაშუქებაზე, რაც აფერხებდა ამომრჩევლების უნარს გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი”, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ “მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, მოეხდინა ამომრჩევლების ინფორმირება ახალ ტექნოლოგიებზე, არჩევნებზე ბევრ ამომრჩეველს შეექმნა სირთულეები და სათანადო ინსტრუქტაჟი არ მიიღო, რამაც გამოიწვია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები”. აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კამპანიის რიტორიკა და სურათი განხეთქილების შემომტანი იყო და როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს ძალადობის ცალკეული ინციდენტების, ღონისძიებების შეფერხებისა და კამპანიის მასალების დაზიანების შესახებ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“მმართველი პარტიის წარმომადგეენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმის შესახებ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს. მაღალი დონის და ადგილობრივი ოფიციალური პირების კამპანიამ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ფინანსურმა წახალისებამ, ისევე როგორც სამთავრობო ამნისტიის პროგრამამ, მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება კანონს, შექმნა თანამდებობაზე ყოფნასთან დაკავშირებული გადაჭარბებული უპირატესობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლების ჭეშმარიტი ვალდებულება, აღკვეთა სახელმწიფო რესურსებით ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენა”, - აღნიშნულია ანგარიშში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იყო არჩევნების შემდეგ და ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
“საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა! ეს არის ეთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში! პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას არ არის ნახსენები სიტყვები: სამართლიანი და თავისუფალი - ეს არის არაღიარება! ეს არის “ქართული ოცნების” კრახი! ეუთო/ოდირის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას. ის ამბობს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, აქვს თუ არა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ - ქართული საზოგადოების დასკვნა და ნდობა უკვე 23 დღეა ნათლად ჩანს რუსთაველზე, თბილისის ქუჩებში და მთელ საქართველოში იმ პროტესტით, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ! დასკვნა: ეს იყო რუსული სპეცოპერაცია! არჩევნები მიითვისეს! ხელისუფლება არალეგიტიმურია! ახალი არჩევნები! სხვა გამოსავალი არ არის! საქართველოს რუსეთში არ გავატანთ!”, - წერს მამუკა ხაზარაძე “ფეისბუქზე”. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი გამოეხმაურა ეუთო/ოდირის დასკვნას და “ტვიტერში” დაწერა: “შურისძიების შიშის გარეშე არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე აღნიშნული დემოკრატიული უფლება დაირღვა. ოდირის დასკვნები და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს”. დასკვნას “საიას” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძეც ეხმაურება და “ფეისბუქზე” წერს, რომ “დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა. მიუხევადად იმისა, როგორ ეცდებიან ამ შეფასების ინტერპრეტაციას, ანგარიშის წაკითხვა ყველას შეუძლია. თარგმანებიც დაიდება. ლეგიტიმურობის შეფასება ეუთოს მანდატში არ შედის და ამას ხალხი თავად აკეთებს”, - წერს ქურდოვანიძე”, - დასძენს სტატიის ავტორი.
ლევან იოსელიანი - “რა ვქნა, არავის მოსწონს ჩემი პოზიცია...”
“დიახ, მომიტინგეებზე ნამდვილად არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, განსაკუთრებით დაკავების შემდეგ. იზოლატორებში მყოფ პირთა უმრავლესობა ამბობდა, რომ დაკავების შემდეგ სცემეს. რა თქმა უნდა, პოლიციას აქვს ლეგიტიმური უფლება დააკავოს ნებისმიერი მოქალაქე, თუკი კანონს დაარღვევს. აქციაზე ნამდვილად იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც კანონს არღვევდნენ - პოლიციას პიროტექნიკის საშუალებით ცეცხლს უხსნიდნენ, პარლამენტში ცეცხლი გააჩინეს და მათი დაკავება ნამდვილად ლეგიტიმური იყო, მაგრამ ყოვლად დაუშვებელი იყო მათი ცემა და ზემოქმედების სხვა საშუალებები. უამრავი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში. იყო შემთხვევები, როდესაც ხალხი იმ ქუჩებზეც დააკავეს, სადაც აქცია არ იყო”, - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა ვქნა, არავის მოსწონს ჩემი პოზიცია...”
“ვერ ვიტყვი, რომ სისტემურ წამებასთან გვაქვს საქმე, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში წამების ფაქტებიც იყო. ჩვენი შეფასებით, ცალკეულმა შემთხვევებმა ნამდვილად შეიძლება მიაღწიოს წამების უმაღლეს სტანდარტს, თუმცა ჩვენ მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებთ, ეს ყველაფერი გამოძიების საკითხია... ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ აქციებზე დაკავებულებზე ძალადობის ფაქტებზე დღემდე მართლაც არავინ დასჯილა. ვფიქრობ, ასე გაგრძელება შეუძლებელია. დამნაშავე პოლიციელებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და ეს უნდა იყოს პრევენცია იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი გადაცდომები აღარ მოხდეს. იმაზე, რომ არაფორმალური, ნიღბიანი პირები უპირისპირდებიან აქციის მონაწილეებს და ძალადობენ მათზე, როგორც ვიცი, მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება. ურთიერთბრალდებები რომ არ იყოს, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ამ საქმეების ობიექტურად გამოძიება. სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, ისინი ოპოზიციის პროვოკატორები არიან, მმართველი პარტიის დავალებებით მოქმედებენ თუ უბრალოდ კრიმინალები არიან. სხვა შემთხვევაში მარჩიელობა გამომივა. ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გამოძიება, იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან იოსელიანი.
“წაქცეულ ახალგაზრდას სახეში წიხლი რომ ჩაარტყეს. ის ბიჭი ჩემი შვილის ტოლია. მე ის კლინიკაშიც მოვინახულე. ძალიან მძიმე იყო მისი მდგომარეობა. მადლობა ღმერთს, დღეს უკეთ არის, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ასევე მძიმე იყო ჟურნალისტების, მაგალითად, როგავას ცემის ფაქტი. ვნახე მოქალაქეები, რომლებსაც სახის ძვლები ჰქონდათ ჩამტვრეული... მართლაც ძალიან მძიმეა თითოეული მათგანის საქმე.... როდესაც ტელევიზია თავის სიუჟეტს ამ ფრაზით დაიწყებს “ოცნების” სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს პატიმრების დასახმარებლადო, ბუნებრივია, მონაწილეებს პროტესტი უჩნდებათ. უბრალოდ, ეს ყველაფერი ტყუილი იყო. თუ ვინმემ რამე გააკეთა საპროტესტო აქციის დაზარალებული მონაწილეებისთვის, ეს იყო სახალხო დამცველის აპარატი. ყველა ინფორმაცია, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, ჩვენ მოვიპოვეთ და მივაწოდეთ. პირველები ჩვენ ვნახულობდით დაზარალებულებს. პირველი რგოლი, ვისაც დაზარალებულები დახმარებას სთხოვდნენ, ჩვენ ვიყავით, პირველად ჩვენ ვუკავშირდებოდით მათ ოჯახებს. ყველა ის ხალხი ჩვენი მადლიერია, მაგრამ ვისაც ჩემი პერსონალური რეპუტაციის შელახვა სურს, მათ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ მედია ხშირად შეეცდება ჩემს დისკრედიტაციას, მე ვერაფერს დავუპირისპირებ. რა ვქნა, არა მაქვს ჩემი მედია, რომ სიმართლის მტკიცება დავიწყო. არ მოსწონთ ჩემი ობიექტურობა. მე ვსაუბრობ ყველაფერზე, ინფორმაციის დამახინჯების საშუალებას არ ვაძლევ არც ოპოზიციას, არც კრიტიკულ მედიას და არც სამთავრობო მედიას. ეს, როგორც წესი, არავის არ მოსწონს, ყველას სურს მათ ნარატივში ჩავჯდე, ვილაპარაკო ის, რაც მათ აწყობთ, ხოლო რაც არ აწყობთ, თვალი დავხუჭო. მე ამას არ ვაკეთებ, მშვიდობიანი მომიტინგეების ცემის ფაქტებზეც ვლაპარაკობ და იმ აგრესიულ ჯგუფებზეც, რომლებიც იქით ძალადობდნენ პოლიციელებზე. ნამდვილად არიან დაზარალებული პოლიციელები. რაოდენობა ჩემთვის უცნობია, კლინიკებში მე ისინი არ მომინახულებია - მე ჩემი მანდატი მავალდებულებს დავიცვა ის პირები, ვისაც სისტემა ჩაგრავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიციელებზე თავდასხმას გავამართლებ... მყავს მადლიერი ხალხიც - დაზარალებულები, რომლებსაც დავეხმარე... ალბათ, შენიშნეთ, რომ საქართველოში ჩამოსული ყველა მაღალი დონის სტუმარი მოდის სახალხო დამცველთან, ყველა დასავლური ქვეყნის ელჩი მოვიდა ობიექტური ინფორმაციის მისაღებად. მათ ლევან იოსელიანის ლამაზი თვალები კი არ მოსწონთ, იციან, რომ აქ მიიღებენ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც არ არის კონკრეტულ პოლიტიკურ ნარატივსა და ინტერესს მორგებული”, - ამბობს სახალხო დამცველი.
“სახალხო დამცველის ოფისი სახელმწიფო ინსტიტუციაა. როდესაც მე ვგზავნი წერილს და ვკითხულობ ინფორმაციას ამა თუ იმ დაკავებულის შესახებ, ეს ნიშნავს, ვაღიარებ იმ ინსტიტუციას, რომელსაც ველაპარაკები. სხვაგვარად შეუძლებელია, მაშინ უნდა დაიხუროს სახალხო დამცველის აპარატი. პარლამენტის შეკრება იყო სრულიად ლეგიტიმური, ისევე როგორც ჩემი იქ ყოფნა და ეს დაადასტურა საკონსტიტუციო სასამართლომ. რაც შეეხება არჩევნებს, მონიტორინგი მე არ ჩამიტარებია, შესაბამისად, მე არ შემიძლია ვისაუბრო არჩევნების ლეგიტიმაციაზე. ამაზე უნდა ისაუბრონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მათ შორის მე ყველაზე ობიექტურ ორგანიზაციას ვეყრდნობი - ეს არის ეუთო/ოდირის დასკვნა. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, სისტემური იყო თუ არა დარღვევები. ამიტომ არ ვიცი, რაზე მედავებიან. უფრო სწორად, ვიცი, მედავებიან იმაზე, რომ არ მჯერა სისულელეების - მაგალითად, ასიათასობით მოქალაქეს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა. სამი თვეა ვითხოვ, ერთი კაცი მაინც მომიყვანეთ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოართვეს-მეთქი, მაგრამ დღემდე ვერ მომიყვანეს. თუ მტკიცებულებას მომიტან, ვერავინ გამაჩერებს”, - ამტკიცებს ლევან იოსელიანი და შეკითხვაზე - “დაჩქარებული წესით მიღებული კანონები: მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სანქციების გაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს?” - პასუხობს;
“კანონში შეტანილი ცვლილებები არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის უფლებებს. ამ ცვლილებებს დადებითად არ ვაფასებთ”
“ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება...” - ორივე მხარე იფიცება, რომ “შარლ მიშელი 2” გამორიცხულია
“ოპოზიცია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს 18-20 დეკემბრის ვიზიტის შეფასებისას ამბობს, რომ “შარლ მიშელი 2” არ იქნება. ოთხმა ოპოზიციურმა პლატფორმამ საერთო განცხადებაშიც დააფიქსირა საკუთარი პოზიციები ბერსეს პრესკონფერენციაზე. მათი თქმით, “ეს არ ემსახურებდა კრიზისის განმუხტვას”. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მიშელის მსგავსი შეთანხმების პერსპექტივა ბევრი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს. ახლა ასეთი შეთანხმება ფიზიკურად ვერ მოხდება, რადგან ჯერ ერთი ეს ევროსაბჭოს წარმომადგენელია და არა ევროპული საბჭოსი - ეს ორი სხვადასხვა ორგანოა აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქციებით. ევროსაბჭო უფრო მეტად ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობს და ევროკავშირს არ წარმოადგენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება...” - ორივე მხარე იფიცება, რომ “შარლ მიშელი 2” გამორიცხულია.
“პრინციპში თვითონ ამ ბატონმა აიღო თავის თავზე რაღაც პოლიტიკური ფუნქციები, თორემ საერთოდ ევროსაბჭოს ფუნქცია არაა პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმოება. რაც შეეხება შარლ მიშელის მსგავსს დოკუმენტს, შეთანხმება რომც შედგეს, ამას რაღაც საფუძველი და ორმხრივი ნება სჭირდება. ხელისუფლების მხრიდან ასეთი ნება იქნებოდა დაპატიმრებულების გამოშვება და მზაობა იმისთვის, რომ არჩევნების გზით კრიზისი განიმუხტოს. სხვა მოსალაპარაკებელი რა უნდა იყოს, მე არ ვიცი. გარდა არჩევნებისა და გამოშვებისა, სალაპარაკო არც არაფერი არაა. “დიფ სთეითზე” ხომ არ დაუწყებ ხელისუფლებას მოლაპარაკებას? ამიტომ, ის რაც იყო, არ განმეორდება, ობიექტური მოცემულობა ასეთია”, - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეც “რეზონანსთან” აცხადებს, რომ არავითარი “შარლ მიშელი ორი, სამი და შვიდი” არ მოხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“არავითარი შარლ მიშელი ორი, სამი და შვიდი არაა საჭირო, ეს არჩევნები მოიგო იმ ძალამ, რომელსაც ჰქვია “ქართული ოცნება”. მეორე ადგილზე გასულ გვარამიას პარტიას გაასწრო 800 ათასი ხმით, ამიტომ რომელ და რა შეთანხმებაზეა ლაპარაკი? ცალსახაა, რომ მმართველი ძალა “ქართული ოცნებაა”. ეს არის გვარამიას და ოპოზიციის კოჯრის ტყის სიზმრები - მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. ისინი ასეთ სიტუაციაში არიან მოქცეულები - წინ წყალი, უკან მეწყერი აქვთ და რაღაცაზე ხომ უნდა ილაპარაკონ, ჰოდა ლაპარაკობენ ამაზე. როგორც 2020 წელს, ახლაც ცოტა ხანი ვაცადოთ და გაზაფხულზე ისინი პარლამენტში ერთმანეთს შეასწრებენ”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ყველას მინდა შევახსენო - “შარლ მიშელი 2” არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები - ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს”,- წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ფეისბუქზე. მისივე თქმით, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ტყვეებით ვაჭრობა არ შეიძლება. “ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ, კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება”, - წერს გვარამია. ამასთან, გვარამია იმ ძირითად საკითხებს ასახელებს, რაც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკომენტაროდ დებს ალან ბერსეს ბრიფინგს “განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე მისი კოალიცია”. “ოპოზიციას ყველაფერი კონსტრუქციული, პოზიტიური და დიალოგის რეჟიმში გადასული აღიზიანებს - მისი დღის წესრიგი, რეალურად სავსეა დესტრუქციით, ძალადობით”, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, რითაც დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენმდივან ალენ ბერსეს განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიციას მსჯელობის დონეზეც კი არ სურთ იმის დაშვება, რომ შესაძლებელია, ევროპული მხარის ინიციატივით კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ საკუთარი ქმედებები”, - დასძენს გამოცემა.
რას უპირებენ რუსები აფხაზებს?!
შარშან, დეკემბრის მიწურულიდან დაიწყო კრემლმა აფხაზების სრული დამორჩილებისთვის აგრესიული შეტევა და მისი გაზრდილი მოთხოვნების პირველი მსხვერპლი ბიჭვინთის აგარაკების მოსკოვისთვის გადაფორმება იყო, რის შემდეგაც არ გაჩერებულან, ერთი მხრივ, რუსები ახალ-ახალი მოთხოვნებითა და მუქარანარევი მესიჯებით, მეორე მხრივ, აფხაზები შეურიგებელი პროტესტის სერიით, რომლის მთავარი მესიჯი იყო: “ჩვენ ვიბრძვით სუვერენიტეტის დაცვის სახელით” და “თავის გადასარჩენად”. “ეს არა ანტირუსული გამოსვლები, არამედ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ამბოხია, რომლებსაც აფხაზების, როგორც ეთნოსის, გაქრობა სურთ”. დაპირისპირება წლის განმავლობაში მწვავდებოდა და კულმინაციას ნოემბერში მიაღწია. რუსი ოლიგარქიული ინტერესების გატარებისთვის აფხაზებმა “პრეზიდენტი” გადააყენეს და მოსკოვიდან სამაგალითო შურისძიებაც მიიღეს - დღეს აფხაზეთი ჩაბნელებულია, ხელფასები გაყინული, ტურისტული სეზონი გაუქმებული”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რას უპირებენ რუსები აფხაზებს?! / “აფხაზები პუტინს უგზავნიან შეტყობინებას, გვიყვარხარ, მაგრამ მოგვაშორე ეს ოლიგარქებიო”.
“მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რატომ დაიწყო ფორსირებული ანექსია ახლა და არა ადრე. ამას ვუკავშირებ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, რომელსაც ნელ-ნელა მოჰყვა დასავლეთიდან რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების წყება. რუსეთის ეკონომიკა თანდათან იგუდება და რუსი ოლიგარქები ეძებენ გამოსავალს, სად დააბანდონ ფული. ერთი გამოსავალი იპოვეს - აფხაზეთის საკურორტო ზონა, ამიტომ შარშან ფორსირებულად დაიწყო პირდაპირი შეტევა. მანამდე კი ემზადებოდნენ, კანონპროექტები დაამუშავეს და იმედი ჰქონდათ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ერთბაშად მიიღებდნენ ყველაფერს, თუმცა აღმოჩნდა, რომ აფხაზი საზოგადოება ასე არ ფიქრობს. ამასობაში მოასწრეს დე ფაქტო ხელისუფლების მოსყიდვა, ვიღაცები რუსულ პროექტებში ჩასვეს, საინვესტიციო შეღავათები შესთავაზეს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
“2024 წელს რუსებმა ყველა “აგური” მოაგროვეს და დაიწყეს რუსეთის იმპერიული ინტერესების რეალიზაცია აფხაზური კანონმდებლობის საფუძველზე: ბიჭვინთა იქნებოდა, აპარტამენტების ძველი თუ ახალი ვერსია, თუ ბოლო გადაწყვეტილება რუსული ინვესტიციების განხორციელებაზე. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო და ყველა ამ რუსული დავალების წინააღმდეგ გამოვიდა აფხაზი საზოგადოება. რუსულმა ანექსიური შეტევის კასკადმა ცუნამის სახე მიიღო. აფხაზები მიხვდნენ, რომ ვითარება რთულია და საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ამას, დე ფაქტო ხელისუფლებაა. ამიტომ აჯანყდნენ და რევოლუციური გზით მორიგი “პრეზიდენტი” შეცვალეს. ოპოზიციამ, ვინც ასლან ბჟანიას ჩამოგდება მოახერხა, შეძლო აფხაზი საზოგადოება დაეჯერებინა, რომ არსებობს პუტინის კარგი და ოლიგარქების ცუდი რუსეთი. არადა, ასე არ არის - ოლიგარქიული მმართველობა აძლიერებს პუტინის რეჟიმს”, - განაგრძობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.
“აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპოზიციამ მოახერხა გამომძვრალიყო ვითარებიდან, ერთი მხრივ, დაესაბუთებინათ პუტინის რუსეთის ერთგულება და მეორე მხრივ, შეეტყობინებინათ პუტინისთვის, რომ მათთვის მიუღებელია რუსი ოლიგარქების ფული. ისინი პუტინს უგზავნიან შეტყობინებას, შენი ერთგული ვართ, გვიყვარხარ, მაგრამ მოგვაშორე ეს ოლიგარქებიო, მაგრამ პუტინს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოლიგარქიულის გარდა, აქვს გეოპოლიტიკური ინტერესებიც - შავი ზღვა, ნატო, თურქეთისა და საქართველოს ფაქტორი. აფხაზებმა იციან, რომ აფხაზეთი რუსეთის გეოპოლიტიკური და ოლიგარქიული ინტერესების სფეროა და მისი კულტურა და ხალხი რუსეთს არ ადარდებს. მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი ასეთი ხელის გადაგრეხით არ იმუშავებდა, თუმცა დღეს დადგა ამის დრო და ამას ხედავენ. ჯერ მაინც ცდილობენ, რომ განცხადებების დონეზე ანტიპუტინისტური პოლიტიკა არ ჰქონდეთ და ჯოხს ოლიგარქებზე ტეხენ”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“რუსეთი, რომელიც ცივილიზებული სამყაროსგან, ფაქტობრივად, იზოლირებულია, თან უკრაინასთან ომშია ჩართული, ჩქარობს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით მაინც მიაღწიოს რაღაც “წარმატებას~ და ამიტომ დააჩქარა ანექსია “მშვიდობიანი”, სამართლებრივი და ეკონომიკური მეთოდებით. მთელი წლის განმავლობაში ვხედავდით აფხაზეთის ანექსიისაკენ მიმართულ შეთანხმებებს, რომელთაგან ზოგი ხელმოწერილია, ზოგი არა და ყველა შედის იმ 45-პუნქტიან პროგრამაში, რომელიც რუსეთ-აფხაზეთს შორის დაიდო 2020 წელს და აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში მოქცევას გულისხმობს. ამ პროგრამიდან წლების განმავლობაში 26 განხორციელდა. 2024 წელს ვადები ამოწურულია და ამიტომ აჩქარებს რუსეთი აფხაზურ მხარეს. რუსეთს სჭირდება შავი ზღვისპირეთი კურორტად და სამხედრო პლატფორმად. ამიტომაც სჭირდება ოჩამჩირის პორტის გაფართოება, სოხუმის აეროპორტის აღდგენა, რომელიც ორმაგი დანიშნულების იქნება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
“რუსები ძალიან გაღიზიანდნენ, როდესაც 15 ნოემბერს ე.წ. სამთავრობო შენობებზე შტურმის დროს აფხაზებმა რუსული დროშები ააფრიალეს. ეს იყო ერთგვარი ფანდი, რასაც კრემლი მაშინვე მიხვდა. ის, რომ აფხაზეთში ძლიერი ანტირუსული განწყობაა, მოსკოვში კარგად იციან, მაგრამ აფხაზები იძულებული არიან რუსულ დროშებს ამოეფარონ, ვითომ ებრძვიან არა რუსულ პოლიტიკას, არამედ რუს ოლიგარქებს... კრემლი აპარტამენტების გარეშეც მოახდენდა აფხაზეთის ანექსიას, სამხედრო ძალას გამოიყენებდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ კრემლი სხვა გზით მიდის - სამართლებრივი და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, სამხედრო ძალა კი ყოველი შემთხვევისთვის იქვე ჰყავს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რუსეთისთვის მთავარია ეკონომიკის ძირითადი დარგები, განსაკუთრებით პერსპექტიული ტურისტული ბიზნესი, ენერგეტიკული სექტორი და შავი ზღვისპირეთი ჩაიგდოს ხელში, მიაღწიოს დემოგრაფიულ უპირატესობას და ამით მორჩენილია აფხაზეთის პრობლემა. რუსეთმა ენერგეტიკული კრიზისი, ხელფასების გაუცემლობა და ა.შ. იმისთვის გამოიყენა, რომ აფხაზებს აჩვენოს, რა დღეში ჩააგდო ოპოზიციამ ისინი და მომავალ არჩევნებზე ხმა ისევ კრემლის სასურველ ფიგურას მისცენ. აფხაზები ჯერ უძლებენ. დე ფაქტო არჩევნებამდე რუსეთი არ აპირებს აფხაზების დახმარებას, მისი განახლების წინა პირობა საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებაა. მორალურად რუსეთი დამარცხებულია. თუმცა მისთვის მთავარია, რომ აფხაზეთს აკონტროლებს. როცა უნდა, აშიმშილებს, მოუნდება - დაანაყრებს. ამ ფონზე, რასაც აფხაზები რუსეთის ნების წინააღმდეგ აკეთებენ, გმირობის ტოლფასია. რუსეთმა იცის, რომ აფხაზები ვერსად გაექცევიან, ამიტომ სანამ “გონს არ მოეგებიან”, სანქციები გაგრძელდება. მომავალ წელს დაპირისპირების ახალ სერიებს ვიხილავთ”, - დასძენს ჯემალ გამახარია.