კარგია! ეს არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ - ეს არის ქართველი ხალხის ნების აღიარება, რომელიც არჩევნების შედეგად გამოიხატა! - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს.
გორდულაძის თქმით, „თუ არის რაიმე საკითხი, რაც საკანონმდებლო კუთხით რაიმე რეგულირებას საჭიროებს, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, კანონმდებლობაში ასახული იქნება“.
„ჩვენს ქვეყანაში სხვა არავინ არსებობს, ვინც რეკომენდაციების გათვალისწინებას შეძლებს. ჩვენ ჩვენს წილ ვალდებულებებს ვასრულებთ - მომავალშიც იქნება შესრულებული. კარგი იქნება თუ სხვა ადამიანები და სხვა ორგანიზაციებიც შეასრულებენ ჩვენს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და ამით ჩვენს ხალხს არ შეურაცხყოფენ.
არავის უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპული მისწრაფებების კურსს გადაუხვია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში.
„ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი - ის, რამაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა“, - წერს კოსი.